Litclub.ge

* * * "ხელს გიწვდი"
ხელს გიწვდი, მიცინი შემკრთალი,
გონება გკარნახობს გაერთო,
შენ მთვრალი, მე მთვრალი, შემთბარი,
განწყობა მღვრიე და საერთო.
ცეკვაში დაცხრა და განელდა
ვნებები, მოვთოკეთ, ავმჩატდით,
თვალნათლივ არ ჩანდა გარედან,
ერთმანეთს თუ როგორ ვტანჯავდით.
ხელი არ გამიშვა, ვბარბაცებ,
თვალები მაცდურად ციმციმებს,
ერთმანეთს იმპულსებს გადავცემთ
და ბოლო ეღება სიცივეს.
შეახე თითები, ცხელი ხარ,
თვალებიც სხვაგვარად გაბრწყინდეს,
ვიღაცამ რომ არ თქვას ცრემლი ხარ,
სიმშვიდე რომ გადანაწილდეს.
აღსრულდა... დასრულდა... მოეშვი,
ვიპოვეთ საშველი, ვნებივრობთ,
მოგყვები ვნებების მორევში,
სიცოცხლე რომ გამაგებინო.
ჩვენს ირგვლივ ჭორები, ქაოსი,
ვერ ვთოკავ, ფეხები როკავენ,
მადლობთ, რომ შემისვი... ჩამომსვი,
ჩამომსვი, სანამდე მომკლავენ.
სიშიშვლე მოცოცავს ბუღიდან,
მოცოცავს, ანათებს, მოცოცავს,
ნეტავი წვალებად თუ ღირდა,
ერთი დღე გაგვეყო ორ ცოცხალს.