Litclub.ge

Carpe Diem
ხომ კარგადაა ყველაფერი? ხომ ვუტრიალებთ 
წრეს - შეგუებულს - არც ვამრუდებთ, 
არც ვხსნით რკალებად 
და იდეების ფლაკონებიც, ფუტლიარებიც - 
აწყვია და არ განიცდიან, თუ ეკარებათ 
მტვერი. მტვერი ხომ ვარსკვლავებს ჭამს, თუკი მოუნდა - 
ირმის ნახტომის ჩლიქის მტვერი - ცერზე აგვედოს - 
დიდი ამბავი - ის ყოველთვის იყო მოდური 
აქსესუარი - მატერიის ტკბილი საბედო. 

ხომ კარგადაა ყველაფერი? მტვრიან მოკითხვას 
როგორც წესია, ვერ იტანენ კავალერები. 
მათ ურჩევნიათ, მტვრის მაგივრად, გულზე მოუთხრო - 
თითქოს ეს გული ერთი მუჭი კარამელია. 
ეცადე - მწარე შოკოლადშიც არ აგერიოს. 

ნუ დარდობ მტვერზე. აქ და ახლა - ის ნაკლებია. 
ხელის მარტივი მოძრაობით სულაც, გადაწმენდ. 
დღეს არის მეტი მყარი ფორმა, მეტი საკვები 
და შეგიძლია შეგრძნებებით გადაამოწმო. 

და ყველაფერი კარგადაა. და Carpe Diem. 
და სდიე წამებს - დაეწიე, ვიდრე მუხლები 
სულზე გაბია, ჭრელა-ჭრულა კაბებსაც სდიე 
ხან ვიტრინებზე, ხან მუხლებზე და თუ უხდებით 
ერთმანეთს, ერთად გაიყინეთ - სადმე, ფოტოზე. 

საქმეებს სდიე - ზორბა პეპლებს - მათი დაჭერა 
ღირებულია, და დეტალებს - სარემონტოებს - 
სდიე - ბურთულებს - დაცვენილებს ხან თმის სარჭიდან, 
ხანაც აწყვეტილ ღილებს სდიე - დაჩხვლეტილ წრეებს - 
ზუსტად ასეთი წრეებით ვართ გამოკრულები 
ამ სამყაროზე. 
სდიე, რასაც დღეს დაეწევი 
და ნუ ეცდები, ხვალინდელსაც თითი გამოკრა. 

იქ სულ მტვერია. მშვიდზე მშვიდი ბრძანება \"Amen\". 
სათნო თითები, მტვერს რომ თბილი პურივით ჭამენ.