გეტყვი: რასაც მწერ, მწერ მეტსა მეტად!
არ ვარ პოეტი; ნიჭი მაღალი
ჩემს თავზედ მაღლით არ გარდმოსულა,
და ჩემს გულ-სულში ცით ნაპერწკალი
პოეზიისა არ აღგზნებულა.
არ ვარ პოეტი; წყობილის რითმით
დამშვრალს კაცის თვალს ვერ მოვგვრი ცრემლსა,
ლექსით ცხოველით, ძლიერით, მდიდრით
ვერ ავაღელვებ, ვერ აღვძრავ ერსა!
ეტლისგან დევნილს, სულით დავრდომილს
სულს ვერ აღვუდგენ, ვერ მივცემ სიმხნეს,
და ბოროტზედა კაცსა დაყრდნობილს
ვერ დავსცემ ზარსა, ვერ მივცემ სიბრძნეს!
მდიდარ-ანგართა, სოფლის მარალტა
ჭეშმარიტებას ციურს ვერ ვამხელ
და დაბრმავებულთ და მძინართ თვალთა
მგრგვინავის ლექსით მე ვერ ავუხელ!
მშვენიერს, ტურფას, კეკლუც ასულსა
ჩემის ჩანგითა ვერ ჩავაფიქრებ
და მელოდიით იმის ნაზ გულსა
ვერ მივცემ ლმობას, ვერ ავატირებ!
არ ვარ პოეტი: იქ მაღლა ცაში
აზრით მფრინავი ვერ აღვეწევი
და იმის წმინდა, ტურფა ლაჟვარდში
ვარსკვლავთ, მთოვარეს, მზეს ვერ ვეწევი!
საკმაო არის, რა გითხრა მეტი?
ვარ, ვით სხვა კაცი: არ ვარ პოეტი!
მხოლოდ მიკრულსა ამ წუთს სოფელსა
მიყვარს ვუმზირო დღე ცას ნათელსა;
განთიადს - რიჟრაჟს და ტურფა მთიებს,
ღამე ბრწინავთა ცაში ვარსკვლავებს.
(1883)