ეჰ, ვისაც მართლა უნდა გაეგო
ამ ლექსებისთვის, ისიც არა ჩანს
და გული, როგორც სისხლში ქამანჩა,
სადღაც წავიდა და გარდაეგდო...
ატირდა ლექსი ნაცემ ბავშვივით,
ლამის ცრემლების ღვარმა წალეკოს,
მარადისობის გრძნეულ სამრეკლოს
ახლა ჩემივე ლანდი აშინებს.
ახლა ჩემივე ლანდი ახელებს
ამზრალ მიწასაც, დამშრალ წყაროსაც
და ისე ვუცდი მთვარის ამოსვლას,
ვით მომაკვდავი უცდის მნახველებს...
ახლოს ტანჯული ლადო ახველებს
და ყაყაჩოებს ისვრის ყელიდან...
თუ პოეტი ხარ, არ გაერიდო,
ძმად გაეფიცე და ესახელე...
თუ პოეტი ხარ, თუ ხარ მისანი,
ნუ შეგაშინებს ქვეყნის ჭორები...
გენიალური თავმომწონების
მუდამ უცნბი რჩები მიზანი...
თუნდ აგატირონ ნაცემ ბავშვივით,
თუნდაც ცრემლების ღვარმა წაგლეკოს,
მარადისობის გრძნეულ სამრეკლოს
მაინც პოეტის ლანდი აშინებს.
სიყვარულს მაინც არ განერიდონ...