Litclub.ge

ელვებზე მონადირე
    ღამის ორ საათზე ბესო სხვის სახურავზე იდგა და მეხს ელოდებოდა. ორშაბათს AUF-მა უფულო, მაგრამ ზარმაც რეჟისორ ბესოს  არტ-კლიპი დაუკვეთა - "ფოტოგრაფი ჭექა-ქუხილში". 
    "სამართალმა პური ჭამაო. არა-და ჩემსავით კაი ხნის მშიერია. თან მცივა. მიდი რა, დაუგრუხუნე... არ გინდა?! ასეთი ნახევარფაბრიკატი ლირიკული სიუჟეტები დასპირტული ღვინოსავით მძულს, მაგრამ ამ ათასმა დოლარმა გემოვნება შემიცვალა, ვიდრე არ გამოილევა. მიდი რა, დაუგრუხუნე... როგორ უნდა გიჭირდეს, ჭექა-ქუხილსა და შარაბიძეზე იყო დამოკიდებული".
    2:05. მძინარე ქალაქს ყოველდღიური ღამე ჰქონდა მისჯილი - ბაზრის მხრიდან ორი ლოთი საქმიანად მოფორთხავდა; შეყვარებული შეყვარებულის ფანჯერასთან გიტარას და მეზობლებს ასირინადებდა; სასწრაფოს მძღოლი ოთხჭიქიანი ყანწით ბენზინს მათხოვრობდა, თან, რატომღაც, ჰიტლერს აგინებდა; მშიერი ფუცანა ძაღლი ფუცანა კატას ხიდან ჩამოთრევას ევედრებოდა; რამოდენიმე ათასი აღტკინებული სპერმატოზოიდი იტალიური პორნოგრაფიის სარეკლამო გამტიხვრას აქტიურად აპროტესტებდა.
    ცხრანაირად შეფუთული ბესო კი უმთვარო ღამეში ცხელი კაკაოს მზეს ფიცულობდა.
"ცხელი კაკაო, სოკოს ღვეზელი. არ მეყოფა. ერთი თასი სოკოს ღვეზელი, სავსე თერმოსი ცხელი კაკაო და 2-3 ცალი სკანდალური ელვა. მეტი არაფერი. მერე - სამოყვარულო არტ-კლიპების ფესტივალი კოპენჰაგენში, ან მილანში. მთავარი პრიზი - მისტერ ბე-სო ბე-რიძე! არტ-კლიპი "ელვებზე მონადირე". არა, სათაურს პოეზია აკლია, ძალიან მუშურ-გლეხურია. "მე და ღამე" - ძალიან პოეზიაა. "ათას მეორე ღამე" - ეროტიკა... ცხელი კაკაო და სოკოს ღვეზელი მინდა. ცხელი კაკაო და სოკოს ღვე-ზე-ლი. აი სათაური! თავმდაბლობის გარეშე - გენიოსი ვარ! ძეგლი! დაჯილდოვების ცერემონია მიჰყავს შარლიზ ტერონს. არა, ლეტიცია კასტა სჯობია. მიჰყავს ლეტიციას: "ბესო, იქნებ აგვიხსნათ, საიდან მოვიდა ასეთი ეგზისტენციალური სათაურის იდეა?". მე რაღაც ჭკვიანურს დავახეთქებ, მოვხვევ ლეტიციას ხელს და სასიმინდის უკან... კოპენჰაგენში რომ სასიმინდეები არა აქვთ! სასტუმრო არაპოეტური, მუშურ-გლეხურია... მაშინ - ქარის წისქვილების უკან. გარსია ლორკას წავუკითხავ ესპანურად და - "Bესო, I'მ ცოლდ". ვისაც ცივა და შია -ცხელი კაკაო და სოკოს ღვეზელი.
    სად ხარ ლეტიცია?
    მე სახურავზე ვარ, მცივა და მენატრები.
    ელვა, შენ მაინც სად ხარ?".
    2:15.


    ცა სატირლად ემზადებოდა, ოღონდ არ წვიმდა. ოთხმოცი წლის მოხუცი რომ ზრდილობისათვის გააპუებს, ისე წაიქუხილა ერთი და გაჩერდა, ვითომ წაცდაო. უამინდობით დაღლილმა ბესომ სამ საათზე ღრუბლებს მშრალი კანონი აგინა, თუმცა უშედეგოდ. მერე ააფურთხა და ოდნავ ააცილა... საკუთარ თავს. ეს ერთადერთი ნალექი იყო, რაც იმ ღამეს მოვიდა.
"ხვალ გვერდით სახურავზე გადავალ, იქედან უფრო სერიოზული გამოვა. ნახევარ საათში ცდა მომბეზრდება. გიხაროდეს, შარაბიძე! არა-და სულ მაგის ბრალია, მთელი დღე ყვავივით ჩხაოდა - არ იქნება ელვა, არ იქნება ელვაო. და მართლა არაა! იყოს კარგი დრო - კუდიანობისთვის კოცონზე დავავიჩინებდი, მერე ძვლებისაგან საპონს გავაკეთებდი, თუ საერთოდ არ გადავყრიდი".
შარაბიძეს რომ მოესიყვარულა, უფულო, მაგრამ ზარმაცმა რეჟისორმა მთელი არსება ფოტოკამერას უძღვნა. თავი სნაიპერად წარმოიდგინა და მეექვსე მცნების დასარღვევად "ოპტიკური სამიზნე" მომართა. დამიჯერეთ, ქალწული უფრო ადვილი საპოვნია ნიუ-იორკში, ვიდრე ვინმე გზააბნეული 3:10-ზე ჩვენს ქუჩებში. ვისაც არ სჯერა, ცარიელი კუჭით დამძიმებული მარტის კაპარჩხა ნაშუაღამევს სხვის სახურავზე ავიდეს ნანათხოვარი ფოტოკამერით.
ბესოს ეგონა ნახატს ათვალიერებდა. "ერთი, რაც მოძრაობს-ჩემი სისხლია, მეორე-დედამიწა. ირგვლივ ყველა ფანჯერა ჩაბნელებულია, "ნაჩნიკიც" არავის დარჩა ჩართული, მძინარე ოთახი რომ  დამეთვალიერებინა. დავუშვათ, ჩვეულებრივი ხალხი ახლა ხვრინავს, მაგრამ ვამპირები?.. მარტო კინოში არიან? მშვენიერი ღამეა, გამოვიდნენ, მთვარეს სისხლი დაალევინონ. მე - გავერთობი, თვითონ - დანაყრდებიან... დანაყრდებიან?! ხახვში მომწვარი, მწვანილებით მონათლული შამპინიონი ღვეზელში...".
და უცებ - მოპირდაპირე სახლის აქამდე უინტერესო ფანჯერა ამ წინადადებიდან აღარ იყო უინტერესო. ბესოს სამ წამში დაავიწყდა ცხელი კაკაოთი სავსე თერმოსი, დრაკულა თავისი ავადმყოფი ფრანკინშტეინებით და ღერძის გარშემო მოტრ(ფ)იალე დედამიწა.
ახალგამოღვიძებულ ოთახში შემოვარდნილმა წყვილმა ველური აკაუჩების პირდაპირობით "მე შენ მიყვარხარ" დაიწყო ჯერ ტუჩებში. ფარდა დანიშნულებას არ ასრულებდა, თამაშგარეში ეკიდა. ობიექტივის ფანჯერასთან დაახლოების პროპორციულად იზრდებოდა ბესოს... ნერწყვის გამოყოფა. ის, რაც ახლა იფიქრეთ, ამის შემდეგ იზრდებოდა. 3:30-ზე რუბიკონი გადაილახა და არათუ ჭექა-ქუხილი, მთვარე ორთავე დათვთან ერთად რომ ჩამოვარდნილიყო, ბესო ცალი თვალის მომცდენიც აღარ იყო. მით უფრო, როცა ქალში ყოფილი თანაკურსელი - მარია - შეიცნო.
იყო დრო, ბესო სულსაც გაჰყიდდა, ოღონდ მარიას მოესურვილებინა, თუმცა, რატომღაც, გოგოს უფრო მატერიალიზებული მოთხოვნილებები ჰქონდა და თეორიული პოეტიკა არ აინტერესებდა. ქალაქში ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა მარიასაგან გამობაობაბება, ის კი კვლავ რომივით ამაყი და ტროასავით აუღებელი რჩებოდა. მეორე კურსზე ტროა მოხულიგნო ავტორიტეტ "ჩაქუჩას" ისე დანებდა, ხის ცხენი საჭირო აღარ გამხდარა. გავიდა ათი წელი და "ილიადისაგან" განსხვავებით მარია-ტროა ხელმერამდენედ აიღეს ბესო უკვე ვეღარ გიპასუხებდათ. აშკარაა, ტრიუმფატორი ჩაქუჩა-აგამემნონი არ იყო.  
ფარდა დანიშნულებას ახლაც არ ასრულებდა, კვლავ თამაშგარეში ეკიდა. მარიას პარტნიორის "ჩამოკიდებული" პირიქით, ლივე-ში ოფსაიდების გარეშე მუშაობდა და თან აქტიურ პრესინგს მიმართავდა. ბესოს თავში კი ერთი ველური აზრი მწიფდებოდა თანდათან...

11 საათისთვის გაიღვიძა. ღამის შოუს გახსენებამ რეჟისორს ხმამაღლა ერთადერთი რამ ათქმევინა - "რაც მოგივა მარია, იცოდე, შენი ბრალია", მერე ცას ახედა და ჰიდრომეტცენტრის მომგონი მოთხარა. ზარმაცმა ბესომ იმდენი მოინდომა, წვერის გაპარსვა-თავის დაბანა ერთი-მეორის მიყოლებით მოახერხა. დედამისი თვალებს არ უჯერებდა.
ზუსტად 15:00-ზე ზარი დარეკეს. ამ ბინის შესახებ ორადორმა ადამიანმა იცოდა, ორთავეს გასაღები ჰქონდა, თან რომეო საღამომდე ვერ დაბრუნდებოდა. მარიამ დამწვრობის სუნი იგრძნო, მაგრამ კარის გაუღებლობა არც უფიქრია. გზააბნეული მეზობლის მაგიერ რომ ყოფილი თანაკურსელი შერჩა, მიხვდა - ჯერ უნდა ეფიქრა. ბესოს უაზრო შესავლები არასოდეს უყვარდა, ამიტომ მიკითხვ-მოკითხვის შემდეგვე ათიოდე ფოტოსურათი გადასცა. ზემოთნახსენები დამწვრობის სუნი პირველივე ფოტოს შემდეგ ჩიკაგოს დიდ ხანძარში გადაიზარდა.  სტუმარი ღვთისააო-სმენოდა მარიას, ოღონდ ამ სტუმარს ღვთიურობის არაფერი ეტყობოდა! ბესო უკვე ნაცნობ ზალა-ოთახში შეიპატიჟა. ქალი გარე სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ისე იქცეოდა, თითქოს, საოჯახო ალბომს ათვალიერებსო. ბესომ ძველი დრო გაიხსენა, წამიერად გამობაობაბდა - მარია ახლაც კი ამაყ, დიად რომს ჰგავდა, მართალია ვესტ-გოთებისაგან ოდნავ შეურაცხყოფილს, მაგრამ მაინც რომს. 
- რამდენი? - თავაუწევლად იკითხა ქალმა. 
წამი გავიდა. ბესო განბაობაბდა.
- რამდენი რა?
- მეშაყირები?! ფული რამდენი?!
- ფული არ მინდა!
მარიამ იკადრა და თანამოსაუბრეს ახედა.
- შენ ფული ყოველთვის გინდოდა, ბესო...
- ოღონდ დღეს არა!
- მაოცებ. და გისმენ.
- კარგი... კვერცხი უნდა შემიწვა... შიშველმა...
ახლა მარია გამობაობაბდა. ვერ გაეგო, "ეშაყირებოდნენ" თუ არა, მაინც ანერვიულდა. რომი პირველად ემსგავსებოდა საცოდავ პროვინციულ სოფელს აღმოსავლეთ რუმინეთში. 
- ბიჭო, შენ... -შეშფოთებული, უფრო კი შეურაცხყოფილი ქალი უშედეგოდ ეძებდა საჭირო სიტყვებს.
- მარია, იცი, მიყვარდი, მაგრამ შენ ისეთი შეუგნებელი და პატივმოყვარე "სტერვა" იყავი, ჩემნაირს კაცად არასოდეს აღიქვამდი. გეგონა, იმიტომ ვარსებობდი, შენთვის ყოველ წელს საკურსოები მეწერა? რატომ მიყვარდი აქამდე არ ვიცი... 
არა, თუ შემოთავაზება არ მოგეწონა, მე ახლავე წავალ. - ბესო წამოდგა - ეს გქონდეს, მე კიდევ დავბეჭდავ.
- და...
- აბა, სამი ცდიდან თუ მიხვდები?
უფულო რეჟისორმა არ იცოდა, მის ერთ დროს საოცნებო ქალბატონს თუ ასეთი "ჩუგუნი" ლექსიკონი ჰქონდა. აშკარად "ჩაქუჩას" გავლენა გამოკრთოდა კი არა, პირველყოფილი სიშმაგით მოთხლიშინებდა. შემდეგ ზაფხულის წვიმისავით მოულოდნელად გადაიღო. გვარიანად დასველებული ბესო ისევ დაჯდა, შიშველი ტაფამწვარის პერსპექტივა უკვე ნელ-ნელა იკვეთებოდა. "ჩაქუჩა" რომ ძალიან ეჭვიანი და თავისებურად მოსიყვარულე ქმარი იყო, მთელმა ქალაქმა იცოდა. 
410 წელს ვანდალების ბელადმა ალარიხმა პირველად აიღო რომი. 
მარიამ პირობა სრულად მიიღო, შესაბამისად ბესოც სრულად გამობაობაბდა. სამოსისაგან განძარცვული ქალი სატაფამწვაროდ გამშვენიერდა. თავისი გულის ფეთქვა ასე გამაყრუებლად ბესოს ჯერ არ სმენოდა. მზარეულის ყოველი მომდევნო მოძრაობა წინაზე გრაციოზული  იყო, თუმცა მკვეთრ ტანთრხევებს შეძლებისდაგვარად ერიდებოდა. შიშველი ქალები ბერიძეს არასოდეს უკვირდა, არც კი ახსოვს როდის "მოინათლა", მაგრამ ახლა მარია ჯუჯებში ფიფქიად გამოჩნდა, ან რომაელ პოეტებში-ვერგილიუსად. ბესო ბაობაბზე თანდათან ჰკარგავდა კონტროლს და მალე საკონტროლო პაკეტსაც დაბრუნების იმედის გარეშე დათმობდა. 
ძნელი წარმოსადგენი არაა, რას უზამდა რომს ოდოაკრი 476 წელს. ასე დაინგრა ლეგენდა ამაყ, ოდესღაც ყოვლისშემძლე მარადიულ ქალაქზე.  
დამცავ გარნიზონს წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით, კარიბჭე თავად გააღო და ბრძოლამოწყურებულ ვესტ-გოთს უსახელოდ ჩაბარდა. ასეთ ტრიუმფს ადრენალინი აკლდა, გამარჯვებას-სიხარული. ეგონა, საოცნებო რომი კი არა, განჯა აიღო. განჯას აღება რად უნდოდა.. მარიას უსიცოცხლო სახეზე სოლომონ ბრძენიც ვერაფერს წაიკითხავდა. ქალი ცდილობდა ბესოს ნაკლები სიამოვნება მიეღო. ასეც მოხდა. მერე, მშვიდად ადგა და ხალათი მოიცვა.
- მე შენ მოგკლავ. - ისე თქვა, თითქოს ფერადი სიზმრები უსურვაო.
ბესომ ხუმრობად ჩათვალა,
- როდის?
- შეიძლება დღეს, შეიძლება გაისად, მაგრამ აუცილებლად მოგკლავ. - ფოტოფირი ჯიბეში ჩაიდო - იქედან გადაიღე?
- აი, იმ სახურავიდან. ელვას ველოდებოდი და დღესაც დაველოდები, ოღონდ აღარ გადაგიღებ, ჩვენს კონსტიტუციას გეფიცები.
- წადი!.. წაეთრიე, ავადმყოფო!... გისურვებ ცოცხლად დალპე, ნელ-ნელა.
- მირჩევნია შენ მომკლა, მარია.
მარიამ გააბოლა, კვლავ გუშინდელი ფოტოდისლოკაციის ადგილს ათვალიერებდა. 
- ეს ერთადერთი თხოვნაა, რომელსაც შენნაირ ნაკაცარებს უსრულებენ.
ხმის ამოუღებლად დაშორდნენ. ბესო, ვითომ, შეეცადა, მაგრამ ქალის თვალებმა ყველა სურვილი დაუკარგა. "ვარ თუ არა დამნაშავე? არა! იჯდეს სახლში და გამოაცხოს სოკოს ღვეზელი. ალბათ, არ იცის. ამიტომ რაც იცის... მისია შესრულებულია მათი თხოვნით, ვისაც გული ატკინე. უბრალოდ, ბესოს გაუმართლა. 
თითქოს, ოცნება ავიხდინე, არა-და დასახვრეტად მიმავალი ბაბუაჩემი უკეთეს ხასიათზე იქნებოდა. ათი წლის წინ მარია იყო ჩემი ყველაფერი- ჰაერი, წყალი, სიზმარი, მიზიდულობის კანონი, მწვანე ჩაი, სან-ფრანცისკო, ბალახის ჰოკეი... დღეს კი ყველაფერი ეს ერთად გავაბაობაბე. მარია არ შეცვლილა. მე? რატომ დაბოდიალობს გვერდზე-გვერდზე? ყოფილიყო წყნარად, ეჭორავა დაქალთან... ახლა მეც მშვიდად ვიქნებოდი... არ აენთოთ სინათლე, ვითომ ბნელში ვერ მიაგნებდნენ?! ან ფარდა... ყველაფერი მაგათი ბრალია - მე ლენინივით სტერილური ვარ. სახლები რამ დალია, ამას არ მიხტომოდნენ".

2:05. მძინარე ქალაქს ისევ ყოველდღიური ღამე ჰქონდა მისჯილი - ბაზრის მხრიდან უკვე სამი ლოთი და ერთი კალისტრატოვიჩი მოფორთხავდა; შეყვარებული შეყვარებულის ზალაში ოთხ ჭიქიან ყანწთან მარცხდებოდა, გუშინ გამოსირინადებული სასიმამრო კი - "თუ ბიჭი ხარ, ახლა იმღერეო" - აძალებდა; სასწრაფოს მძღოლი ჩელებაძის ქუჩას ეძებდა და რატომღაც, სიდედრს აგინებდა; დანაყრებული ფუცანა ძაღლი ფუცანა კატის ძვლებს მეექვსე საათია ინელებდა; სიახლის გარეშე მხოლოდ რამოდენიმე ათასი აღტკინებული სპერმატოზოიდი ვერ ისვენებდა და იტალიური პორნოგრაფიის სარეკლამო გამტიხვრას  ჩვეული აქტივობით აპროტესტებდა.
ცხრანაირად შეფუთულ ბესოს ცხელი კაკაოსათვის აღარ ეცალა... საცაა ცა კონონადას დასცხებდა. შეპირებული ათასი დოლარი ბანკნოტების ფორმას იღებდა, ცნობილი სოკოს ღვეზელიც ზურგჩანთაში იდო. ბესოს ბედნიერებას 5 წუთი უკლდა. როგორც იქნა, ცამაც გააპუა, ჯერ მსუბუქად. წინა საღამონდელი ფოტო-ადგილი შარაბიძესთან თათბირის შემდეგ მეზობელ სახურავზე გადაიტანა. მარიას ფანჯერას ახლა სხვების მსგავსად ეძინა.

შემდეგ ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. მარია ჩრდილივით მიეპარა. ცა სკოლაში წასასვლელი პირველკლასელივით ემზადებოდა. რეჟისორმა მობილურზე ნომერი აკრიბა.
-სამწუთიანი მზადება: ვმუშაობთ გეგმის მიხედვით! იცოდე, შენი იმედი მაქვს. 
კაცი სახურავის კიდესთან მივიდა, თურმე, არ უნდა მისულიყო. როცა შემოტრიალდა, მარია დაინახა, შიშს დიდი თვალები აქვს. დაბნეულმა ქალმა ხელი ინსტინქტურად ჰკრა. ასე გადაფრინდა... შარაბიძე - მოთხრობაში ყველაზე წესიერი ადამიანი და არტ-კლიპის ოპერატორი. დამიწებამდე "შარამ" ერთი გაიფიქრა, რას მერჩოდაო... მეტზე დრო არ ეყო. არანაკლებ გაკვირვებულმა მარიამ "შემოქმედებას" გადმოხედა. "ნეტა, ვინ იყო? თუმცა ახლა რა მნიშვნელობა აქვს. ბესო, ყველაფერი შენი ბრალია!". მოეჩვენა - ზეცა ცოდვილ ქალაქს ბომბავდა. ჭექა-ქუხილი ჟანრის საუკეთესო ტრადიციების თანახმად გრგვინავდა. გვერდით სახურავზე აღმოცენებული ბაობაბი კი მორიგ სკანდალურ სერიაზე მუშაობდა - “კოქტეილი "სისხლიანი მარია"”. 
"ეეეეჰ!
სად ხარ ლეტიცია?
    მე კვლავ სახურავზე ვარ, მცივა და მენატრები.
    მგონი, კოპენჰაგენში ვეღარ გნახავ... ვერც მილანში... მხოლოდ სიზმარში... მაპატიე...".
ბესოს თავში ძალიან ველური აზრი მწიფდებოდა თანდათან... 
    3:45.