ვინ არის იგი:
ახოვანი,
კუშტი,
ზვიადი,
მკერდ-განიერი,
მკლავ-ძლიერი,
შუბლ-დაღარული, -
ვინ არის იგი,
ზღაპრული და
ლეგენდარული?
ვინ არის იგი?
ვინ ააზავთა
გული მისი
ქარიშხლიანი,
რისთვის მოგრგვინავს
როგორც ვეფხვი
რისხვის ხმიანი; -
ვინ არის იგი,
ლომ-გული და
შიშველ-ხმლიანი?
ვინ არის იგი?
რისთვის დაანთო
ეს ხანძრები,
ეს კოცონები,
რად ააბორგა
ბრგე ბრბოები,
ურჩი მონები?
ვინ არის იგი?
ვინ ააფეთქა
სული მისი
ტიტანიური,
ან ვინ ჩაჰყარა
მის კლდე-მკერდში
ცეცხლი ციური?
ვინ არის იგი?
ბოროტი სული,
თუ კეთილი,
გიჟი, თუ ბრძენი -
დაძონძილი,
ჩამოფლეთილი?
ვინ არის იგი?
ზღვის წარღვნაა
თუ ქარტეხილი;
თუ ცის მეხია,
ჭექა-ელვით
ძირს დატეხილი?
ვინ არის იგი?
რისთვის მოუძღვის
ფეხებ დამსქდარ
მღელვარე მასებს,
ან რას უყივის ბელადივით
დაჩაგრულ რასებს?
ვინ არის იგი?
ვისზეა ასე შერისხული.
დამუქრებული,
რისთვის მოგრგვინავს
ეს მთა-კაცი
მთით დაშვებული?
ვინ არის იგი?
ამ ძე-ხორციელს
ვინ შთაჰბერა
გრიგალის სული,
სიკეთისთვის თუ
სიავისთვის
არის მოსული?
ვინ არის იგი?
რისთვის აღძრულა
სიძულვილით,
ბრაზით და რისხვით?
რა, რა სწადიან:
ზეცის დამხობა,
თუ წალეკვა დედამიწისა?
ვინ არის იგი?
ყორნებისაგან დაფლეთილ მკერდზე
სისხლი წვეთ-წვეთად შეჰხმობია,
შეჰხორცებია!
ის დიდხანს იყო მიჯაჭვული
მიუვალ კლდეზე,
ღმერთებისაგან დასჯილი და,
მივიწყებული!
მხოლოდ ყორნები ეწვეოდნენ
დასაკორტნავად!
დაბლა კი, დაბლა,
დარიალის ღრმა ხეობაში,
თერგი მრისხანე,
უზარმაზარ მომსქდარ ლოდებით,
მოღვართქაფებდა
გულ-ხეთქებით,
ზათქით,
გოდებით!
ამბობენ:
თერგი ცრემლიაო
იმ გოლიათის.
საუკუნენი დალეწილან
იმისი კვნესით;
მთანი და კლდენი დახეთქილან
მისი ცრემლებით.
მაგრამ აღსრულდა!
ბოლო მოუღო გოლიათის
ასკეც ვაებას!
უკანასკნელად მოიკრიბა
მთელი ძალ-ღონე,
ასწყვიტა ჯაჭვი
და აეშვა კლდიდან კლდე-კაცი!
მორჩა!
გათავდა!
განთავისუფლდა გოლიათი!
მილეწ-მოლეწა დაჟანგული
მან ბორკილები
და წყევლა-კრულვით
ესროლა ზეცას!
ღმერთებს მუქარა შეუთვალა
და ხმალს მიჰვარდა!
ძრწოდეთ კერპებო
მიწიერნო,
ძალნო ციერნო,
ყოვლად ძლიერნო
მოციქულნო კაცთა მონობის
თქვენ არ იცოდით:
არც დანდობა,
არც შებრალება!
ნურც მისგან ელით:
პატიებას და შეწყალებას!
ის სასტიკია!
და სასტიკი იქნება მსჯავრიც!
ვინ არის იგი?
ხვითქიან ტაიჭს მოჰფრენია
რაინდი იგი
და რიხიანად
მოიმღერის
ბრძოლის სიმღერას!
მის სიმღერაში
ისმის ხოტბა
თავისუფლების
და მტერთა მისთა
გასრესა და გაცამტვერება!
ვინ არის იგი?
მიპასუხეთ:
ვინ არის იგი,
ვინც ძირს დაამხო
კაცთ-მონობა
და ტირანია?
- ამირანია!
გმირთა-გმირი ამირანია!.