Litclub.ge

* * * "კაცი? კაცი ოხერია"
კაცი? კაცი ოხერია,-თქმა იციან ქალებმა,-
ცხოვრებაში მარტოობა ბევრად არ ენაღვლება.

სახლში ცოლი თუ გაწყრება,-
შუბლს იწმენდენ ოფლიანს,
კარებს გაიჯახუნებენ, სხვასთან გაერთობიან.

კაცი? კაცი უტეხია, როგორც ლოდი საყორე,
არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.

წარბი თუ არ გაუხსენი -წავა, არც მოგინატრებს,
ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.

ან მანქანას გააგელვებს, ანდა ვაგონს გაჰყვება,
ვინმე გვერდით თუ არ უდგას, იქნებ, არც ენაღვლება.

ქალი?..ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროზს და შაითანს,
ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს.

რაც არ უდა სუსტი იყოს, შიში არ აქვს აღმართის,
იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც.

თუ დასჭირდა, გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,
მაგრამ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს.

მარტოობის წლები მკერდში გაეყრება ხანჯლებად,
შემოდგომის ყვავილივით ზეზეულად დაჭკნება.

ქალს?..
ქალს მარტო ნუ დავტოვებთ,
სანამ ქვეყნად ვარსებობთ,
ქალი?
ქალი საფერებლად
გაჩენილა კაცებო.