Litclub.ge

ვარძია
* * *
"თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
სამოცდათოთხმეტი აქ შემისრულდა...
რა ლამაზი იყავ, ბიჭო!"

წარწერა ვარძიაში, ტაძრის კედელზე



როგორ უყვარდა... ვინ იცის, როგორ...
არც მოელოდა ტანჯვას უადრესს...
მიჰგვარეს უფალს პაწია გოგო
და პანაშვიდი გადაუხადეს!
"ნურვინ გიყვარან!"... ქალმა პატარამ
მონაზვნის კაბით დაფარა ნიჭი
და მერე ჩუმად, გულით ატარა
ხატება ერთი ლამაზი ბიჭის...
ან ვინ იცოდა, დედას შაოსანს
ვისი ღიმილი აჩნდა ტკივილად...
ის არ დაწერდა "ვეფხისტყაოსანს",
მან მხოლოდ ერთხელ დაიკივილა...
თოთხმეტი წლისას ჩააცვეს შავი,
წარსულს ჩაბარდა ლამაზი ფარჩა...
მან პოეტურად დახარა თავი
და კედელს ერთი სტრიქონი დარჩა.
იქნება, გამვლელს შეავლო თვალი...
იქნება, ბერი უყვარდა ძლიერ...
სამოცდათოთხმეტს მიადგა ქალი,
ასაკის დაღი დააჩნდა იერს...
ტაძრის კედელზე ცრემლით ნაწერი
(მთელი ცხოვრება ალბათ იტირა)
მან ამჯობინა ლექსებს გაწელილს
და დრომ ცრემლები გააქვითკირა.
ეს სევდიანი, მცირე იგავი
შენ მოგიძღვენი, ჩემო ფერია!
იქნება, ჩემი სატრფო იყავი
და ის სიტყვებიც ჩემზე სწერია?
არ ვიცი, ჩემო, რა გითხრა ახლა,
უფლის სახელით ჩაკლულო ნიჭო...
მუზას არ უყვარს ლოცვებით დაღლა...
"ეჰ, რა ლამაზი იყავი,ბიჭო!"