გარახის მთებიდან ოცინდალეს გავყურებ,
ციალებს თოვლი სინათლედ დაღვრილი,
შენს გზებზე, ბილიკებზე ასკინკილა მირბენია,
უკან გიბრუნდები დაღლილი...
ეჰეი,ლუგელას ბინდიანო ტყისპირებო,
ლებარდეს ტყეებიდან ჩამოსულან ნისლები...
სიზმრებო, ისეთი კარგი და ფერადნი ხართ,
თითქოს კვლავ ბავშვობას მპირდებით.
ჩემს სულში ნელა და ლამაზად ლაგდებიან
ტკივილი, ხალისი, ნატვრა და ფიქრები...
მე თქვენგან არსად წავალ, მე ქარად დავბრუნდები,
ან თქვენი ყოჩივარდა ვიქნები.
სიზმრებო, სიზმრებო...შემეშვით, დამეხსენით,
იქნება ცოტა მაინც დავისვენო,
გიბრუნდებით ბავშვობის მხიარულო ნაპირებო,
ვაითუ, ვეღარ გამიხსენოთ!