Litclub.ge

მეფე-მორიელის წყევლა
ციკლიდან: "პოემატოგრაფი"
ფილმი: მუმია-2 - "მუმია ბრუნდება"


ისევ ვგრძნობ გემოს
ცხელი სისხლით გაჟღენთილი უდაბნოს ქვიშის...
იმ მორიელის ნარჩენებიც ისევ ისე მიყრია პირში,
მე რომ შევჭამე,
როცა შიმშილით სიკვდილი მელოდა,
ანუბისს რომ მივყიდე სული
და იმ დღიდან ვეღარ ვგრძნობ მთავარს
(პრინციპში, აღარც მინდა, ვიგრძნო!) - დამავიწყდა,
რა არის შიში...
და ასე, ვზივარ ჩემთვის საკუთარი წარსულის ჩრდილში.
მე ვფიქრობ (ფიქრის დრო საკმაოდ მაქვს, დამერწმუნეთ)
დროზე, ვფიქრობ ჩემი შავ-ბნელი ფიქრით,
ვფიქრობ, რომ ამ და იმ ქვეყნად ყველაფერს
აქვს თავისი ფასი და ნიხრი...
ქედს ვიხრი
იმ უზარმაზარი, ჩემზე და პირამიდებზე
უფრო დიდი და ძველი ძალის - მარტოობის წინაშე,
რომელმაც მომცა ყველაფერი, რაც ვერ მომცა მეფობამ,
მომცა ცოდნა,
მომცა ნახევარი მორიელის სხეული და...
თანაც ფეხები ცხელ ქვიშაში აღარ მეფლობა!
მე მარტოობამ მომცა ანგარიშის უნარი,
მასწავლა წერა-კითხვა,
მაჩვენა წარსული და მომავალი,
მომცა სათქმელი,
რომლის დიდი ნაწილი ჩემს გარეშეც, თავისთვის
ითქვა!
მე ვიცი, რომ საუკუნეების შემდეგ,
ხალხი, რომელიც ჩვენმა ფარაონმა გააძევა ქვეყნიდან,
ჯვარს აცვამს ღმერთს, რომელიც ასევე მარტოა,
თუმცა სამია.
(ხომ ვეუბნებოდი რამზესს, რომ ჰოლოკოსტი იყო
საჭირო
და არა გაძევება)
მე ვიცი, რომ ამ ჰოლოკოსტს დაიწყებს
კაცი,
რომელსაც ექნება ულვაშები და რომელიც ასევე მარტო იქნება,
და მას შეაჩერებს კაცი, რომელსაც ასევე ულვაშები
ექნება
და ასევე მარტო იქნება.
როგორც ხედავთ, მარტოობაში ადვილია ჭეშმარიტების მიგნება.
მე ვიცი, რომ ერთი კაცი, რომელიც მარტო იქნება,
11 სექტემბერს დაანგრევს ორ პირამიდას, ოღონდ უფრო
მაღლებს,
მე ვიცი, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში ბოლოს მაინც
იხილავთ "ახლებს",
და თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხარ, ხელს ვერვინ გახლებს.
მე ვიცი, ვინ იქნება ამერიკის ახალი და
საქართველოს ძველი პრეზიდენტი.
მე ყველაფერი ვიცი.
მე ვიცი, რა მოგელით თქვენ, თითოეულ თქვენგანს,
მე ვიცი, როგორი იქნება (ან საერთოდ, იქნება
თუ არა)
ბირთვული ომი,
ან როდემდე იარსებებს უძველესი რომი თავისი
იმპერიით.
მე ვიცი, როდის მოკვდება თითოეული თქვენგანი.
და მე, მეფე-მორიელი, ვამბობ:
ვინც დაარღვიოს ჩემი მარტოობა,
ვინც გამაღვიძოს და ჩემში მორიელი გააღვიძოს,
ვინც გახსნას ჩემი ჩრდილის სავანე,
მას მიეცეს იმ ყველაფრის ცოდნა, რაც მე ვიცი.
ვამტკიცებ ფიცით!