უცაბედი ღალატივით ფიქრია, როგორც –
”სამშობლოში ვერ ვიკეტები”.
ფილიპინელი გოგო რომ ვიყო,
ვილოცებდი დაძინებისას, რომ ჩემი სოფლის ახლოს
ვულკანს გაღვიძებოდა და მეცეკვა საკუთარ ფერფლში.
ირანელი გოგო რომ ვიყო,
შუა ქუჩაში მოვიხსნიდი ამ წუთს - თავსაფარს
და თვალებზე შემოვიხვევდი.
როგორც სადგურზე გადამსკდარი ჩემოდანი,
ნივთები და ტანსაცმელი რომ სცვივა, - უნდა
ჩავაპირქვავო, ჩავკეტო წუთი;
გამახსენდეს, რომ ვდგავარ სადღაც –
გალერეაში; უზარმაზარი ნატურმორტი მათვალიერებს, -
ტკბილეული ლამისაა სათითაოდ ამომაცალოს;
გამახსენდეს, რომ ჯერ კიდევ შემიძლია დაბრუნება,
რომ ჯერ კიდევ შეგიძლია დაბრუნება;
გამიცოცხლდეს შენს მუჭში – ხელი.