დამპყრობელებმა დაწვეს ყველა
სახლი, ტაძარი,
სამას წელიწადს ჩემს მამულში
ენთო ხანძარი.
და ვერ წაშალა ხალხში დროთა
შემობრუნებამ,
მეჩონგურეზე დარჩენილი
ერთი თქმულება.
ჩონგური ჩუმად, მოსალხენად
ყველგან დაჰქონდა,
ჩონგური ჰქონდა ტანწერწერტა,
ჩონგური ჰქონდა.
ფიქრებს იდუმალს მოღუღუნე
სიმებს ანდობდა,
ქვეყნის გულისთქმას ის ჩონგურის
ხმაში ამბობდა.
აღარც ვენახი, არც სახლ-კარი,
ტანჯავს მონობა,
ქართველია და მხოლოდ ერთი
ეს აქვს ქონება.
და გულში შერჩა ნაპერწკლებად
სხივნი მზისანი,
რომ ჩონგური აქვს _ ქართველობის
ერთი ნიშანი.
და როცა მწარე სიმღერებით
გულდათუთქული
ჩონგურს უკრავდა, გაიგონა
რისხვა თურქული:
"განა არ გჯერა? ეგ ქართული
ჩვევები გაქრა,
როგორ გაბედე მუსულმანმა
ჩონგურის დაკვრა...
როგორ გაბედე, ღორის თავი
კალთაში გედოს,
ახია, ახი, სასიკვდილოდ
რომ გაგიმეტო".
შებოჭეს, როგორც მოღალატე,
მტერი, ორგული,
ჩონგური ქვაზე დაანარცხეს _
მისი ჩონგური.
ამბობენ, როცა სასიკვდილოდ
გაწირა თურქმა,
იმ მეჩონგურეს მთებისათვის
ანდერძი უთქვამს:
"მთებო, როს აღდგეს ქართველობა
დამწვარ მდელოზე,
თქვით, რომ ვმღეროდი დატანჯული
საქართველოზე;
რამდენი ჩაწვა სამარეში
გმირი, ლომგული,
თქვით, როგორ მოგვკლეს სიმღერისთვის
მე და ჩონგური".