Litclub.ge

ორსული
ცხრა თვე
როგორც ერთი წუთი,
მე რას მეყოფა.
მთელი ცხოვრება მუცლით უნდა გატარო.
ჩემშივე უნდა გაგაჩინო,
ფრჩხილივით ჩაგიბრუნო სისხლძარღვებში და
ჩემივე ტკივილი კვირტისხელა ენის ხავერდით 
აგალოკინო..
ჩემს მუცელში უნდა გამოგზარდო.
ძუძუს ხვრელებში
ბალახივით შეგიძვრენ და
სანამ რძე მექნება,
იქ დაგაბინავებ..
მერე გადაგიყვან 
იებით მოჩითულ პატარა ოთახში,
მზე სამი მხრიდან შენს თავზე იდინებს,
საღამოს მოგიჩრდილავს გულის კედელი..
ჩემს მუცელშივე შეგიყვან სკოლაში,
შენ დაეტოლები ჩემს ჩრდილს ასფალტზე და
რომელიმე კაპილარზე მიმაწერ, რომ უკვე
ამდენი სანტიმეტრი ხარ..
მალე კაპილარები ტვინამდე ამაღლდებიან
და ჩვენს ახდილ ჭერში გამოჩნდება ცა,
რომელზეც გამოიყვან უტოლობის ფორმულებს,
სიტყვები კი, შენს ტუჩებზე
მონეტებივით იწკრიალებენ.
ჩემს მუცელშივე ისწავლი ცურვას
და ღამღამობით
თეთრდათვებიან წყალში გამეპარები..
მე დიდის ამბით ვიქოთქოთებ,
ქვეყნიერებას ავახმაურებ,
შენს თავს ვის აღარ მოვაძებნინებ!
მერე ჩავჯდები ჩემსავე ნაპირზე და ჩავთვლემ.
არავინ არ ამოვა წყლიდან ისე ლამაზად,
როგორც შენ!
არაფერს არ ექნება ისეთი სურნელი,
როგორც შენი ხელის შეხებას ჩემზე!..
შენ თეთრი დათვების დანაბარებს მაკოცებ და
ერთად გავწევთ განთიადისკენ.
სიყვარულსაც მე შემოგიძღვნი ჩემში.
პაემნებზეც ჩემს მუცელში უნდა იარო და
ორსულ გვამში ვეღარდატეულმა
ერთ დღესაც, ახდილ ჭერში უნდა იქორწინო.
ფოთლები გამცვივა ვნებისგან...
მერე მე ისევ ამტკივდება წელი,
ფრჩხილებით მწვანე ბაღის გაზონს ჩავეჭიდები და
შენს შვილებს გავაჩენ.
ისინი გაახელენ მარცვლისოდენა თვალებს და
ჩვენს ორ სულს ჩიტებად Aშეასხდებიან.
ჩემი მეზობლები და ნათესავები 
რიგრიგობით აქედან წავლენ..
მე კი დავრჩები
როგორც რჩებიან ხოლმე
მუსიკალური სკოლის ეზოში დედები,
შვილებს რომ ელოდებიან..
დაველოდები შენს ბოლომდე გაზრდას,
შენს სიბერეს,
ჩემივე ხმელი ძვლებით
დაგინთებ კოცონს,
ჩემი სიმღერის ხმაზე
შეგიგროვებ მოდგმას,
ჩემს მუცელშივე დაგალოცინებ..
მერე ორივე ავხდით ჭაღარა ჭერს,
ავუშვებთ ყელის საკვამურიდან
ამ ჩვენს სიმღერას და
გაიგონებს ის, ვინც
გამაჩინა დედად და შვილად,
ის, ვინც თვითონაც ორსულია
ჩემით და შენით..
ამ სიმღერას არა აქვს საზღვარი..
ამ სიყვარულს არ უჩანს ბოლო..