Litclub.ge

* * * "ხან ტყვიას გვჩუქნის..."
ხან ტყვიას გვჩუქნის - დანტესივით,
ხან ბეატრიჩეს - დანტესავით...
ყველა მიწაში დათესილა,
ვინც ძმა იყო და ნათესავი.

ბედი, ბრმა ბერი მებადური,
ჩორკნის ქარონის ბაიდარებს,
გნებავს, იცხოვრე უცხოსავით,
არა?! - მიდი და გაიარე!

ო, რა იმედით შევჩეროდით,
გზავნილმაც გზანი განამზადა...
არსებობს ორი არჩევანი -
მათხოვარი ან არამზადა!

გაჩნდი, ნიშნავს რომ, დაისაჯე!
ისევ გვისხამენ ცოფს ლულიდან,
იუდას ხელით ასიასჯერ
გაცემული და მოკლული ვარ.

და თუკი ჯვარცმას მიყოვნებენ
მამამგლები და ძმაძაღლები,
ანაღვლებთ, არა ჩემი ვნება,
არამედ, შიში ამაღლების.

მე ჩემს ფიალას არ ავიცდენ,
თავი მივანდე მამაციერს,
იქ, ზეყანაში გასწორდება,
რაც ქვეყანაზე დამაწიეს.

თუ ეს იმედიც ამაოა,
მაშინ სიკვდილიც ამო არი...
მაინცა არაფერი არ გამოვა,
ირგვლივ საუკუნო საღამოა,
ბჟუტავს სანთელი ჩამომდნარი.