Litclub.ge

მოდი, დამხატე!
მანანა კორძაიას

არ გემძიმება მხატვრის ტვირთი, 
პატარა გოგოვ, მოდი, დამახატე.
ეს მე მოვდივარ ღამიეთის სანახებიდან
მუხლდაღლილი და ქედდაჩხოტილი,
ბრძენი ჭინკების სულელ თამადას 
ვთავაზობ დიდი გიორგის ყანწებს
და ჯერეც უცნობ ქალის მკერდში 
მშიერ შველივით ვიფურჩქნები,
ასე დამხატე.
გამხადე დიდი სიცრუის ფლასი,
ისე დამხატე.
მე ის კაცი ვარ, ამ მგლებმა რომ ტყავი გამხადეს,
მე ის კაცი ვარ, რომ წამგვარეს ჩვეულ სახატეს,
აღსდგეს უვიცნი, ბრძენკაცურად მოიღაღადეს-
განიკვეთოსო-
შენ მაინც მოდი,როგორიც ვარ, ისე დამხატე.
ხომ ნახე ჩემო პატარა სორო,
სორო კი არა, ლომის გალია,
წარმავალია სიცოცხლე ბოლოს,
მაგრამ ტკივილიც წარმავალი.
მეათე დღეა უგონოდ მთვრალი 
ფათურით ვეძებ ჩვეულ სახატეს,
ხომ ნახე ჩემი მშიერი თვალი,
მოდი, მშიერი ღმერთი დამხატე.
რა გამინელებს გულის ფორიაქს,
სულში იმდენი დარდი ღაღადებს,
ვიღაცა წრუპავს სომხურ კონიაკს,
მე-რაც გამაჩნდა, ისე დამხატე.
გამხადე დიდი სიცრუის ფლასი,
ისე დამხატე.
ჰგონიათ მწვანობს იმედის ტოტი,
ვაითუ, უცებ შემომაღამდეს,
მოდი.
შენ მაინც ჟამი-ჟამ მოდი,
და როგორიც ვარ, ისე დამხატე.