Litclub.ge

მამლის ყივილი

არ ვიცი თქვენში რა მოგონებებს იწვევს, ან საერთოდ დაკვირვებიხართ თუ არა და მე, მამლის ყივილი ყოველთვის სოფელს მაგონებს, არ მითხრათ ახლა, აბა ქალაქში მამალს რა უნდაო? სიღნაღში, თითქმის ყველა ოჯახს ყავს მამალი და საერთდ ქათმები, თუ ახლად აღდგენილ ელიტარულ უბანს არ ჩავთვლით, ჰოდა სოფლის გახსენება  კიდევ  ბავშვობას მაგონებს მუდამ. მამლის ყოვილზე, ყოველთვის პატარად წარმოვიდგენ თავს, ჯერაც ბნელიდილის ნათელი ოდნავღა რომ შეჰპარვიაღამე, უკვე დიდი ხნის წინათ გაღვიძებული რომ ვნებივრობ ლოგინში დედის თბილ სხეულს  ჩახუტებული, (ევროპელი ვერ გაიგებენ, ისინი მგონი ეგრევე ცალკე აწვენენ ბავშვებს), და ვნატრობ, ნეტავი მალე იყივლებდნენ მამლები რომ გათენდეს,  წამოიშალ;ოს ოჯახი და დედას გავყვე ძროხების გასადენად უკვე ცხელ რძეშიჩაფუნჩხულპურმირთმეული. ცოტაც და წითელბიბილოიანები, დასაწყისში აქა იქ, შემდეგ კი გაბმულად, მიყოლებით მორთავენ ყივილს და დილაც დგება. 

     ბავშვობა, მიუხედავად იმისა როგორი იყო, მაინც ოქროს ხანაა ალბათ, ამიტომაც მისი გახსენება ყოველთვის სიხარულს თუ რაღაც აუხსნელ საამო გრძნობას იწვევს ჩემში და სულაც არ ვცდილობ ამ სასიამოვნიო განცდისა თუ გრძნობის ფროიდისტულ თუ ერიკსონისეულ ახსნანს.  თუმცა ბავშვობასთან რამდენიმე არასასიამოვნო და სინდისისმქენჯნელი  მოგონებაც მაკავშირებს, უსიამოვნო გრძნობას რომ იწვევს და არცთუ ისე კეთილი ღიმილი რომ გამაღიმებს. 
   ეს ამბავიც ბავშვობაში გადამხდა თავს, შემდეგში ბავშვობისდროინდელ მოგონებათა უსიამოვნო თანამგზავრად რომ ამედევნა, მოუცილებლად. 
   კარგად მახსოვს ორშაბათი  იყო, აღდგომის შემდგომი ორშაბათი. პირველ კლასში ვიყავი მაშინ, მახსოვს ბრეჟნევი ახლად არჩეული თუ დანიშნული იყო. დირექტორი შემოვიდა ჩვენს საკლასო ოტახში. ჩვენზე ადრე დამრიგებელი წამოიჭრა ფეხზე, მაშინაც ასეთი დრო იყო, უფროსებისადმი მონური შიშისა თუ პატივისცემის. დირექტორი მოგვესალმა, შემდეგ რაღაც ეშმაკურად ჩაიცინა, შარვალი ვებერთელა მუცლისკენ ქამართან ჩაყოფილი ცერა თითებით აიჭიმა და გარკვევით გვითხრა, ცოტა პომპეზურად: „ქრისტე აღსდგა!“,. ჩვენ თავიდან გაგვიკვირდა და  დავიბენით, მაგრამ ჩანს არც ისე გულუბყვილოები ვიყავით და არც ერთს პასუხი არ გაგვიცია, თუმცა ეს ხმამაღლა თორემ გულში ეტყობა ყველამ ჩემსავით გაიმეორაჭეშმარიტადო!“ 
    დირექტორმა უკმაყოფილოდ აბზიკა ცხვირი და რაღაცნაირი გესლით თქვარა იყო, სახლში არ უსწავლებიათ  თქვენვის  როგორი პასუხი უნდა გასცეთო?“ 
    ჩვენ შევიშმუშნეთ, მაგრამ ეტყობა მშობლების დარიგება არც ერთს არ დაგვვიწყნოდა. დირექტორი, როცა მიხვდა ამ ხერხით ვერ მიიღებდა სასურველ შედეგს, უმალვე მერხებს დაჰყვა: ხელებს გვიმოწმებდა, ენდროს კვალი ხომ არ ემჩნევათო, მაგრამ ასეთ მარტივ ანკესზე აბა რომელი წამოეგებოდა? მშობლები ერთი საათი გვახეხინებდნენ ხელებს დილით. დირექტორი მაინც არ ეპუებოდა საკუთარ მარცხს და გულმოდგინედ დადიოდა მერხებს შორის. მსხვილი კაცი იყო, მაღალი, ლოყები არაბუნებრივად წითლად უღაჟღაჟებდა. როგორც ამბობდნენ, ბუნებით არ იყო ბოროტი, მაგრამ დაცინვა იცოდა სასტიკი, რაღაც ამოუწურავი ცინიზმი იყო მის ხუმრობებში, შეურაცხმყოფლად გესლიანი. ამიტომაც ვუფრთხოდით ხოლმე. ისე გაგიხარიან, სხვაზე რომ ხარჯავდა გესლს კი ახარხარდებოდი,მაგრამ როგორც კი შენზე გადმოინაცვლებდა აიწურებოდი და უჩინმაჩინის ქუდს ინატრებდი. მოსწავლეები რისი მოსწავლეები არიან მაინც და ერთი სასაცილო თვისება მასაც შეამჩნიეს, შეამჩნიეს და გადაიღეს კიდევაც: ხომ ამხელა კაცი იყო, შარვალს მაინც ყოველთვის სამი,ოთხი ზომით დიდს ატარებდა, ამიტომაც მუდამ  დაბლა ეჩაჩებოდა და როგორც ავღნიშნე ცერა თითებით ზემოთ ექაჩებოდა ხოლმე, ლამის მკერდამდე ამოიტანდა. ეს ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა და მისი მიმბაძველებიც ისე კომიკურად დასცინოდნენ სიცილით ვიჭაჭებოდით. ასეთი გახლდათ ჩვენი დირექტორი, ახლა ჩვენს საკლასო ოთახში რომ დადიოდა და წითლად შეღებილ ხელებს დაეძებდა, მაგრამ როგორც გითხარით რას იპოვიდა, ვის შეუმჩნევდა?!მემითუმეტეს; სახლში ყვებოდნენ, ერთხელ, ჩემს დას, სკოლაში მასწავლებლისათვის უთხოვია, ადრე გამანთავისუფლეთ დღეს გაკვეთილებიდან, სახლში მთელი გვარი ვიკრიბებით და  ხარი მიგვყავს სალოცავში შესაწირადო. მასწავლებელს დირექციაში ეთქვა, იქიდან რაიკომშიი დაერეკათ და მამაჩემმა, ბიბლიოთეკის გამგის თანამდებობა და  პარტიის წევრობა ერთად დაკარგა, და კარგა ხანს  ბიბლიოთეკის რიგით თანამშრომლადღა მუშაობდა ისიც იმიტომ რომ ცნობა არასწორად მიუჩნევიათ. ეს ამბავი ერთგვარ ხუმრობისახედ დადიოდა ჩვენს ოჯახსა და სანათესაოში, მაგრამ გამაფრთხილებელ ხუმრობისახედ. ისე კაცმა რომ თქვას, მიუხედავად იმისა რომ მერე მამაჩემი კვლავ აღადგინეს  პარტიაში და რაიკომშიც დაიწყო მუშაობა, ოჯახი რელიგიური გვქონდა. ახლა რომ ვაკვირდები ჩვენი ოჯახის რელიგიურობა უფრო  ტრადიციის გაგრძელება  იყო ვინემ რწმენაზე დაფუძნებული  გრძნობა, თუმცა ტრადიცია მართლაცდა მტკიცე: თითქმის მთელი გვარი შევიკრიბებოდით ხოლმე, უფრო სწორედ, ჩვენი გვარის ერთი შტო, ბაბუა და მისი სამი მის შთამომავლები, ჩვენს ოჯახში და დიდ დღესასწაულებზე შესაწირავს ვკლავდით, მაგრამ ისე რომ უცხოთათვის საცნაური არ გამხდარიყო. მახსოვს, ერთხელ,  თუ როგორ ჩამოიფხატა კეპიანი ქუდი ზედ ცხვირამდე მამაჩემმა სისხამ დილით,  მანქანით რომ მივდიოდით ბოდბეში ცხვრის შესაწირად.  ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა რომ ამდენი ოჯახური გამოცდილების მქონეს როგორ გამომოჭერდა დირექტორი, თანაც ისეთ მარტივ რამეში როგორიც იყო ხელებზე წითელი ფერის შერჩენა? 
   მასწავლებელს გაბადრული სახე ჰქონდა, უხაროდა თავის სადამრიგებლო ჯგუფში ვერაფერს რომ ვერ ამჩნევდნენ საჩოთიროს, უფრო სწორედ , საჩოთიროს კი არა, იმ დროისთვის მიუღებელს. მოკლედ ყველამ ვიფიქრეთ დირექტორი ვერაფერს გახდაო და დაიძრა კიდევაც კარისკენ, მაგრამ უცებ შემოტრიალდა და გამჭოლი მზერით მოგვაჩერდა; ეტყობა არაფრით არ  აპირებდა გაწბილებული გასვლას, ჩვენ ყველანი გასუსულნი ვიდექით ფეხზე. მან შეგვათვალიერა მოჭუთული თვალებით და დამცინავი, ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გვკითხა: „ აბა, ახლა ღმერთი ვისაც გწამთ ყველანი დასხედით, ხოლო ვისაც არ გწამთ ფეხზე დამდგარი დარჩითო.“ 
   ახლაც კი მახსოვს თუ როგორ გაეყინა ჩვენს დამრიგებელს გაბადრული სახე. კლასელები კი აჩოჩქოლდნენ და ნელნელა, ჯერ გაუბედავად, მერე კი ერთმანეთის მიყოლებით დასხდნენ. მე ნირიც არ შემიცვლია, უტეხად ვიდექი, ოჯახში ყოველნაირად გამოცდილს ვინღა მომატყუებდა ?!  მეგობრებსაც გადავსძახე, „ არ დასხდეთმეთქი!“, მაგრამ ვინ გამიგონა, როგორც კი სხვები დასხდნენ ჩემმა მეგობრებმაც მათ მიბაძეს. ისე, ერთი კი შევფიქრიანდი მარტოდმარტო რომ აღმოვჩნდი  ფეხზე, მაგრამ უკვე უკან დახევა გვიანი იყო. 
   დირექტორი ზიზღით აღსავსე ღიმილით მიუბრუნდა ჩვენს დამრიგებელს და გესლიანად უთხრა: „  ეს რას გავს, ქალბატონო გულსუნდა?  ერთი მოსწავლის გარდა ყველანი ცრუ რწმენით არიან გონდაბნელებულნი! ნაცვლად იმისა რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად, ჩვენი ხალხის მოწინავე იდეებით გაზარდოთ, ეს რა ბნელებად და ჩამორჩენილებად ზრდით?!“  შემდეგ მე შემაქო ორიოდე სიტყვით და კარში გაუჩინარდა. არც ჩემი კლასელების შურიანი და დამრიგებლის მადლიერებით აღსავსე მზერა დამავიწყდება ალბათ არასოდეს. 
   ფრთებშესხმული გამოვქანდი სახლისაკენ. შინ მხოლოდღა ბებია დამიხვდა. გახარებულმა მივახარე, „ბებია, დღეს დირექტორმა შემაქომეთქი“. ბებიას სახე  გაებადრა, გაიღიმა და მკითხა , „ აბა მომიყევი, რატომ შეგაქო?“. რა თქმა უნდა  მოვუყევი და ახკლაც კი ცხადად მიდგას თვალწინ რა  უცებ გაუქრა ბებიას ღიმილი სახიდან და ცრემლებით აევსო  თავლები, თითქოს დამუნჯებული სიტყვას ვერ ირებდა და ნიკაპი უთრთოდა. ასე  ერთხელ მაშინ დაემართა როცა ცუდად ვიყავი და თერმომეტრით სიცხე გამიზომა. მე ძალიან მეწყინა, ბებიამ ჩემი სიხარული რომ არ გაიზიარა, მაგრამ თავი იმით დავიმშვიდე ,  საღამოთი მშობლები მოვლენ და მათ გავახარებმეთქი. ისიც კარგად მახსოვს რომ არავის არაფერი არ აუხსნია მაშინ ჩემთვის, ოღონდ ის იყო, მშობლებმა სადღაც ფული ისესხეს,   შავი მოზვერი იყიდეს და  პირველსავე კვირადღეს  ბოდბეში წავედით მთელი ოჯახი. 
     მამლის ყივილი ყოველთვის სოფელს მაგონებს, სოფელიბავშვობას, ბავშობის გახსენებაზე კი ხან კეთილი ღიმილი ამეტმასნება  სახეზე,  ხანაც სინდისისმქენჯნელი უსიამოვო განცდა.