Litclub.ge

STIA VIATOR
Stia viator...
Stia viator...
შესდექ გამვლელო, ამ აკლდამასთან...
აქ იწვა, სიკვდილს ვინც შეატოვეს,
ვინც გაიმარჯვა, მაგრამ... დამარცხდა.

აქ იწვა იგი, ვისაც ყველასგან
გამორჩეული ჰქონდა ნიშანი.
ვისაც საფლავში ჩავყევი, მაგრამ
ისე გამიქრა, ვერ შევიცანი.

მე ვარ ნაწილი, რაც დამრჩა მისგან,
მისი სხეულის, და მისი სულის.
არ ავყოლივარ ცდუნება ცისკენ,
რომ განმეცადა მიწა სისრულით.

მე განვვლე ყველა საშინელება,
მარტოკაცობის მწარე მშვენების.
კიდევ კარგი რომ, ძვლებამდე შიშველს,
მიწა მფარავს და ვერ გეჩვენები.

მე აღმინთია ქალი ოცნებით,
ვერ დავუფასე ბევრ მათგანს გარჯა.
რა იყო ჩემში, რაც მანდ მომეცა,
რაც ასე უცებ შემომეხარჯა.

საფლავი კიდევ არ ნიშნავს სიკვდილს,
თუმც მოვკვდი, მაგრამ ვცოცხლობ ისევე,
მკვდარიც, ცოცხლებთან, რაღაც ვალს ვიხდი,
ჩამივლიან და სიკვდილს იჩვევენ.

ვერ შეეჩვევა სიკვდილს ცოცხალი...
ვარ, ვეგუები მკვდარი სიცოცხლეს...
ერთ საიდუმლოს კიდევ გაგიმხელ,
ოღონდაც ჩემკენ ჩამოიჩოჩე.

ნუ გეშინია, არას შეგამთხვევ,
წუთის უფალი რას კრთი და ბრძოლობ.
მკვდარმა იცოცხლო - ეგაა საქმე,
რადგანაც სიკვდილს არა აქვს ბოლო.