Litclub.ge

ნედლეულის შემგროვებლები
აუცილებლად უნდა ადგე დილაადრიან, 
რომ მზეს აასწრო, შენზე მეტად ჭორფლიან გოგოს. 
წვიმის წყლით პირი დაიბანო, 
წყაროს წყლით შენზე პატარა კოკა უნდა დაორთქლო, 
გადაიკიდო მხარზე აბგა, 
აბგაში - დანა, 
მჭადის კვერი, 
ყველის ნატეხი. 
ხელში - მამის დაკროლილი, ლამაზი ჯოხი. 
სარკეშიც უნდა ჩაიხედო, 
გოგო ხარ, თავი მიაჩვიე, რომ ყოველ დილით, სანამ გახვალ, 
სარკეს შეხედო და გაიფიქრო: 
გამხდარ  ღეროზე მოქანავე ორკიკინა, მინდვრის ყვავილი 
ისე კარგია, ისე ლამაზი... 
ოკრო-ბოკრო თეთრი კბილები 
ისე კარგია, ისე ლამაზი... 
გაუცინე  და გაამხნევე შენი თავი, გამოგადგება. 

...გახვალ ეზოში. 
ღობის იქით გელოდებიან  ნედლეულის შემგროვებლები: 
ისინიც სწორედ შენნაირები - გამხდარ ღეროზე მოქანავე ყვავილები, 
ოკრო-ბოკრო თეთრი კბილებით. 
თქვენზე ცელქ ბილიკს მიუყვებით და მიიმღერით 
ნედლეულის შემგროვებლების მხიარულ მარშს. 

...ტყე სიმშვიდეში გაყურსულა. 
ისე ჩუმია, სოკოს ამოსვლის ხმაც კი ისმის მიწის გულიდან. 
აცლით კონუსებს ნაძვის მერქანს 
(თითქოს ბჟუტავს მიმქრალი  ჭრაქი) - 
ბედნიერების ნედლეულია 
და აგროვებთ თხილის ფოთლებზე. 
დგას წიწვის სუნი, 
უფრო სწორად, 
რუებივით მოწანწკარებს ნაძვებიდან და ფიჭვებიდან. 

დაიმახსოვრე, ეს  ჰაერი დაიმახსოვრე! 
გამხდარ კისერზე ბამბის ძაფით ჩამოიკიდე 
და თან ატარე, როგორც ჟანგბადის მწვანე ბალიში. 

...თხილის ფოთლიდან -  თუნუქის ქვაბში, 
ცეცხლი - ნელია. 
კონუსები რომ გალღვებიან, 
გადაკეცავ ორპირად მარლას 
და ამ მადანს  ჩააწურავ თბილწყლიან თასში. 
აიღე მერე, ორხელსშუა მოიქციე, 
გაწელე, როგორც  წიკო-წიკო - ციდა გარმონი. 
ნახე, რა ხმა აქვს! 
ჩიტების და ხმელი გირჩების, 
ტყის და წიწვების, 
ცვრის და წიწვების, 
მთის და წიწვების... 
გაიჭვრიტე ოქროსფერი გარმონის იქით. 

დაიმახსოვრე, ეს წუთები დაიმახსოვრე! 
ნაძვის კევივით, რა ადვილად მზადდებოდა ბედნიერება   
შემადგენლობით: 
მზის ნაკუწი, წიწვების  გემო, 
გამჭვირვალე ჰაერის წვეთი, მხიარული მარშის ნოტები... 
და ჯანდაბა! 
ხომ შეიძლება ახლაც იყო ასე მარტივად ბედნიერი, 
ასე მარტივად... 
იყავი!