Litclub.ge

მადლობა ღმერთს
მადლობა ღმერთს! ჩაცხრა, ჩადგა ქარიშხალი
და ხანმოკლე წვიმის შემდეგ მთვარის ხალი...
კვლავ დააჩნდა ღამის ლოყას,
(იცით, მინდა არა ღამემ - დილამ მომკლას.)
ახლოვდება მსუბუქ ფრთებით სიიონი, 
ვარდისფერად აელეწა ღაწვნი ცისკარს,
ღამემ იცის შავი ფიქრი მილიონი,
გეფიცები, ამიტომაც აღარ მიყვარს...
არა! განა ღამეც იყოს, მაგრამ მშვიდი,
იისფერი ვარსკვლავებით მინაბული,
როგორც მწყერი ფანრის შუქებს განარიდი,
სიცოცხლეო, აფრინდი და...გამიფრინდი.
ვინ გაზომა, ვინ გადასწვდა მიღმა სივრცეს?!
ერთი კია - არ მშვიდდები, მიხმობ ისევ...
ვაითუ, სადმე ავი ტყვია მოგეწია,
შეგეღება ძოწისფერად გულისპირი,
თავდახრილი იცახცახებს ჰორტენზია,
შენი ასე გამეტებით ანატირი.
ბოლოს, როცა გაშორდება სხეულს სული,
უნაბისფერ სიმწიფეში ატირდები
და მიხვდები,ტკივილთაგან თავდახსნილი,
რა ახლოა ლეთას მწვანე ნაპირები.
სულო, დაცხრი! თუმც კვლავ მოდის ქარიშხალი,
ხომ თენდება...ოქროსფერი მთვარის ხალიც
ფერმკრთალდება,ემატება ფერი დილას...
ჰორიზონტი აბრიალდა ოქროს ალით,
მადლობა ღმერთს, მზის ბორჯღალი
ისევ ბრწყინავს...ბრწყინავს...ბრწყინავს!!!