ჩემი პასუხი ექს X-ს,
სხვა გვირგვინოსან მგოსნებს.
ვინც გესლიანი ლექსით
გადახსნილ გულში მკოცნეს.
ვინც რიგით განადიდეს
ყველა კერპი და მეფე
და პორნოპარნასიდან
მეც ბევრჯერ ჩამომყეფეს.
თუ ემხობოდა ტახტი,
თქვენ ემხრობოდით დემოსს.
გარდამავალი სახრით
სანამდე უნდა მცემოთ.
ბევრი ბალღური იჭვი
რა ფუჭად შეგალიეთ,
ვინც შეალიეთ ნიჭი
რეგვნებს და რეგალიებს.
ვინც გაერიდა ნახირს
გასწიეთ საკუბოედ.
პატივს ვერავინ აჰყრის
ღმრთისგან ხელდასმულ პოეტს.
მე ჩემი ღმერთი მმოძღვრავს,
მე ჩემი ღმერთის მესმის.
თუმც ტყვე ვარ, თქვენგან ცოცხლად
შემოღობილი მესრის.
ლპება მესერი ძველი,
წაქცევაზეა ღობე,
არც თქვენ ხართ შეუცვლელი,
თავს სხვები წამოჰყოფენ.
მე თქვენი ვალი არ მაქვს...
თქვენ ჩემი არა გმართებთ...
ღმერთი მოუსმენს ყველას,
მაგრამ მიიღებს მართლებს.