შუაღამეა და შუა ცეცხლი;
მე ბამბის თხელი საბანი მხურავს,
შენ _ სანთლის ჩრდილი და ჟამთა ვერცხლი.
ჩვენს სარკმელს _ ცუდად დაკიდულ სურათს, _
პატარა სარკმელს, არ ჰყოფნის შუქი,
და მე მგონია, არ არის სულაც
შენი სიბერე ძნელი და უქმი.
შუაღამეა... და ჩემ წილ ზღაპრებს
დაფურცლულ წიგნში ჩააწვენ თბილად,
ვით ქვევრებს ხაპი, ვეება ხაპი,
თალხ ფერებს ისე ამოსცლის დილა,
სხივი გადაჭრის შუაზე ხევებს
და როცა შარას ოქროთი დაბანს,
ბალახის ფერი მოჰყვება ხელებს,
მინდვრის სურნელი _ შენს ბებრულ კაბას...
როგორც ძველისძველ და ძვირფას ფრესკებს,
შენც გემატება წლები და ბზარი,
მაინც ღიმილით მოდიხარ ჩემკენ
და იცი ყოფნის ტკბილიც და მწარეც...
1966