Litclub.ge

ლეღვები
როგორც ცოლქმრული სარეცლის ამბავს
არ მოგიყვება ჭკვიანი კაცი,
არ მოგიყვება ციხე არაფერს,
თუ მარტოოდენ გააცეცე მისკენ თვალები.
ა, ამ კედელზე გაბარდღულ ლეღვებს
შენზე უფრო ჰყვარებიათ თურმე მამული-
არ დაანებეს ქარებს მიწის ერთი მისხალიც,
ფიორი რაა მიწისათვის,
ერთი ფიორი,
ერთი ფიორი რომელია,
ნამცეციც კი არ დაანებეს.
ე, ის მისხალი,
ის ფიორი,
ის ნამცეცი შენი მამული-
ციხე-ტაძრებით რომ ჰკიდია საუკუნეებს.
კოცნე ეს მიწა, ეს ქვა კოცნე, კედელი კოცნე,
ორი ამდენი ციხეებზე გვონია, ძმაო,
სიგრძივ კი არა,
სიმაღლეში მიდის მამული.