Litclub.ge

შეიყრებიან ღრუბელნი
შეიყრებიან ღრუბელნი, 
საფშაოდ გადადიანო 
დაგესევიან მურგვლივა 
მთაწმინდის წვერო, კლდიანო 
ნამს ცვარად გადმოგაყრიან, 
მთაო, ქუჩ-ბალახიანო, 
ჭუჭყს არ გარჩენენ ტანზედა, 
ცრემლის წყარონი დიანო, 
წაწადა აგიმურღვდება, 
არაგვო კალმახიანო. 
ვეღარ ამოხვალთ ლაღადა, 
ჭალის პირებზე იანო, 
დაჭერილს ჩამოგავლევენ, 
მისრიაშვილო, ხმიანო. 
გიდგანან აქეთ-იქითა, 
გულ-რკინავ ფოლადიანო, 
ხე-ქვანიც დაგემშვიდობნენ, 
მთა-წვერნიც მოგტირიანო. 
დუშეთის კრებას დაესწარ, 
გულდრინჯო, მოკლე დღიანო, 
მალე გაავლევ გულის ხმას, 
რა ფიქრებს ჩაგიშლიანო, 
სიცოცხლის გმირო, აშკარო, 
სამარეს გაგითხრიანო, 
თოფს დაჰკრვენ მისრიაშვილსა, 
მაინც არ დაიშლიანო, 
შიგაით ამაიგმინე 
მანძელა, ხარო, რქიანო, 
თოფის ხმით დაგასრულებენ, 
სწორებში ქატიბრიანო. 
არ კვდება მისრიაშვილი, 
მტერო, ნუ გიხარიანო, 
შვილებსა, ლეგა მგლისასა, 
მისრიანივე ზრდიანო, 
ყოჩაღად იყავ ხოშიავ, 
ცრემლებით სილაღიანო, 
ისრე მოზარდე ობლები, 
თვალებ არ მაიწყლიანო, 
ლაშარ-ღელესა ფშავლები 
თავი თავს მაიყრიანო, 
შენ შვილებს დაჰპატიჟებენ, 
წინ სუფრას გაუშლიანო. 
სამის დროშით და ფერხისით, 
საჯარეს შამოვლიანო 
დაიძახებენ შენ ლექსსა, 
ცრემლებსაც გადმაჰყრიანო, 
დალევენ შესანდობარსა, 
თასებსაც გამასცლიანო, 
ამისსა მალექსებელსა 
სახელ მიხაი მქვიანო, 
როდის მოხვიდე ზაფხულო, 
ვინტოვკავ გაგახმიანო, 
ბევრაის დედა ვატირო, 
ბევრ უჭკო მოვაჭკვიანო, 
მე მაბრალებენ შენს მოკვლას, 
ცოდვიანს მეძახიანო.