ცა უფრო ამაღლდება
და თვალებს ფიქრისას
ბავშვობის დროინდელი
ვარსკვლავებისა და სახეების
ღიმილი შეაშრება...
მელნის წყურვილით გაიცრიცება
სიტყვის ალმასებზე ალესილი,
პატრონის თითებივით სევდიანი,
ფერმკრთალი კალამი...
და წინაპრისეულ მაგიდაზე —
უფლის ხელისგულზე —
ნისლიდან ნახევრად გამოსული
და დაობლებული კუნძულივით
დარჩება ლექსი დაუსრულებელი.