Litclub.ge

* * * "ზაფხული გავიდა"
ზაფხული გავიდა
შენს სიმშვიდეში 
არის რაღაც ყალბი, ზედმეტი
/ან, შეიძლება, მე მეჩვენება/,
ჩამოვახიე დღეს 
აგვისტოს ოცდათერთმეტი,
როგორც ფურცელი 
საბოლოო ჩემს მოთმინებას...
ცას სნეულივით 
ღრუბლის მაღალ ბალიშზე ვაწვენ
/ახლა კარგა ხანს ასე იქნება/
და ვაკვირდები ქარის შეშლილ, 
დაკაწრულ ღაწვებს,
როგორც საკუთარ 
აღმოჩენას და განცვიფრებას.
როგორ მახარებს, 
რომ შორსა ხარ... 
და არ გახსოვარ!
/დღე ხვალინდელი 
უმზეოდ და უხმოდ მიწყდება/
და მე გიბრუნებ ზაფხულს, 
როგორც წიგნებს ნათხოვარს,
ფოთლებს, რომლებიც ხეს დასცვივდა 
და... დავიწყებას.
1966