Litclub.ge

საახალწლო ღია ბარათი
ახალწლის ღამეს, ო, სულო ჩემო, 
რა უნდა გითხრა, მართლა არ ვიცი... 
ვერ გხედავ, მაგრამ შენს არსებობას, 
როგორც სასწაულს, ისე განვიცდი... 
ვიცი, თუ აქ ხარ, ყველგან იქნები, 
ცა და მიწაა შენი საუფლო, 
შენ სანთელი ხარ, არ ჩამიქრები... 
არც მე ჩავქრები, ვიდრე ვსაუბრობთ... 
ახალწლის ღამეს რა სასწაული... 
არავინ იცის, სივრცეს გაარღვევს... 
სუსტი ფიფქი ვარ, შენს ხელისგულზე 
მალე დავდნები... კარი გააღე! 
შენი მეკვლე ვარ, შენთვის მოვცდები: 
თოვლის ფანტელებს ვაქცევ იებად... 
ახალწლის ღამეს ყველა ოცნება 
უკლებლივ ყველას ეპატიება... 
მე მაპატიე, ლექსში ეულად 
დავრჩი, არა ვარ რადგან ნამდვილი, 
ვერ მოვარიგე სული სხეულთან _
არა ყოფილა ასე ადვილი... 
შენ ჩემი გზა ხარ და მისამართი 
დავკარგე, რადგან აღარ მჭირდება... 
თოვლი მოვიდა... ცასა და მიწას 
შორის მანძილი ისევ მცირდება... 
თენდება... მინდა ზარები რეკდეს 
სულში... ფერს იცვლის ჩვენი სამყარო... 
შენ ჩემი გზა ხარ, მე _ შენი მეკვლე... 
და აღარ ვიცი, საით გავკვალო...