მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში
და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა -
ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს.
ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე
ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც
მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს,
ისე აჰყურებს. ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც
თუნდაც ერთ წარსულს, უმახინჯესს. ჰოდა მიმღერე
შენი ხმამწარე იავნანა - მათთვის, ვინც ღმერთზე
მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს
მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს.
მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი
კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა
ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით
ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად
ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,
რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს ჭირდება ჯერაც;
სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,
მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა.
(იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი
და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში.
სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ,
მან კი ვერაფრით მოიკვეთა სიკვდილის შიში.)
მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა
მისთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს
და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება
ლიფტის კარი დ ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ
სახეში ტყვიას. ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს
და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს,
როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს
და გაუხდელად მიეგდება; და რათა იკლოს
ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითით
ან წარმოიდგენს, რომ დალია აბი საძილე,
ან თავზე საბანს წაიფარებს, ან კიდევ ითვლის,
ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს
და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება.
აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში.
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში.