გაცვდნენ საუკუნენი მხსნელის მოლოდინში,
საუკუნოდ იძინებს უძველესი ჯიში.
საშომ შეგინებულმა ღმერთი როგორ შობოს,
ღმერთო, რა ეშველება სამშობლოთი ობოლს.
როგორც დიაცს, დაცემულს, ათრევენ და ყვლეფენ
მხედარიც და ვაჭარიც, ბოგანოც და მეფეც!
ვეღარც ლექსით გაფხიზლებ, ვეღარც ხანჯლით გიშველი,
(ყველა ბავშვი ბრძენია, ყველა მეფე - შიშველი!)
ერთი კაციც არა ჩანს, მრწმენი და უზადო,
ნათელს ჭეშმარიტების გზა რომ განუმზადოს.
ისევ ამპარტავნების მივდგომივართ ფლატეს,
ამ ჩვენს მარადიულად ერთგულ მოღალატეს.
ისევ მშობლის საფლავზე წარმართული როკვა,
რამაც ჩემი სამშობლო არაერთხელ მოკლა.
ვეღარც ლექსით გაფხიზლებ, ვეღარც ხანჯლით გიშველი,
(ყველა ბავშვი ბრძენია, ყველა მეფე - შიშველი!)
ისევ რომ გადაიხსნას სანუგეშოდ ზეცა,
ბრმანი, ბრმათა მოძღვარნი, ვით შევიცნობთ ღმერთკაცს.
ისევ რომ შეიკრიბოს საიდუმლო დასი,
ისევ გაიჩხრიალებს ვერცხლი იუდასი.
ისევ მივგვრით ქალწულებს სისხლით გამტყვრალ ლოთებს
ისევ იწიწამურებს, ისევ იგოლგოთებს.
ვეღარც ლექსით გაფხიზლებ, ვეღარც ხანჯლით გიშველი,
(ყველა ბავშვი ბრძენია, ყველა მეფე - შიშველი!)
გუნდი სირაქლემების ხმაშეწყობით გალობს:
„ფენიქსივით აღვდგებით! - (აღდგომა და ხვალო!)
ვინ შეისმენს ქვრივ-ობლის მოთქმასა და წუწუნს.
ჩაფრენიან კბილებით მომაკვდავის ძუძუს.
დახვევიან დედის მკერდს მაღრჩობელა გველად...
ყველა დამნაშავეა, ყველა, ყველა, ყველა!
ვეღარც ლექსით გაფხიზლებ, ვეღარც ხანჯლით გიშველი,
(ყველა ბავშვი ბრძენია, ყველა მეფე - შიშველი!)