ეს ამბავი 1941 წლის აგვისტოში დაიწყო და ზუსტად ორი წლისთავზე გათავდა. ომი სულ რაღაც ორი თვის გამოცხადებული იყო, მისმა სუსხმა რომ ჩვენს სოფელს მოაღწია. ასეა თუ ისე, შეძლებულ ცხოვრებას მიჩვეულმა გლეხმა უცებ ვერ აწონა ქვეყნად მომხდარი საშინელება, უცებ ვერ დააგდო ხელგაშლილი ცხოვრება და უკვე აგვისტოში, ბევრის ბეღელი, ჭური და სალარო დაცარიელებული აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ოჯახს ასე დაემართა.
წყალმანკით დაუძლურებული და ძვალგაციებული ბაბუაჩემი სპირიდონი დღედაღამ ბუხართან იჯდა და მთელი ოჯახის სიმძიმე მე მაწვა კისერზე. სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო ტყიდან შეშისა და ფიჩხის თრევას ვერ ვუთავდებოდი, რათა ძვალგაციებულ ბაბუას ბუხარი არ გაპარვოდა.
1941 წლის 25 აგვისტოსთვის ყველაფერი გაგვითავდა. ბაბუაჩემმა განჯინიდან თავზე ტაროს ნაქურჩლებით დაცობილი, მისი ღვიძლის მომნელებელი, არყით სავსე ათლიტრიანი ბოცა გამომატანინა და მითხრა:
- ჩადგი გოდორში, წაიღე ჩოხატაურის ბაზარში და ერთ ფუთ სიმინდში გადაცვალე. ვინც ნაკლები შეგაძლიოს, დაამხვე თავზე ბოთლიანად და წამოდი. ამის ფასი მარტო მე ვიცი, ბჟოლისაა და 80 გრადუსია. - მერე სევდიანი თვალი გააყოლა ბოცას, ამოიოხრა და ხელით მანიშნა - წადიო.
ბოთლის თავზე დამხობა კი არა, ბაზარში არყის ისეთი სპეციალისტი შემხვდა, ერთი ფუთი ფრჩხილის სისხო ყვითელი სიმინდის კაკალიც ჩამიჩხრიალა ტომარაში, სამი თუმანიც ჩამიკუჭა ჯიბეში, ლოყაზეც ხელი მომითათუნა და მეორე კვირისათვის ისევ იმ ადგილზე დამიბარა.
ბაზრის პირდაპირ რომ სასადილოა, იმის კარი შევაღე და გოდრიანად მივადექი დახლს.
- კატლეტი გაქვთ? - ვკითხე მებუფეტეს.
- ფული გაქვთ? - მკითხა მებუფეტემ.
- კი!
- რამდენი?
- სამი თუმანი.
- მაჩვენე!
ვაჩვენე!
- დაჯექი არა, აგერ და მოგიტან!
- სამი პორცია! - ვუთხარი მე და გოდორი მოვიხსენი.
- შენ, ბიჭო, უდღეური რომ არ ხარ? - გულწრფელად მკითხა მებუფეტემ.
- მშიერი ვარ მე! - განვუმარტე.
- კარტოფილით მოგიტანო, თუ მაკარონით?
- ორი მაკარონით და ერთი კარტოფილით, სამივე პორცია ცალ-ცალკე.
- ლიმონათი რამდენი?
- ლიმონათი სამი, - ვუთხარი მე და ქამარი წინდაწინ მოვიშვი.
მებუფეტე ისე დამაკვირდა, შევატყვე, ისევ უნდოდა ეკითხა - უდღეური ვიყავი თუ არა, მაგრამ გადაიფიქრა. ყველფერი რომ მომიტანა, ალერსით მკითხა:
- ის სამი თუმანი რომ მაჩვენე წეღან, რა უყავი!
- აგერ მაქვს! - ვუთხარი რიხიანად და წითელი სამთუმნიანი დავაძრე ჯიბიდან. მებუფეტემ ფული გამომართვა, სინათლეზე გახედა. ჭუჭყიანი ხალათის ქვეშ რომ უფრო ჭუჭყიანი ხალათი ეცვა, იმის გულისჯიბეში ჩაიდო - თავისუფალი ხარო, - გამიღიმა და წავიდა.
სასადილოში დაბალი, გრძელი და შავი ძაღლი შემოიძურწა, ფერდები ჩაცვენილი ჰქონდა. რამდენჯერ ამიარ-ჩამიარა, თან ირიბად მიცქეროდა. არაფერი რომ არ ვუთხარი, ახლოს მოვიდა. კატლეტი ვერ გავიმეტე და ჭიაყელასებური მაკარონი გადავუგდე. ჰაერშივე გაქაჩა და გადაყლაპა. გათამამდა. ახლა კუდის ბაკუნითა და ნერწყვის ყლაპვით წინ დამიჯდა. ისევ ვესროლე მაკარონი, ისევ ჰაერში გადასანსლა. მერე, ყურადღება რომ აღარ მივაქციე, დამიყეფა, - მომხედეო!
- გადი, ძაღლო, გარეთ, შენი ბანალი დაიწვა! - გაუჯავრდა მებუფეტე.
- რა ქვია? - ვკითხე.
- რა ვიცი, მაგის პატრონი გადაშენდა!
- ვისია?
- რა ვიცი, მოუკვდა პატრონი. გადი, ძაღლო, გარეთ! - დანა მოუღერა მებუფეტემ.
ძაღლმა კუდი ამოიძუა და გარეთ გავიდა.
მოვრჩი ჭამას, გოდორი მოვიკიდე და კარისკენ წავედი. მართლაც ნამეტანი მომივიდა. სულს ძლივს ვითქვამდი.
- ხურდა არ მერგება? - ვკითხე სხვათა შორის.
- გადაგყვები ზედ! - მითხრა მებუფეტემ.
- სულ არა? - ვცადე ბედი.
- უბედური შენი მარჩენალი.
შეეცოდა ბაბუაჩემი მებუფეტეს. გარეთ რომ გამოვდიოდი, თვალი მოვკარი, ის ძაღლი ისევ შეიძურწა სასადილოში. სოფლის გზას დავადექი, ათი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, ძაღლის, ენით აუწერელი კივილი მომესმა. უცებ შლიგინით ჩამიქროლა გადარეულმა ძაღლმა, ხიდის ქვეშ წყალში შევარდა, მერე ამოვარდა წყლიდან, სილაზე დაგორდა და საცოდავ წკავწკავს მოჰყვა. მოვიხედე. სასადილოს კარებში ცხვირგარუმბებული მებუფეტე იდგა, ხელში ქვაბი ეჭირა, ქვაბს ოხშივარი ასდიოდა.
- დადუღრე? - ვკითხე.
- არა, ფეხები დავუთბილე! - გაიკრიჭა მებუფეტე.
- ვირიშვილი ხარ შენ! - ვუთხარი მე.
მებუფეტე გაშტერდა, მერე ქვაბი დადგა, მარჯვენა მკლავი დაიკაპიწა და გალურჯებული სახით წამოვიდა ჩემსკენ.
- დამიცადე მანდ!
გოდორი ჩამოვდგი, დავიხარე და გზის პირას დაგორებული დიდი ქვა ავიღე. მებუფეტე მონუსხულივით შედგა. ერთხანს ასე იდგა, მერე, სილურჯემ რომ გადაუარა, თავი სინანულით გადაიქნია და სასადილოში შებრუნდა.
●
ძაღლი ხიდის ქვეშ იწვა, ორივე თათი დადუღრული ცხვირპირზე ჩამოეფარებინა, წყალში გალუმპულს დროდადრო ასლოკინებდა და სიმწრით წკავწკავებდა. ახლო რომ მივედი, შემომიღრინა. დავაკვირდი. მარჯვენა თათიც დადუღრული ჰქონდა.
- მომიშვი! - ვუთხარი. - ეს რა მიქენითო, შემომიტია წკმუტუნით. წინ ჩავუცუცქდი. მოლოდინში გაიტრუნა, დაუშავებელი მარცხენა თვალიდან ცრემლი ღვარად ჩამოსდიოდა. რა ვუყო ახლა ამას. - გავიფიქრე, მერე ხალათი გავიხადე, პერანგი შუაზე გავხიე და წყალში დავალბე. თვალის ახვევა რომ დავუწყე ისევ ატირდა. თათიც რომ შევუხვიე ხელი ამილოკა, ვეღარ მოვითმინე, სილაზე დავჯექი და მეც ტირილი დავიწყე. ძაღლი რის ძაღლია, კაცის ტირილის მიზეზს თუ ვერ მიხვდა. მომიჩოჩდა და თავი კალთაზე დამადო.
მახსოვს, 14 წლის ვიყავი, გერვასი ჯაბუას თინა რომ გათხოვდა ნაბეღლაველ არსენა სიამაშვილზე, მაშინ ვინატრე პირველად - ღმერთო, ახლა მქენი 20 წლის და ამ ანგელოზივით ქალს ამას როგორ გავატან-მეთქი... და ახლა ვინატრე მეორედ: - ღმერთო, ახლა იმ მებუფეტის ხნის მქენი და მერე მომკალი-მეთქი. და არასდროს ისე არ მინატრია ნატვრის ასრულება, როგორც ახლა, ამ პატარა ხიდის ქვეშ.
●
- ვინაა, ბიჭო, ეს? - მკითხა გაკვირვებულმა ბაბუამ, გოდრიდან რომ დაფუფქული ძაღლი ამოვიყვანე და წინ დავუსვი.
- ძაღლია! - ვუთხარი მე.
- რა უგავს ძაღლს? - თქვა ბაბუამ და მიმქრალ ბუხარში შეაფურთხა.
- მებუფეტემ დადუღრა!
- წუწკია ალბათ! - გაამტყუნა ძაღლი ბაბუამ.
- მშიერია! - გავამართლე მე.
- მოხსენი მაგი ჭინჭები! - მითხრა ბაბუამ.
მოვხსენი. ბაბუამ დაშავებულ ადგილებზე დახედა.
- ცუდ დროს კი დაუდუღრავს იმ უგვანოს, მარიამობის თვეა, ამ სიცხეში როდის შეუხორცდება... წადი, ერბო მოიტანე და დაადევი ზედ, ცოტას დაუამებს, თვალზე რა ეშველება, თორემ თათს კი მოირჩენს ლოკვით.
როგორც მითხრა, ისე მოვიქეცი. დილით უკვე ჩვენს ეზოში ძაღლი ყეფდა, მართალია, ჯერ სუსტად და გაუბედავად, მაგრამ მაინც ყეფდა.
●
რა არ ვუძახეთ მე და ბაბუამ ძაღლს: ხან ჯეკა, ხან ბროლია, ხან ჯულბარსა, ხან რა და ხან რა, არც ერთზე ხმას არ გვცემდა. ძაღლის ნამდვილ სახელს რომ ვერ მივაგენით, უბრალოდ „ძაღლო“ შევარქვით. ერთი თვის თავზე დადუღრული თათიც და თვალიც მოურჩა. დანადუღრავ ადგილზე ახალი, თოვლივით თეთრი ბანალი ამოუვიდა. ეს ბანალი ისე მოუხდა, სოფლის ბარე ორი ძაღლი ვერ გაეჯიბრებოდა სილამაზეში.
სხვა მხრივ, როგორც ძაღლი, სხვა ძაღლებისგან მაინცდამაინც დიდი ნიჭიერებით არ გამოირჩეოდა, ეს კი იყო, ბავშვებს და ქალებს არ ერჩოდა, ჩვენს ერთადერთ, კვერცხისმდებელ, კისერყინტორა ქათამსაც სცნობდა, ათას სხვა ქათამში გამოარჩევდა, თუმცა ძაღლმა ესეც თუ არ ქნა, მაშინ რაღა ძაღლია, კაცთაგან კი ბაბუასა და ჩემს გარდა დედამიწაზე მისთვის სხვა კაცი არ არსებობდა. ეს კაცთმოძულეობა ალბათ მებუფეტემ რომ დადუღრა იმ დღიდან დაჩემდა.
რამდენჯერ უთქვამთ მეზობლებს საყვედურით:
- სპირიდონ, ძალიან გვინდა მოსვლა, მაგრამ ამოგვიკვეთა ფეხი შენს ოჯახში ამ უჯიშომ. მაგისი შიშით სკვინჩა ვერ შემომჯდარა შენი ღობის სარზე, ან დააბი, ან გადააშენე აქედან.
ბაბუა ისე დაუმეგობრდა ძაღლს, უმალ მე გამაგდებდა შინიდან, ვიდრე მას. შეშის მოსატანად თუ წამყვებოდა ხანდახან, ან წისქვილში, ისიც ღამით, თორემ სხვა დროს იწვა ბაბუას ფეხებში გაწვართული და მის განკარგულებას ელოდა. თვალები თაფლისფერი ჰქონდა, სევდიანი და ჭკვიანი, მოძრაობა ზანტი, მაგრამ საკმარისი იყო ხიდან ვაშლი ან მსხალი ჩამოვარდნილიყო, შურდულივით მოწყდებოდა ადგილს, ღორმა არ მიმასწროსო, მივარდებოდა ხის ძირში, აიღებდა ნაყოფს და ბაბუას მიურბენინებდა. ბაბუა თავის მხრივ ქეჩოში წაავლებდა ხელს, ნაზად მოქაჩავდა მადლობის ნიშნად, მერე ნაყოფს გათლიდა, გულს თვითონ შეჭამდა და ნათალს ძაღლს დაუყრიდა და ისიც ისეთი სიამოვნებით მიირთმევდა ბაბუას ხელიდან მიწოდებულ ნათალს, თითქოს ამ ხის ძირში ვაშლი და მსხალი თავსაყარი არ ყოფილიყოს. ყურისგდებაც კარგი იცოდა ძაღლმა. მარტო მას შეეძლო ბაბუას ათასჯერ მონაყოლი ამბის წარბშეუხრელად მოსმენა. რაც უფრო გრძელი იყო ამბავი, მით უფრო ყურადღებით ისმენდა ძაღლი. თან ისე შესციცინებდა თვალებში, თითქოს ეხვეწებოდა - თუ კაცი ხარ, მაგ ამბიდან ერთი სიტყვა არ გამომიტოვოო.
ერთხელ ასეთ საუბარზე შევისწარი ორივე:
- ომს შეურცხვა საქციელი, ძაღლო, თორემ შენისთანა ძაღლი მსხალს უნდა ჭამდეს? - ეუბნებოდა ბაბუა და სინანულით იქნევდა თავს. ძაღლი თავის მხრივ ისე უქიცინებდა თავს, თითქოს უდასტურებდა - აბა, აბაო!
- დაგავიწყდა ხომ, ძაღლო, ხორცის გემო? - ეკითხებოდა ბაბუა.
- კიო! - თავს უქნევდა ძაღლი.
- მაგრამ, ნუ გეშინია, - ამშვიდებდა ბაბუა. - ნუ გეშინია, გამოჩნდება, ალბათ, სადაცაა, გოგიტას მამა არსენა და მოგვხედავს კაცურად. რას იტყვი შენ? - ძაღლი არ იცნობდა მამაჩემ არსენას, მაგრამ თავს მაინც უქნევდა ბაბუას. - არადა, გათავდება, ალბათ, ეს ოჯახდასაქცევი ომი... - განაგრძობდა ბაბუა. - ეს სატკივარიც გამივლის, ალბათ, აბა, რა ჭირი ეცემა? წამოვდგები, შენ ხარ ჩემი ბატონი, წავალ მოსკოვში, ჩავუვარდები მუხლებში სტალინს და ერთ კილო ჰიტლერის ხორცს როგორ არ გამოიმეტებს ჩემთვის და შენთვის? ჰიტლერის სისხლითა და ხორცით უნდა გავძღეთ და დავთვრეთ იმ დღეს მე და შენ, ძაღლო, მაგრამ როდის დადგება მაგი დრო, როდის?.. - ეკითხებოდა ბაბუა და ძაღლიც კითხვით სავსე თვალებით შესცქეროდა თვალზე ცრემლმომდგარ ბაბუას.
ისხდნენ ასე მეგობრები მზემომდგარ აივანზე და ფიქრობდნენ: ერთი, ალბათ, ომის დამთავრებასა და შვილის დაბრუნებაზე, მეორე კი - ხორცზე...
სხვა მხრივ ძაღლი ჩვეულებრივი ძაღლი იყო. ღამღამობით სხვა ძაღლებივით მასაც გარეთ ეძინა. მამლის ყივილს, კატის კნავილსა და ტურის კივილს, ყველა თავის მოძმესავით, ყეფით ეხმიანებოდა, სოფლის ყველა ძაღლთან ერთად ისიც ყმუოდა, როდესაც სოფელში ვინმე ომში დაღუპულს შეიცხადებდნენ, სხვა ძაღლებივით ისიც უღრენდა დათვის ღელიდან ურმის თვალივით ამოგორებულ სავსე მთვარეს. ძუკნაობის დროს ისიც სხვა ძაღლებივით შარახვეტიაობდა და ისევე, როგორც სოფლის ყველა ნაქებარი ძაღლი, ისიც ფეხაწეული აშარდავდა ბოსტანში ახალ ამობიბინებულ ნიახურს. ასე მისდევდნენ დღეები დღეებს. ვცხოვრობდით მე და ბაბუა ისე, როგორც ადამიანებს შეეფერება ომის დროს, ძაღლი კი ისე, როგორც ძაღლს შეეფერება.
●
1943 წლის 22 აგვისტოს, ღამით, სოფელი ძაღლების გნიასმა შესძრა. ძუკნაობა იყო და ამ ამბისთვის მაინცდამაინც დიდი ყურადღება არავის მიუქცევია.
დილით ასლანა თავბერიძემ ჭანიშვილების საცივთან დაგლეჯილი ძაღლი იპოვა. არც ეს გაგვკვირვებია, რადგან ძაღელების ძუკნაობა უამისოდ არ ჩაივლის, ამიტომ ის დაგლეჯილი ძაღლი სადაც ვიპოვეთ, იქ დავმარხეთ და შინ წავედით.
შუადღეზე სოფელში უცხო კაცმა ჩამოიარა. ძაღლს ეძებდა. ასლანთან მიასწავლეს. იმ საუბარს მეც დავესწარი:
- კირილე ვარ, მამალაძე, ხევიდან! - გაეცნო უცხო.
- რაზე შეწუხებულხართ, ბატონო? - ჰკითხა ასლანამ.
- ძაღლს ვეძებ ჩემსას, ასე მითხრეს, დაგლეჯილი ძაღლი გიპოვიათ ვითომ თქვენ და დაგიმარხავთ.
- კი, მე და ამ ბაღანამ დავმარხეთ, არ უნდა დაგვემარხა?
- რას ბრძანებთ, მადლობელი ვარ ჭირისუფლობისათვის, მაგრამ ის ადგილი უნდა მაჩვენოთ.
წავყევით და ვაჩვენეთ. საფლავი ამოთხარა. ძაღლი ამოათრია და დააკვირდა.
- კი ჩემია! - თქვა ბოლოს დაბეჯითებით.
- გადასვენებას ხომ არ უპირებთ, ბატონო? - გაუღიმა ასლანამ.
- გადასვენებას კი არა, დანა კბილს არ მიხსნის, ბავშვი დამიჭამა გუშინ ამ ძაღლიშვილმა, ასე მითხრეს პასტერის სადგურში: იმ ძაღლის თავი მოგვიტანე, ანალიზს ავუღებთ ტვინშიო, თუ არა და, ცოფის ნემსების გაკეთება მოგიწევთო. ჩემ თავს არ ვჩივი, ასლან ბატონო, მუცელში ორმოცი ნემსის გაკეთებას გაუძლებს ჩემი ბაიასავით გაყვითლებული და უდღეური ბაღანა? - ამოიოხრა კირილე მამალაძემ და ტომრიდან ნაჯახი ამოიღო. ასლანას აღარ დაველოდე, შემოვბრუნდი და შინ წავედი.
ბაბუას მოვუყევი ყველაფერი.
- არაა მაგი კარგი ამბავი. - თქვა ბაბუამ ფიქრის შემდეგ და მის ფეხებთან უდარდელად გაშოტილ ძაღლს თვალი შეავლო.
საღამოს ბადრია მეთუთუნე მოადგა ჭიშკარს და თოფი სთხოვა ბაბუას.
- რად გინდა თოფი, ბადრია? - ჰკითხა ბაბუამ.
- ძაღლი უნდა მოვკლა, სპირიდონ!
- რას ერჩი?
- წუხელ რომ ხევიდან გადმოვარდნილმა ძაღლმა მთელი სოფლის ძაღლები დაცოფა, შენ არ გაგიგია? იქ არ იყავი, ბიჭო, შენ, იმ კაცმა რომ თქვა, ბაღანე დამიჭამაო? - მომიბრუნდა მე ბადრია.
- იმ კაცს არ უთქვამს, ცოფიანი იყო ძაღლიო! - ამოვღეჭე მე.
- როდის იყო, ბიჭო, ჭკუათმყოფელი ძაღლი პატრონს კბენდა, ისიც ბაღანას? - მკითხა ბადრიამ.
ვერაფერი ვერ ვუპასუხე.
- მაგ საქმისთვის თოფს ვერ გათხოვებ, ბადრია! - გააწბილა ბაბუამ.
- აბა, რითი მოვკლა!
- სარით!
- სარით რა, მხეცი კი არ ვარ! - ეწყინა ბადრიას.
- მაინც ვერ გათხოვებ! - თქვა ბაბუამ. ბადრია მიხვდა, წყალს რომ ნაყავდა და წავიდა.
- ამეღამ ძაღლი ახორში დაამწყვდიე! - მითხრა ბაბუამ და ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა.
●
პირველი თოფი ასლანა თავბერიძის ეზოში გავარდა და ძაღლის კივილმა ცა გახია.
- რა რიცხვია დღეს, ბაბუ? - მკითხა ბაბუამ.
- ოცდასამი აგვისტო! - ვუპასუხე მე.
- დაიწყო ბართლომეს ღამე! - თქვა ბაბუამ და თავი ჩაქინდრა.
პირველ თოფს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე, მესამეს - მეოთხე... თოფის ხმა გრიალით გადადიოდა ეზოდან ეზოში, ყმუილი, წკავწკავი, ყიჟინა, ბავშვების ტირილი, საქონლის ბღავილი - ყველაფერი ერთმანეთში აირია, გავარდა ბადრიას ეზოში, მერე ჩვენი ყურის მეზობლის მაკარიას ეზოშიც გავარდა და ძაღლის კივილმა და წკმუტუნმა დაანგრია ქვეყანა.
- ფილთა აქვს მაგ უღმერთოს, და რა გაუძლებს ამ ძაღლის საცოდაობას სანამ მაგი მაგას ხელმეორედ დატენის. - თქვა ბაბუამ და აკანკალებული ხელები ყურებზე აიფარა. ერთი საათი გრძელდებოდა ძაღლების ეს აუწერელი ჟლეტა. ერთი საათი გუგუნებდა ცა და დედამიწა ჩვენს გარშემო. ერთი საათი ანგრევდა და აწყდებოდა გადარეული ჩვენი ძაღლი ღრენითა და კბილების ღრჭენით გარედან სარგაყრილ ახორის კარს. მერე ნელ-ნელა მიწყნარდა ხმაური, სადღაც უკანასკნელი თოფი გავარდა.
- ეჰე-ჰეჰე... - დაიყიჟინა მთელ სოფელზე ომახიანად ვიღაცამ.
- გათავდა! შენ მოგეცა ამათი ცოდვა კაცის გაჩენისათვის, ღმერთო! - თქვა ხელაპყრობილმა ბაბუამ და სოფელი ჩაკვდა.
●
მამალმაც იყივლა, ძროხამაც იბღავლა, სკოლის ზარმაც დარეკა, მზეც ამოიწვერა კონცხოულაზე, თხამაც დაიპეტელა, თიკანმაც დაიკიკინა, კატამაც დაიკნავლა. ქათამმაც დაიკაკანა, მაგრამ დილა დილას არ ჰგავდა, რაღაც აკლდა სოფელს, რაღაც თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ უზარმაზარი, მშობლიური, თბილი, ახლობელი, და როდესაც მხარზე წალდგადაგდებულმა ასლანამ ჩაიარა ორღობეში და უკან ძაღლი არ მისდევდა, მივხვდი, რომ ეს რაღაც უზარმაზარი, სოფლის განუყოფელი ნაწილი, მისი სისხლი და ხორცი, ძაღლი იყო, ჩვეულებრივი ძუნკალი ძაღლი. უძაღლოდ გათენდა 1943 წლის მარიამობის თვე ჩემს სოფელში.
იმ დილით ჩვენი ძაღლი ახორიდან არ გამოსულა, არც დაუყეფია და არც საჭმელი უჭამია. სკოლიდან დაბრუნებულს, ბაბუას ფეხებში დამხვდა გაშოტილი და თვალდახუჭული, მკვდარივით ეგდო, მუცცელი ოდნავ უფეთქავდა და მხოლოდ იმაზე თუ შეატყობდი, რომ ცოცხალი იყო.
- რას შვება? - ვკითხე ბაბუას.
- წუხანდელ ღამეს ინელებს. - თქვა ბაბუამ, - ნუ გეშინია, ძაღლია და დაავიწყდება! - დააყოლა ბოლოს და მერე ალერსით თავზე ხელი მოუთათუნა. ძაღლი არ განძრეულა.
შებინდებისას ჭიშკარს ისევ ბადრია მეთუთუნე მოადგა. ნასვამს ჰგავდა.
- საღამო მშვიდობისა, სპირიდონ! - მიესალმა ბაბუას.
- გაგიმარჯოს, ბადრია! - უპასუხა ბაბუამ და რატომღაც ეზოში არ ჩამოიპატიჟა.
- სპირიდონ! - ცოტა ყოყმანის შემდეგ დაიწყო ბადრიამ - ხალხი ჩივის, სპირიდონის ეზოში წუხელ თოფი არ გავარდნილაო...
- რატომ უნდა გავარდნილიყო, ბადრია, თოფი, ჩემს ეზოში წუხელ კალანდა იყო, ომი დამთავრდა თუ ჩემი ბიჭი არსენა დაბრუნდა? - ჰკითხა ბაბუამ.
- ნუ გადაუდგები, სპირიდონ, სოფელს ძაღლის გულისთვის. მოკალი მაგი ძაღლი. ჩვენ რა, შენზე ნაკლებ უჯიშო ძაღლები გვყავდა, თუ შენ ჩვენზე გულჩვილი გამოდექი?!
- არ ვიზამ მე, ბადრია, ისე, რომ მოვკვდე და ჩემს ეზოში ძაღლმა არ დაიყმუვლოს. - უთხრა ბაბუამ.
- სპირიდონ, მაგ რომ გაცოფდეს და ბაღნები დამიკბინოდ, ნავთს მივცემ შენს ოდას და შენც შიგ გამოგფუფქავ! - თქვა ბადრიამ და ბარბაცით წავიდა.
უკვე ბნელოდა, მაგრამ მე დავინახე, როგორც გაფითრდა ბაბუა.
- ბადრია! - დაუძახა უცებ, ბადრია შემოტრიალდა. - ბადრია ლაწირაკო, ჭკუით იყავი, ნუ ჩამადენინებ ცოდვას და ნუ გამათბობინებ შენი ისლით გადახურული სახლის ნაკვერჩხალზე ამ გაციებულ ძვლებს...
არ ვიცი, იმ წუთში სიბნელეში გაშეშებული ბადრია რას ფიქრობდა, მე კი ბაბუას სიტყვის ფასი რომ ვიცოდი, ბადრიას ადგილზე იმ ღამით არ დამეძინებოდა.
შუაღამისას ჩვენი ეზოს ბოლოში ორჯერ გავარდა ზედიზედ თოფი. ბოლო გასროლას ძაღლის ღრენაშერეული კივილი მოჰყვა. გულგახეთქილი წამოვვარდი, თოფს ხელი ვტაცე და გასროლის ადგილას მივირბინე. ვიღაც ბარდებში გაშლიგინდა და თავქვე დაეშვა. ჩვენი ძაღლი ღობის ძირში იწვა და ჩუმად წკმუტუნებდა. ხელში ატატებული შევიყვანე ოდაში. ბაბუას ჭრაქი აენთო და ბუხართან იჯდა თხისტყავზე ფეხმორთხმული. ნატყვიარი გაუსინჯა ძაღლს. საფანტს უკანა ფეხში გაეარა. ჯერ სპირტით მობანა ჭრილობა, შემდეგ თუთუნი დააყარა და მაგრად შეუკრა.
- არაფერია, ძვალს არ გაკარებია! - თქვა ბაბუამ. მერე ისე შეხედა ძაღლს, თითქოს რაღაცა უნდა ჰკითხოსო. ძაღლმაც ისე შეხედა ბაბუას, თითქოს რაღაცა უნდა უთხრასო. ასე უცქეროდნენ ერთმანეთს დიდხანს.
- ვინ იყო? - მკითხა უცებ ბაბუამ.
- არ ვიცი! - ვუპასუხე მე.
- ამან კი იცის, მაგრამ არ გინდა ათქმევინო?! - თქვა ბაბუამ და ძაღლს თვალებზე ცრემლი მოწმინდა.
●
დილით ბაბუამ თავი აივანზე გამაყვანინა. ძაღლი ადგა, კოჭლობით გამოყვა და ფეხებთან დაუწვა.
გადასახედზე იდგა ჩვენი ოდა, და ბაბუა ახლა ისე უყურებდა სოფელს, გეგონებოდათ თავის სოფელში კი არა, სხვის სოფელში იყო სტუმრად მოსული და პირველად ხედავდა აქაურობას. ბოლოს მომიბრუნდა და ჩამწყდარი ხმით მითხრა:
- მართალია, ბაბუა, არ შეიძლება კაცი ძაღლის გულისთვის სოფელს გადაუდგეს... ადექი ახლა, აიღე თოფი, ჩააბი ბაწარი და... ოღონდ მე ნუ გამაგონებ და დამანახებ. სოფლის გაღმა გადაიყვანე...
- რა გავაკეთო მერე, რომ გადავიყვანო?! - ვკითხე მე და ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდა ნიკაპი და როგორ გამექცა ქვედა ტუჩი სადღაც.
- რაც მთელმა სოფელმა გააკეთა, ის უნდა გააკეთო შენც, ბაბუა. - მითხრა და თვალი ამარიდა.
ავდექი, თოფი მხარზე გადავიკიდე, ძაღლს ბაწარი ყელზე ჩავაბი და მოვქაჩე. არ გამომყვა.
- წამოდი, ძაღლო! - ვუთხარი და ისევ მოვქაჩე. ძაღლმა ფეხი აითრია და განწირული თვალებით გახედა ბაბუას.
- წაყევი, ძაღლო, წაყევი! - უთხრა ბაბუამ და ცრემლით სავსე თვალებზე ხელი აიფარა, ძაღლი წამომყვა.
სოფელი გადავჭერით. მთავარი შარიდან გავედით და მდინარისკენ მიმავალი ბილიკით ფიქალიანი ჩაშლილი ფერდი ჩავიარეთ. ძაღლი კოჭლობით მომდევდა და მთელი ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ ამოუხედია ჩემსკენ. მდინარის პირას ჩავედით. ძაღლს ყელზე ბაწარი შევხსენი და დიდ ქვაზე ჩამოვჯექი. ცოტა ხანს ვიჯექი ასე. გული საშინლად მიცემდა. გული, როგორც იქნა, დაწყნარდა. თოფი გადმოვიღე მხრიდან. მაშინ აწია თავი ძაღლმა და პირდაპირ შემხედა. თვალი ვერ გავუსწორე. თოფი გადავხსენი, ორივე გილზი ამოვიღე სავაზნეებიდან და წყალში გადავყარე. თითქოს უზარმაზარი ტვირთი გადამეგდოს, ისე გავიმართე მხრებში და თავისუფლად ამოვისუნთქე. ძაღლი გაუბედავად მომიახლოვდა და ხელი ამილოკა. უცებ მოწყდა ადგილიდან, წყალში გადავარდა. იდგაფუნა, იწუწავა, აადუღა ნაპირი, მერე ისევ ამოვარდა, იხტუნავა და ბოლოს ილაჯგაწყვეტილი გაგორდა სილაზე. მე დავინახე, როგორ გამოჟონა თეთრ დოლბანდზე გახსნილი ჭრილობიდან სისხლმა ძაღლს და როგორ წამოუვიდა ჭკვიანი თვალებიდან ცრემლი, მაგრამ, თუ გნებავთ, ახლაც დავიციფებ ხატზე, რომ იმ წუთში ძაღლი იცინოდა.
- წადი ახლა შენ, ძაღლო, სოფელ-სოფელ არ იარო, ასე აყევი კალაშისპირს. ავი ხარ შენ და გზაში არავის გადაეყარო, არ დაუღრინო, წაუწექი ყველას, ვინც შეგხვდება, ახლა ასეა საჭირო, თორემ ცოფიანი ეგონები ვიღაცას და მოგკლავენ. წადი, ძაღლო, ხომ ხედავ, ჩვენს სოფელში აღარ დაგედგომება, წადი და არ დაბრუნდე. ხომ გესმოდა რა თქვა ბაბუამ? - არ შეიძლება ძაღლის გულისთვის კაცი სოფელს გადაუდგესო. ეტყობა, მართლა არ შეიძლება. მაგრამ მე მაინც გადავდივარ ბაბუას სიტყვას და ნუ დაბრუნდები სოფელში, ნუ მიზამ მაგას, იქნებ მართლა ცოფიანი ხარ და ნუ ჩადგები სოფლის ცოდვაში. წადი ახლა, შენი ჭირიმე, წადი... - ამას კი არ ვეუბნებოდი, ვფიქრობდი. ძნელია იმის თქმა ხვდებოდა თუ არა ძაღლი, რას ვფიქრობდი მე, მაგრამ რომ ავდექი და სოფლისკენ წამოვედი, არ გამომყოლია.
- რა ქენი? - მკითხა ბაბუამ დაბრუნებულს, ხმა რომ არ გავეცი. თოფი მოვიხსენი მხრებიდან და მივაწოდე. ბაბუამ თოფი ჩამომართვა, გადახსნა და სინათლეზე გახედა ლულას.
- ასე თუ ქენი, ბაბუა, შენ გაგიჭირდება ცხოვრება. - მითხრა და თოფი დამიბრუნა.
●
ერთი კვირისთავზე, ღამით, ექვთიმე სირაძის თხას ტურამ შიგ ბოსელში გამოღადრა ყელი, იმის მესამე დღეს ვიღაცის საქათმიდან მელამ ორი დედალი წაათრია, ათი დღის შემდეგ ასლანა თავბერიძეს ცოლიკაურით სავსე ათფუთიანი ჭური ცარიელი დახვდა. ერთ მშვენიერ დღეს, ხაკუნა ბერძენიშვილის ძროხამ ჩვენს ეზოში ოთხი ნამყენი გადაჭამა, ერთი თვისთავზე სოფლიდან უკვალოდ გაქრა ნინა ძნელაძის მეწველი ძროხა და სიპიტო მათითაშვილის მოზვერი. ერთ ღამეს კირილე თითმერიას ნალიიდან კაკალ-კაკალ გაზიდეს რვა ფუთი სიმინდი, ბოლოს აკივლდა ხალხი, დაიწყო გადაკრული სიტყვები, ეჭვიანობა, წყევლა, სარების ძრობა ღობიდან და დედმამის სულის ტრიალი. აირია და შეწუხდა სოფელი.
●
15 ოქტომბერს ისეთი წვიმა მოვიდა, გუბაზოულმა რაც ჩვენი სოფლის გაყოლებაზე წისქვილები იყო, დახვეტა და სუფსაში ჩაიტანა.
16 ოქტომბერს ბაბუამ საფქვავი სასწაულით გადარჩენილ გორაბერეჟოულის წისქვილზე გამატანა. შუაღამეზე ჩამოთავდა ჩემი სიმინდი. ტომარა ზურგზე მოვიგდე და ის იყო უნდა წამოვსულიყავი, რომ წისქვილის კარი ხეველმა კირილე მამალაძემ შემოაღო და საფქვავი სასწორზე შეაგდო.
- გამარჯობა, თეოფანე!
მიესალმა მეწსიქვილეს. მე ვერ მიცნო.
- როგორაა თქვენი შვილი, ბატონო? - ვკითხე მე.
- რომელი?
- ცოფიანმა ძაღლმა რომ დაკბინა!
- არ გამოდგა ის ძაღლი ცოფიანი, - თქვა კირილემ და სასწორის გამართვა დაიწყო.
- რას ამბობთ, კირილე ბატონო?!
- რა ვთქვი, ბიჭო, დაუჯერებელი. არ გამოდგა ის ძაღლი ცოფიანი! - თქვა კირილემ და თავისი საქმე განაგრძო.
- ღმერთმა შეგარცხვინა, კირილე მამალაძე, - ვთქვი მე და მუხლმოდრეკით დავჯექი ტომარაზე.
- ვისია, თეოფანე, ეს უზრდელი მამაძაღლი? - ჰკითხა გაკრივებულმა კირილემ მეწისქვილეს.
- ვისი ხარ, ბიჭო, შენ? - მკითხა მეწისქვილემ.
- არავისი არა ვარ მე! - ვთქვი და წისქვილიდან გამოვედი.
17 ოქტომბერს მთელი დღე და ღამე ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა ბაბუასათვის წისქვილში მომხდარი ამბავი. და მხოლოდ გათენებისას გადავწყვიტე არ მეთქვა.
18 ოქტომბერს ბაბუამ ლოგინიდან ადგომაზე უარი თქვა.
10 ოქტომბერს სკოლაში არ გამიშვა.
25 ოქტომბერს მარჯვენა ხელი და ფეხი გაუსივდა.
27 ოქტომბერს დამიძახა და სალაროს გასაღები ჩამაბარა.
28 ოქტომბერს დაბალი სკამი მიმატანინა, წინ დამისვა, ისე რომ პირდაპირ ეცქირა ჩემთვის:
- ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული, ბაბუა, - დაიწყო მან. - მე დღეს თუ ხვალ გავთავდები. უბედურებაა, როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის, ამიტომ არ მეშინია, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მეშინია... მაგრამ შენ არ უნდა შეშინდე, ბაბუა... თუ არაფერში მივდივარ, საშიში არაფერია, რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ მით უმეტეს არ უნდა გეშინოდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ, ან ხედ, ან ბალახად. ან ჩიტად, ან ძაღლად... იცოდე, თუ მოვალ, ისევ შენთან მოვალ, მარტო არ დაგტოვებ. და თუ რამეში სითბო, სიხარული და სიყვარული იგრძენი, ქვაც რომ იყოს, იცოდე, ის ქვა ბაბუაშენია... ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდეს, არ იფიქრო მარტო ვარო. ეს ოდა არ მიმიტოვო, ბაბუა, და ღადარი არ გამიციო. ცეცხლი, ერთი ნატეხი ჭადი და ერთი ჭიქა ღვინო დაახვედრე მამაშენს. დანარჩენს თვითონ მიხედავს, რომ ჩამოვა. ეს ერთი კვირაა, ვინც ამ ქვეყნიდან წასულია, ყველას ვხედავ სიზმარში. მამაშენი არ გამოჩენილა. ცოცხალია ესე იგი. შეუნახე სახლი და სახელი, ნუ გაახარებ მტერს, უეჭველად დაბრუნდება, წელს თუ არა გაისად. ომსაც აქვს დასასრული. კაცი იწყებს ომს და კაცმა უნდა დაამთავროს იგი. ომი კაცს ვერ გაათავებს. წადი ახლა და ძალიან ბევრი შეშა მოიტანე.
იმ ღამით თვალზე რული არ გამკარებია. ბაბუა ხმას არ იღებდა. ბუხარში მოგიზგიზე ალს თვალს არ აცილებდა და ტუჩის კუთხით, ოდნავ შესამჩნევად უღიმოდა რაღაცას.
29 ოქტომბერს წყალო მოაწვა გულზე, სუნთქვა გაუჭირდა და საწოლზე წამოჯდომა მთხოვა.
წამოვაჯინე და გარშემო ბალიშები შემოვუწყე.
- მოდის, მოდის, დალოცვილი, მაგრამ ძალიან მძიმედ მოდის. - თავისთვის ჩაილაპარაკა.
30 ოქტომბერს ისევ დამიძახა და ისევ გამაფრთხილა.
- მოემზადე, ბაბუა, მოემზადე და არ შეშინდე. ხვალ სიმსივნე გულზე გადმოვა. ყველაფერს თავისი წესი აქვს და იმ წესს მეზობლები ამიგებენ. ნუ შეშინდები. ერთზე კი მწყდება გული, ქალი არ დარჩა ჩვენს ოჯახშირ, რომ შემიცხადოს.
1 ნოემბერს, შუაღამისას, ბაბუა საწოლიდან წამოდგა და შუა ოთახში დადგა.
- ბიჭო, გოგიტა, დავინახე! - თქვა მან უზომოდ შეწუხებულმა და გაკვირვებულმა.
- რა დაინახე, ბაბუა? - ვკითხე მე და ვიდრე წამოვდგებოდი, იგი მაგიდაზე დაემხო, მერე ნელ-ნელა დაცურდა და იატაკზე გულაღმა გადავარდა.
- ბაბუა! - მივვარდი მე, მაგრამ იგი უკვე აღარ იყო.
ბრძენი კაცი იყო ბაბუჩემი და ისე მოხდა, როგორც მას უნდოდა.
მე არ შემშინებია. ჩავიცვი, ოდის ყველა კარი, ყველა ფანჯარა გავაღე და აივანზე გავედი.
2 ნოემბერი თენდებოდა გარეთ. ცა სარკესავით ცივი და პრიალა იყო, გაფერმკრთალებული, სასწორსამართალი პიდაპირ ჩვენი ეზოს თავზე ეკიდა, ეზოში ჩავედი, დაცვარულ ბალახზე შევდექი ფეხშიშველი. გრილმა ჟრუანტელმა დამირბინა ტანში. ყანაში აუჭრელი ჩალის ღერები შრიალებდნენ. რატომღაც გავიფიქრე, ალბათ, ყველაფერი იციან და ახლა ჩემზე ჩურჩეულებენ-მეთქი. მსხლის ძირში რომ გავიარე, დავიხარე და ჩამოვარდნილი მსხალი ავიღე მიწიდან, პერანგის სახელოზე შევიწმინდე და ჩავკბიჩე, ჩავკბიჩე და მხოლოდ ახლა ვიგრძენი, როგორ მქონდა პირი გამშრალი. ეზოს ჭიშკარი ბოლომდე გავაღე, შუკაში გავედი და მეზობლის ჭიშკარს მივადექი.
- მარგალიტა! - დავიძახე. რომ არავინ მიპასუხა, ხმას ავუწიე. ყველაფერს მშვიდად და დინჯად ვაკეთებდი. მეორე დაძახებაზე კარი ჭრიალით გაიღო და აივანზე მარგალიტა გამოვიდა.
- რომელი ხარ? - იკითხა ნამძინარევი ხმით.
- მე ვარ, გოგიტა!
- რა იყო, გოგიტა, ამ შუაღამისას რამ შეგაწუხა?
- ჩამოდი ერთი ეზოში, საქმე მაქვს შენთან.
- მთვრალი ხარ, გოგიტა?
- ბაბუა მოკვდა, მარგალიტა, და შემიცხადე, თუ ქალი ხარ!
- გაგიჟდი, გოგიტა?!
- ნუ გამაწბილებ, მარგალიტა, თუ და ხარ, შემიცხადე ბაბუა! - მარგალიტა ჩამოვიდა ეზოში და ისევე, როგორც იყო, ფეხშიშველა, გამომყვა. ჩემს ეზოში რომ ჩავედით, წინ გავუშვი. კიბეზე რომ შედგა, უკან მოიხედა შემკრთალმა.
- ნუ გეშინია! - ვუთხარი მე მშვიდად და ჩემი აივნის პირდაპირ მოლზე დავჯექი. მარგალიტა აივანზე ავიდა, ბირკვილიან მოაჯირს მოადგა, თმა გაიშალა და სოფელს გახედა.
●
ბაბუას გასვენების დღე, 1943 წლის 4 ნოემბერი, კვირა იყო.
ხალხმა ნაშუადღევს იწყო მოსვლა. მეზობლის ქალები, რომლებიც ჭირისუფლობას სწევდნენ, ბაბუას ნაცვლად მე დამტიროდნენ.
- უბედურო გოგიტაა, რა გე-შვე-ლე-ბა ნენაააა!
მე ვიდექი კართან, მკლავზე შავარშიაშემოხვეული და მშვიდად ვართმევდი ხელს მოსამძიმრეებს, არც ერთი წვეთი ცრემლი, არც ერთი ამოოხრება.
- იტირე, გოგიტა, თორემ გაგისკდება გული, ბიჭო! - მთხოვა მარგალიტამ.
მე თავი დავუქნიე, კი, ვიტირენ-მეთქი... ხალხი მოდიოდა მოყვრობის, მირონის, გვარებისა და უბნების მიხედვით დაწყობილი. ყველა ჰგუფს წინ ბურბუშელას გვირგვინიანი ორი ბავშვი და ერთი თმაგაშლილი დედაკაცი მოუძღოდა. შუკა, ეზო და აივანი მოტირალი ხალხით აივსო. ყაყანებდნენ, კამათობდნენ, მსჯელობდნენ. აქა-იქ თავშეკავებული სიცილიც ისმოდა. უცებ ეზო შეტორტმანდა, ჯერ ჩოჩქოლი ატყდა, მერე სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა და ხალხი ორად გაიყო. ფართოდ გაღებულ ჭიშკარში ხოზიკით გაწეპილი, წითელ ალიზა ტალახში ამოსვრილი, გაბანჯგვლული, დაქანცული, ყურებჩამოყრილი და თავჩაქინდრული ძაღლი შემოვიდა. გვერდზე გაუხედავად გაიარა ორად გაყოფილი ხალხი, აივანზე ამოვიდა, დიდი ოთახი, რომელშიც ბაბუა ესვენა, გადაჭრა, ბაბუას საწოლ ოთახში შევიდა და ცარიელ საწოლს დახედა, მერე ზალაში გამოვიდა. ტახტზე დასვენებულ კუბოს მიადგა. უკანა ფეხებზე შედგა, წინა თათები ტახტს დააბჯინა, კისერი წაიგრძელა და ბაბუას დახედა. ლამაზი, სპეტაკი, მშვიდი და სათნო იწვა ბაბუა თავის სასახლეში. ძაღლმა ერთ ხანს უყურა ბაბუას, მერე მოტრიალდა, წამოვიდა და ჩემს ფეხებში დაწვა გატრუნული.
- დიდება შენდა, უფალი! - აღმოხდა ვიღაცას ჩემს უკან, მე თავი ვეღარ შევიკავე, სახეზე ხელები ავიფარე და ხმამაღლა ავტირდი.
დაახლოებით ხუთ საათზე კიდევ ერთი სასწაული მოხდა. ზალაში ბადრია მეთუთუნე შემოვიდა. ჩემს ფეხებთან გაწოლილი ძაღლი რომ დაინახა, შეკრთა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და სამძიმრის მოსახდელად ჩემსკენ დაიძრა. მაშინ წამოდგა ძაღლი. მთელ ტანზე ბანალი აეძაგრა, კუდი ბოროტად გაუგრძელდა. ეშვები გააელვა და გაბმულად, შემზარავად დაიღრინა. ბადრიამ უკან დაიხია. ძაღლმა ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ.
- გაჩერდი, ძაღლო! - თქვა ბადრიამ და ფერი წაუვიდა.
ძაღლი მშვილდივით მოზიდული იდგა.
- მატირე, ძაღლო, ეს პატიოსანი მოხუცი! - უნაიროდ დაიღიმა ბადრიამ, ძაღლმა ღრენას უმატა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
- უთხარი, ბიჭო, ამ უჯიშოს რამე! - მომიბრუნდა საქციელწამხდარი ბადრია.
„ამან კი იცის, ვინ ესროლა თოფი, მაგრამ არ გინდა ათქმევინო?!“ - გამიელვა თავში ბაბუას ნათქვამმა. - გადადი ბადრია, ეზოდან! - ვთქვი მე. - მერე გამახსენდა, ბაბუამ ცარიელი თოფი რომ დამიბრუნა და მითხრა - ასე თუ ქენი, ბაბუა, შენ, ცხოვრება გაგიჭირდებაო, მაგრამ აღარ გადავთქვი. - გადადი, ბადრია, ეზოდან! - გავიმეორე და ბადრია გადავიდა ეზოდან.
●
დილით ადრე ხმაურმა გამაღვიძა, აივანზე გავვარდი საცვლების ამარა.
- ბიჭო, გოგიტა, გააჩერე ეს შობელძაღლი, თორემ დაგვჭამა ცოცხლად! - მეძახდა სკამების წასაღებად მოსული მეზობელი.
სოფელს გავხედე. ოდებიდან კვამლი ამოდიოდა თეთრ ბოლქვებად. მამლები ყიოდნენ, ძროხები ბღაოდნენ, თხები პეტელაობდნენ, თიკნები კიკინებდნენ, ქათმები კრიახობდნენ, კონცხოულაზე უშველებელი მზე შემომდგარიყო... უცებ სხეული სითბოთი ამევსო და ყურებში სასიამოვნო ზარმა დარეკა.
ჩემს ეზოში ძაღლი ყეფდა.