Litclub.ge

AVE MARIA
ელვარებს, დნება წმინდა ნათელი 

მკრთოლვარ-მთრთოლვარე შუქთა მფრქვეველი. 

ძლიერო სულო! შენკენ მოილტვის 

ლოცვა-ვედრება და საკმეველი. 

რა რიგ მწყურია შენს შორი-ახლოს 

განახლებისა მოვიკლა ჟინი, 

და ვუცქეროდე თუ როგორ ბრწყინავს 

ღვთაებრიობის შენის გვირგვინი. 

რამდენი ღამე გამითევია 

მზის ამოსვლისთვის რომ შემეხედა, 

მე ვერ ვამჩნევდი თუ როგორ რთავდა 

მთვარე ვარსკვლავებს, როგორც შვილთ დედა. 

ასე, არ მინდა ვუცქირო წმიდანთ, 

გარს რომ გარტყიან, ყველა ბნელდება, 

და თვალწინ მხოლოდ შენი აჩრდილი 

უხილავ ძალით ხორციელდება. 

ოჰ, ეს ნათელი, თვალთა ნათელი 

გულის სიღრმემდე მწვდება, მედება! 

რა არის შენთან კაცთა ბორკილი 

ან ხორციელის შემოქმედება? 

იყო დრო და შენ ქვეყნად იყავი 

მაგ განუსაზღვრელ მშვენიერებით, 

მაგრამ რით უნდა დაგეტკბო გული, 

კაცთა ღალატით თუ ცბიერებით? 

ეხლა აღარ ხარ და ჰქმნის ოცნება 

უკვდავი სახით უბრალო ტილოს, 

რომელსაც ძალუძს თუნდაც ველური 

დაატყვევოს და დაიმორჩილოს. 

მასში ყველაა, რასაც დაღლილი 

ადამიანი ქვეყნად ეძიებს, 

შვენება, სული და სილამაზე 

ჩვენს ლოცვაშია, მუდამ რომ ჰგიებს. 

ელვარებს, დნება წმინდა ნათელი 

მკრთოლვარ-მთრთოლვარე შუქთა მფრქვეველი... 

დედაო ღვთისავ! შენსკენ მოილტვის 

ლოცვა-ვედრება და საკმეველი.