Litclub.ge

წმიდაო ანა
სადღაც კვიცივით გამიხტა ძალა,
წავიდა ჩემგან სიმხნევე სულის,
ღვთისმშობლის დედავ, წმიდაო ანა,
შენ დამიფარე, მე – მარტოსული!
სურვილი ჩემი შენს თვალწინ დავრგე,
იმედით მოვრწყე იმისი ველი,
და ამ ზაფხულზე, ვით პურის ყანებს,
მოსავალს ჩემსას ველი და ველი...
გულს მეფინება ღიმილი შენი,
ხარ ჩემი ჩერო, სიცხისგან მცველი,
და ნიავური მოლამუნება ნაზად მომთიბავს,
ვით თავთავს — ცელი...
ღვთისმშობლის დედავ, წმიდაო ანა,
შენს ხატთან მე ვარ ფრთხილი და ნელი,
ჩემი თვალები იხრება დაბლა,
და ხდება თბილი,
და ხდება სველი!
ყელს მომეხვია ნუგეში შენი,
ვით ყელსაბამი თხელი, ნარნარა,
ვიგრძენი შენი მე იავნანა,
ღვთისმშობლის დედავ, წმიდაო ანა!