ჯერ პატარა გოგონაა რუბია,
წარბი წარბზე სურმით გადაუბია,
თავზე ჭრელი არახჩინი უხდება,
ბაგეები მარჯნად გადაუპია.
სავსე მკერდზე _ ფულები და ვერცხლები,
და იმ მკერდქვეშ _ მოფართხალე მერცხლები,
ამ წარბებმა გასაფრენად მომზიდა,
მის წამწამთა ქარს ავყევ და ვერ ვცხრები.
ალვა ტანი, _ უშოლტესი ალვაზე
და თვალები _ მოსისხამე ალმასი,
რუბი, მითხარ, მაგ ბაგეთა თასიდან
უკვდავების წყარო რატომ არ მასვი?!
რუბი, მითხარ რამე, აგრემც იხარე,
გაგიშალო ზეცის ფარჩა-ფართალი,
სიყვარულზე ოღონდ რამე მითხარი,
ტყუილი თქვი, ნუ იქნება მართალი!
თვალთა ისართ სურთ ამ გულის აკლება?
დე, აიკლონ, რით ვარ სხვებზე ნაკლები?!
ეგ თვალები თუ უმთვარო ღამეა _
მაგ ღამეში ელვად დავიკლაკნები.
ისეც ვივლი, ფილაქანი არ მინდა!
შაში მინდა, იაგანი არ მინდა!
მაგ თვალების ბნელ, უმთვარო ღამეში
ისე შევალ, ჩირაღდანი არ მინდა!
სამარყანდი
1956