წყალი ჩაგვიდგა,
სხვებს ალბათ ხეში,
შენ კი - თვალებში.
გკოცნი ხელებზე,
გეუბნები,
რომ მომენატრა შენი თითებით მოზელილი პურის სურნელი.
შენ მსაყვედურობ, რომ გავზარმაცდი
და ორ ნაბიჯზე მეზარება ჩასვლა საყიდლად.
გიყვები ამბავს ერთი გრძელი მოგზაურობის,
გეუბნები, როგორ აცივდა,
როგორ დავკარგეთ ერთმანეთი,
რომ ჩემი ახლა არავის ესმის
(თქვი, რომ შენს გარდა).
რომ როცა ვდუმვარ,
ამბობენ, რომ რაღაცას ვითხოვ,
ვამბობ, არ ვიცი,
ისინი წერენ, რომ მე ვამტკიცებ. . .
გიყვები ზღვაზე,
შენ გახსენდება ომი, რომელიც. . .
თავს გადებ თავზე,
ჩურჩულით ვამბობ, რომ დავიღალე,
რომ მიწასავით დავიღალე,
შენ სხვებს უყვები, რომ მე გავლოთდი. . .
რა ადრე დადგა წელს თებერვალი,
ერთგულო ცოლო,
ხეში არა და
საძირკველში ჩაგვიდგა წყალი.