Litclub.ge

მთაწმინდა
რა კარგად მოჩანს აქედან გზები
და ცხელ მიწაზე ცხელი ქალაქი...
აქ უცებ წყდება, აქ უცებ წყდება
წამოწყებული იქ ლაპარაკი...
აქ საუკუნო ლოდი და დარდი
გულს ერთად აწევს და ხსოვნას ხედნის,
სურო გალავნის კედელზე დადის,
ვით მეთვალყურე წათვლემილ მხედრის...
მე ვზივარ, როგორც ბედის მჩხიბავი,
რომელიც ხშირად ამაოდ წვალობს
და გაცივებულ სხივებს თიბავენ
ხეთა წვერები, ჩრდილი და თვალი...
და ვუსმენ, ვუსმენ, როგორ გრძელდება
წამოწყებული იქ ლაპარაკი...
და საკუთარი, დაღლილი გზებით
ნელა ამოდის მთაზე ქალაქი.
1966