ერთობა უღმერთობა რითმასთან თამაშით,
ჯვარცმულთან ერთობაც მისთვის თამაშია.
გახედავ, - უბრწყინავს იაფი ალმასი,
დედას ბიჭია და ვითომც მამასია.
მამა მალვაშია, და ციდან მალიმალ
ღრუბლის მელან-ქოლიებით ბარათებს
წერსა და აგზავნის, კალამთან - „კალიმა”
ვინც უკვე გარითმა, მაღლის ფრთა ჰფარავდეს.
ქვემოთ კი ვინ ახსნას ციერთა ლურსმული
თვალში და სულში რომ წყალ-ობად ესობა.
ასე ბრმად, ასე ყრუდ სანამდე ვუსმინოთ
ხმასველი მაშველის უზენაესობას.
სანამდე „და სხვა” და უჩინო სქოლიო,
მიწაზე ცა გვინდა, ციდან კი ვინ იცის;
მამა სტუმრობაზე კვლავ დავიყოლიოთ
და აღდგეს შერცხვენილ შვილების იმიჯიც.
მაგრამ თუ, ვაი თუ, ისე ვით პირველად
აღმოვჩნდეთ სხვადასხვა - ჩვენა და იგინი.
ჯვარი და ლურსმანი აკადროს მწირველმა,
ძმრიანი ღრუბელი და ეკლის გვირგვინი.
ე მაშინ იკითხე, მკითხველო, ე მაშინ
ცეცხლით და მახვილით ცა ფეხად ჩამოვა.
ვინ შემომიტყუა გეთსიმანიაში,
სად კოცნით ჰკლავენ და მუდამ საღამოა.
ღამდება, ღამდება, ღამდება ჯიუტად,
იძინებს ლექსი და იღვიძებს რეფრენი -
„უფალო, აცხოვნე ჯერ ჩემი იუდა,
მერე მეც, ისე ვით ვცხოვრობ და შემფერის”.