უფრო და უფრო იშვიათად, ძნელად მიხსენებ,
როგორც კალაპოტარეული მტკვარი მადათოვს.
ბარისახოსთან წამომადგა თვალზე სისველე,
ამაღამ ალბათ ხახაბოს და ხახმატს გადავთოვ.
დავათოვ შენი პაპის პაპის ხავსიან საფლავს,
ჟანგმიწანაჭამ საპირწონეს_ მარცხნივ სიათის.
ჩემთვის ყველა დღე უშენო და ნავსია ახლა,
და ყველა დილა_ უშენო და უხასიათო.
შენ კი იები დააღვიძე დილით ჭისპირას
და სამი შენი ციცქნა პეშვი წყალი მიართვი.
მე ეს ცხოვრება შენით მწყურვალ სიკვდილს მიპირებს,
და მეც_ დაღლილი ბედუინი_ დარდებს მივათრევ.
სადმე დამიტანს ხვალ ეგ დარდი,_ გახდა მთისხელა,
ვინმე ბერ-დედა დამიტირებს, ვინმე აღათო...
შენ ახლაც ასე იშვიათად, ძნელად მიხსენებ,
როგორც აპრილში ამღვრეული მტკვარი მადათოვს.