Litclub.ge

დადიანის ასული და მათხოვარი
(ლეგენდა) 

- მთაში მიდიხარ, ზურაბ? 

მხედარი მარდათ გადმოხტა ცხენიდან. 

- დიახ, ბატონიშვილო! მზისა და თქვენი სხივი კარგ ნადირობას მიქადის. 

- რას ჩამომიტან? 

- გარდა ჩემი გულისა, რომელიც მუდამ თქვენთან რჩება, რასაც მიბრძანებ... ირმის რქას, ვეფხის ტყავს, გარეული ტახის ეშვებს... 

- ყვავილები კი დაგავიწყდა?.. ახლა ჩეგოლას ფერდობები თოვლს აიყრიდა და შემოსილი იქნება ფერადფერადი სურნელოვანი ყვავილებით. 

- დაჭკნებიან, სანამ ჩამოვიტანდე... ყვავილების მეტი აქ რა არის? 

ყმაწვილმა მიუთითა ბაღჩაზე, რომელსაც მაღალი სარკმლიდან დაყურებდა ქალი. 

- ცდა ბედის მონახევრეა, ხერხი კი ღონეს სჯობია... 

- მომეცი ბატონიშვილო, ერთი ყვავილი... ნიმუშათ. 

- კარგი... ოღონდ ხელთ არ მაქვს... აი, წაიღე ბაშლაყი... ყვავილი ზოგი წითელი უნდა იქნეს, როგორც სარჩული; ზოგი - თეთრი, როგორც საპირე; ზოგი ამ ოქროს სირმასავით ყვითელი და ზოგიც ცისფერი, როგორც ზურმუხტი. 

ყმაწვილმა გადმოგდებული ყაბალახი ჰაერში დაიჭირა. 

- გმადლობ, რომ მიმიხვდი სურვილს. ყვავილებით დატვირთულს მთელს სოფელს მოვიყვან, მთელს ქედს წამოვიღებ!.. 

ყმაწვილმა მუხლი მოიდრიკა. 

- მოწიწებით გეამბორები ხელზე, ბატონიშვილო! 

თავი დაუკრა, ცხენს მოახტა. ქალი დიდხანს გაყურებდა ალაყაფის კარებში მიმალულ ზურაბ ჩიჩუას და მის მხლებლებს. შორს გზაზე ცხენოსნები ხან ჩნდებოდენ მიმქროლავ წერტილებათ, ხან ისევ იმალებოდენ. 


*** 


მოახლის ხმაურობაზე ქალი შემობრუნდა: 

- რას აკეთებ, თინა? 

- ვარდის წყალი გამოვცვალე თასებში. 

- ზანდუკიდან ვერცხლის ყუთი ამომიღე; დარაბები დახურე, მხოლოთ პატარა ჭვრიტიმანი დასტოვე. 

მსახურმა ბრძანება აასრულა. 

დადიანის ასული იღებდა პატარა კოლოფიდან პატიოსან თვლებს, ჭვრიტიმანში შემოსულ სხივზე დებდა და ფერადების თამაშით ტკბებოდა. 

ფირუზის, იაგუნდის, მარგალიტის, ლალისა და ქარვის მარცვლებიდან ხან ჯვარს, ხან ფარდულს დააწყობდა, არ მოეწონებოდა - არევ-დარევდა და ისევ დააწყობდა. 

ეს გართობაც ჩქარა მობეზრდა ქალს; გააღო დარაბები, მიწვა ნოხით დაფენილ ტახტზე და ფურცვლა დაუწყო პატარა წიგნაკათ აკინძულს „ვეფხისტყაოსანს“. 


*** 


მეკარემ ჭიშკრის საჭვრეტი გააღო და აგდებით მიაძახა გარეთ მდგომს: 

- რა გინდა? 

- გააღე კარი! 

- ჩაიარე, გზა ნახე! 

- გააღე! საქმე მაქვს... 

- ბატონი ზუგდიდში არის, ქალბატონს ძინავს.. 

- მე ბატონიშვილი მინდა ვნახო... 

- შენთვის ახლა არ მოიცლის... 

- გააღე-მეთქი, გეუბნები... რის გეშინია? ხომ მიყურებ, სისუსტით ვთრთი... იარაღი არა მაქვს... 

ბატონიშვილი ამ დროს ბაღჩაში იჯდა; მომუშავე ქალების სიმღერით ერთობოდა. 

- გაუღე! - დაუძახა ქალმა მეკარეს. 

- ნაბრძანები გვაქვს!.. 

- ჰო, ვიცი... გააღე! 

ეზოში შემოვიდა წელში მოხრილი, კოჭლი, ძონძებში გახვეული მათხოვარი. ყავარჯენს ებჯინებოდა. ძლივს მოდიოდა. იგი პირდაპირ მიუახლოვდა ბატონიშვილს. 

- მე მოწყალებას ჩემს დღეში არ ვიძლევი. 

- არცა გთხოვ, ბატონიშვილო! მე მადლობის სათქმელად მოვედი და ძღვნის მოსართმევათ. 

- როგორ, სტუმარი ხარ? - გაეცინა ქალს. 

- არა, მე მათხოვარი ვარ. შენ ერთხელ სიკვდილს გადამარჩინე და ადამიანობა დამიბრუნე. 

- არაფერი მესმის... შენ უსათუოთ სიცხე გაქვს და ბოდავ. 

- გახსოვს, ტეხურის პირი, ბატონიშვილო? 

- ?! 

- მე კი მახსოვს. ხუთი წელია მას იქით. შენ ცამეტი წლის თუ იქნებოდი. თარეში დაერია მაშინ გაღმა მხარეს. ადიდებული მდინარის პირათ ვიდექი. არ ვიცი, დაფრინავენ ცაში ანგელოზები თუ არა, მაგრამ მე ვნახე, რომ მფარველი ანგელოზი გამოჩნდა უკიდურეს წამს. სიკვდილს მოველოდი. სიცოცხლე კი მინდოდა. გაწამებული იყო იგი ყოველთვის, მაგრამ თანაც ტკბილი... უეცრათ მოფრინდი ცხენით. ცოცხლათ მახსოვს ყოველი წვრილმანი, მიხრა-მოხრა, სიტყვა, მთელი სურათი... ტაიჭი იისფერი იყო; წვრილი ფეხებით ოდნავ ეხებოდა მიწას; სხეული უთრთოდა, - შიშით კი არა, სიფიცხით, ასალათ წითელი, ოქრომკედით ნაკერი ხავერდი ეფინა; თოქალთოთ - ვეფხის ტყავი, რომლის კბილებდაკრეჭილი თავი ქინჩში ედვა ცხენს; კუდი და კლანჭებიანი თათები მუხლებამდი სცემდა. პატარა შავი უნაგირი ედგა. ლაგამი, სამკერდე, საძუე შავი ჰქონდა. ზედ შენ... შენ კი არა, ანგელოზი... ანდა შენ, როგორც ანგელოზი, - ისე იჯექ. თეთრი ყაბალახი ძალზე უკან გადაწეულიყო... შუქს ფენდა. ტანჯვასავით შავი, ვარსკვლავივით მოელვარე თმა. თეთრ მოკლე ნაბადს ქვემოთ მოჩანდა თეთრი გულისპირი და ალვის ხის შტოებივით ნათალი თითები თეთრი ხელისა; მათ გველივით ეხვეოდა აღვირის შავი თასმები. მარჯვენა ხელზე საფუხარი გქონდა გაკეთებული; თეთრი შევარდენი გიჯდა; თეთრი მესტები გეცვა; ქოშის წვერებს ოდნავ აბჯენდი მოოქრულ აბჟანდებზე... მაშინ შენთვის სიტყვაც არ მითქვამს. რა უნდა მეთქვა? მაშინ ვფიქრობდი, რომ შენ სხვა იყავი და მე სხვა, რომ ჩემი გაჭირვებისათვის თავს არ შეიწუხებდი. იმ დროს ვფიქრობდი, რომ ჩემთვის, როგორც უპატრონო ძაღლისთვის, ადამიანს არ ენანება მჭადის ნატეხი, იჯრის გადანარჩენი ხორცი, ორი ფარა; მაგრამ ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეთ დაფასება - ეს არ წარმომედგინა. მაშინ არ ვიცოდი, რა იყო ადამიანი. 

მდინარე ადიდებული იყო. საომარ ლაფშასაც კი უჭირდა გასვლა, მაგრამ ფონს აღარავინ ეძებდა. გავიდა ვიღაც დიდებული. მხლებლები რომ არ მიშველებოდენ, ზვირთი გაიტანდა. გავიდენ წივილ-კივილით სასახლის მოახლეები. არვის მიუქცევია ჩემთვის ყურადღება - და უეცრათ მოფრინდი შენ! 

- ახლა კი მაგონდება. მაშინ დაიღუპა შვიდი კაცი, შვიდი ვარსკვლავი ჩვენი ჯარისა. შედან ჩიჩუა, გაიოზ ფაღავა, ბახუ ჩიქოვანი, ჩემი ბიძაშვილი პეტრე, ლევან გელოვანი, ბაგრატ კორძაია. ანეპოდისტე ქოჩაკიძემ სისხლით დაცლილი ჩემი ცხენი რომ ნახა, თავისი დამითმო; მითხრა: „გასწი, თავს უშველეო; ჩემზე ფიქრი ნუ გაქვთ, ტყეში მივიმალებიო“. 

- დიახ, დიახ, ბატონიშვილო, შვიდივემ გადასდვა თავი; გამარჯვების იმედი არ ჰქონდათ; ცდილობდენ - მტერი შეეჩერებიათ, სანამ შენ სამშვიდობოში გახვიდოდი. „შემომიჯექ ცხენზეო“, - მიბრძანე, როგორც კი დამინახე. ვერ ვბედავდი, მაგრამ, რაკი განმეორებით მიბრძანე, შევჯექი; ნაბადი, ყაბალახი წყალში გადააგდე; თვით შენი საყვარელი შევარდენი თავის ნებას მიუშვი - და დაიკარგა სამუდამოთ. ყოველ განსაკუთრებულ გაჭირვების წამს ვფიქრობდი - აი ახლა კი მომიშორებს თავიდან-მეთქი, მაგრამ, პირიქით, მეუბნებოდი: „მომხვიე მაგრათ წელზე ხელი, არ გადავარდე, ნუ გეშინიაო“. ცოცხალ-მკვდარი გავედით მეორე ნაპირზე როგორც ცხენი, ისე მხედრებიც. შენ იმავე წამს დამშორდი და კიდევაც დაგვიწყებივარ, მე კი საგონებელს ჩავარდი იმ დღიდან: შენი საქციელი არ შორდებოდა გონებას, შენი სახე - ჩემს ოცნებას. შარავანდედით მოცული მეჩვენებოდა შენი სახე; გონების საზრდოთ გამიხდა შენი მოქმედება. რა ვიყავი შენთვის, დადიანის ქალისათვის, მე, კუზიანი, კოჭლი, ძონძებში გახვეული მათხოვარი? რათ გაიმეტე თავი ბებერი არსებისათვის, რომელსაც სათხებოში ძინავს და ღორის საზრდოს ნატრულობს? შევარდენი ჩემზე მეტად გიყვარდათ და გასიამოვნებდათ; ყაბალახ-ნაბადი ათასწილათ ჩემზე მეტად ღირდა!.. რისთვის დაივიწყე ისინი და გადამარჩინე მე? რისთვის გაიმეტე თავი? მე კუზიანი ვარ, კოჭლი, მოხუცი; სახე უხეში ბალნითა მაქვს შემოსილი... მაშ გარეშე სილამაზისა არის ჩემში რაღაცა... მე მათხოვარი ვარ - მაშ სიმდიდრე არაფერ შუაშია. შენთვის უცნობი ვიყავი - მაშ ჩემი გულისთვის არ გადასდებდი თავს... ლექსი არ დამიწერია, ქანდაკება არ შემიქმნია - ხელოვნებისათვის არ შემიბრალებდი... გამჭრიახი წყობით ჯარს ვერ გავამარჯვებინებ მტერზე. ჩემი გონება არაფრათ ღირს... მაშ რა არის ჩემში ფასდაუდებელი? 

ადამიანი! 

ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი. მხოლოთ ერთმა პასუხმა დამაკმაყოფილა: 

- მე ვარ ადამიანი! 

შენი გულის კუნჭულში იყო დაფარული ადამიანის ნამდვილი ფასი. მივხვდი, რომ დადიანი, ოდიშის მთავარი, ქართლ-კახეთის მეფე, თვით ყეინი სპარსეთისა და ხვანთქარი ოსმალეთისა ისეთივე ადამიანები არიან, როგორც მე, მაწანწალა მათხოვარი... ადამიანი! აი რა ცნება შემაგნებინე შენ, ბატონიშვილო!.. 

მე გავამაყდი. 

მოწიწებით ვთხოულობ მოწყალებას, გულწრფელათ ვლოცავ მომცემს, მაგრამ ჩემი თავი არ მიმაჩნია არავის უმდაბლესათ. ახლაც მშიერი ვარ, ძონძებში გახვეული, მაგრამ არაოდეს არ მავიწყდება, რომ ადამიანი ვარ... თმა-წვერი, ულვაში ერთმანეთში მქონდა არეული, - ახლა კი ჩემივე ხელით გავიკრიჭე, რადგან ადამიანათ ვიგრძენ თავი და გამეღვიძა სიყვარულისა და სიძულვილის გრძნობა...

დამებადა სურვილი შურისძიებისა და მადლობისა... 

- მოხარული ვარ, მოხარული, - სიცილით უპასუხა ქალმა. - არ მეგონა, თუ ჩემი ბავშური მოქმედება ასეთს კარგს ნაყოფს გამოიტანდა. 

- ხუთი წელიწადია დავდივარ თავის უკმაყოფილო. მსურდა რითიმე გადამეხადა შენთვის, რომ ჩემში ადამიანი გააღვიძე. მინდოდა მეთქვა შენთვის მადლობა, გამომემჟღავნებინა ჩემი სიყვარული, აღტაცება. 

- მოხუცო, შენ სიყვარულს მიხსნი! - გადიკისკისა ქალმა. 

- ბატონიშვილო, შენ ძლიერ ლამაზი ხარ, მაგრამ მხოლოთ განსაკუთრებულ წამებში უნდა იყო ჭკვიანი... მიყვარხარ, მაგრამ არა ისე, როგორც შენ ფიქრობ; გაღმერთებ, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვეულხარ... და აქ მოვედი გადამეხადა ვალი. შემიძლია არ მიყვარდე, დავივიწყო სიყვარული, - მათხოვარმა შორს გადააგდო მთის ყვავილების თაიგული. - არ ყოფილხარ ამის ღირსი, მადლიერი მაინც უნდა ვიყო... შენის წყალობით მე ადამიანი გავხდი... მიიღე ნიშნათ მადლობისა დიდის მომჭირნეობით, შრომით და თავის დაუზოგველობით ნაშოვნი - შენი საკადრისია. 

- მოწყალებისთვის სასყიდელს არ ვღებულობ, - ამაყათ უპასუხა დადიანის ასულმა, როცა თავს მოხვეულ ბურუსიდან გამოერკვა. 

- მე ჩემი მოვალეობა ამისრულებია და აწი, როგორც გსურს, ისე მოიქეცი. 

მათხოვარმა ქალის ფეხთა წინ დადვა ჩიტის კვერცხის ოდენა მარგალიტი, შემობრუნდა ყავარჯენზე დაბჯენილი ნელა გაუდგა თავის გზას. 


*** 


მთელი სასახლე გულიანათ იცინოდა ბატონიშვილის ამ შემთხვევაზე. 

ოდიშის სხვადასხვა კუთხეში კიდევ დიდხანს ისმოდა მათხოვრის სიტყვები: „მოიღეთ მოწყალება“, „განიკითხეთ საპყარი“, მაგრამ, როცა მუსაიფში ჩაებმოდა, იგი დინჯად ამბობდა: „გამხდარ თხას, დაკოჭლებულ ცხენს, ჩახმახდამტვრეულ თოფს ფასი ეკარგება; ადამიანს კი ერთი და იგივე ფასი აქვს ყოველთვის და ყველგან, იმერეთის მეფობას არგუნებს თუ დანელიას მეღორეთ გააჩენს უფალი. დადიანის სასახლე ათას ფაცხაში არ გაიცვლება; ადამიანი კი იმდენივე ღირს, რაც მთელი კაცობრიობა, ადამიანის არც გაცვლა შეიძლება, არც დაფასება, არც გამრავლება, არც გამოკლება. იგი უფასოა. იგი ერთია, მუდამ ერთი. 

ადამიანი მუდამ ადამიანია - არც მეტი და არც ნაკლები“. 

ბრბოს ეს სიტყვები აკვირვებდა, აცინებდა და თან მალამოთ ხვდებოდა დაბეჩავებულ გულზე. 

1912 წ.