Litclub.ge

მუნჯი ახმედი და სიცოცხლე
ზღვაზე უმთვარო, მოწმენდილი ცა იყო. წყნარი, პატარა ტალღების ხმა ძლივს ისმოდა ქვიშიან ნაპირზე, ის მარტო ცოტა ზევით დაყრილ ლოდებზე ტყდებოდა ხმაურით. შიგ წყალში ვარსკლავების სინათლე იდგა; იქ მათ ბაც შუქში კატარღა მიცურავდა იმ ნაპირის გასწვრივ, სადაც სიბნელეში მოჩანდა მკრთალი, მბჟუტავი ნათურები. ზღვა წყნარი იყო, ნაპირზე სინათლეები ჩანდა და გემბანზე მშვიდად უკრავდა მეზღვაურის გარმონი. ასე იცურებდა კატარღა დილამდე, მერე შევიდოდა ნავსადგურში, აიღებდა სანოვაგეს; შუადღისთვის უკან დაბრუნდებოდა ზღვაში; ღამე სიწყნარეში ისევ გამოჩნდებოდნენ ნაპირის სინათლეები, ზოგი კაშკაშა, ზოგი მბჟუტავი; სხვა სინათლეები კი სულაც არ ჩანდნენ კატარღიდან. არ ჩანდა ნაპირიდან მოშორებული შუქები, არ ჩანდა ფარდაჩამოფარებული სახლებიდან ის სინათლე, რომელიც ძლივსღა ბჟუტავდა თავის კერაში.
აქ, ნაპირზე, მიმქრალ ცეცხლთან იჯდა ბებერი მეთევზე, მუნჯი ახმედი, გამხდარი ჩამოყრილი მხრებით და უძლური სხეულით სიცოცხლეს უნარჩუნებდა კერას; შუამდე დამწვარ ფიჩხს შეწევდა ღრმად, ალი მაღლა იწევდა, ამ დროს კატარღიდან ჩანდა ეს შუქი სხვა სინათლეებთან ერთად, მერე ისევ ეფარებოდა ნაცარი ალს, ნაცრის ქვეშ ძლივსღა ცოცხლობდა ცეცხლი. მიმქრალ ნაღვერდალს ახლიდან აღვივებდა ახმედი. ალი უნათებდა შეკრულ კრიჭებს, დანაოჭებულ სახეს და ბერვის დროს წინ გაშვერილ ტუჩებს. ძაღლის ლეკვი იწვა ცეცხლის პირას, პატრონის შიშველ, ცივ ფეხზე ედო თავი და თვლემდა. ძაღლის სითბო გადადიოდა პატრონში, ახმედი იყუდებდა თუნგს, დიდი, მძიმე ყლუპებითა სვამდა წყალს. მერე შემოვიდოდა სედა, მოხუცებული ქალი, რომელიც სიბერისას შეიკედლა მეთევზემ, ისიც დაჯდებოდა ცეცხლის პირას და ყვინთავდა. არც ერთს არ აგონდებოდა არაფერი, შავი გადაფარებოდა ახმედის მეხსიერებას, არც ჰქონდა ბევრი რამე გასახსენებელი, მაგრამ რომ შეძლებოდა, მოიგონებდა თავის დიდ ბარკასს, წყლით გაბერილ სახეებს, რომელთაც თავისი სიცოცხლის ფასად გამოსტაცებდა ხოლმე აღელვებულ ზღვას. მოიგონებდა მამას, რომელმაც ასწავლა თევზაობა. მაინც ახსოვდა რაღაც ახმედს. ეს უფრო ტკივილს ჰგავდა, ვიდრე მოგონებას – ეს იყო ლილი _ `ზღვის საჩუქარი~, რომელიც შემდეგ მისი ცოლი გახდა.
ყველა ამ მოგონებებიდან ახლა მხოლოდ ყრუ, უფერული შეგრძნება ჰქონდა მოხუცს გულში. წინათ, სულ წინათ, ამ ახმედისაგან შორს, რომელიც აქ იჯდა ბებერი და უძლური, იყო სხვა ახმედი, ღონიერი, ახალგაზრდა, ახმედი, რომელსაც ჰყავდა ლილი.
ახმედი მიდიოდა ლილისთან ერთად ზღვის ნაპირზე, მერე მკლაურით ჭრიდა ტალღებს, ყვინთავდა, დიდხანს არ ყოფდა თავს წყლიდან, შეშინებული გოგო მუხლამდე შედიოდა ზღვაში, ნაპირთან მიცურებული ახმედი ფეხში ჰკიდებდა ხელს, შიგ ითრევდა.
შემდეგ ისევ მიდიოდნენ ნაპირის გასწვრივ. ნახევრად შიშველ ახმედს მხოლოდ ძველი, დაკერებული შარვალი ეცვა. უზარმაზარ თათებს უხერხულად აქანავებდა, ხანდახან გოგოს დაადებდა მხარზე, მხარი ყვებოდა ძალას და მორჩილად იხრებოდა მკლავის სიმძიმის ქვეშ. ქვიშიან ნაპირზე სხდებოდნენ ორივენი, უყურებდნენ ღელვის მატებას და ფიქრობდნენ ერთმანეთზე. ლილიმ იცოდა, რომ ახმედისთანა მეთევზე არავინ იყო, არც იმისთანა მძლავრი მკლავები ჰქონდა ვინმეს; ლილიმ იცოდა, რომ ახმედი თითქმის ნავში გაიზარდა, თმები ზღვის წყლისაგან დიდ გაშლილ კულულებად ეყარა შუბლზე და ისინი ძალიან სასიამოვნო იყო ხელის მოსაკიდებლად. თვითონ ლილი ხუთი წლის წინ მიატოვა ვიღაც კაცმა, რომლისაც მას ეშინოდა. მიატოვა იმის შემდეგ, რაც ის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც დეიდა იულიას ეძახდა. დეიდა იულია ზღვაში მოკვდა, ღელვისას ბარკასს დაარტყა თავი. მაშინ ისინი შუა ზღვაში იყვნენ, იმ კაცმა ქალის ცხედარი ბრეზენტის ტომარაში შეახვია და წყალში ჩაუშვა. ბევრი იტირა ლილიმ; როცა ნაპირზე გამოვიდნენ, ხუთი დღის შემდეგ ის კაცი სწრაფად მიიმალა. შიმშილით გულშეწუხებული პატარა გოგო მარტო დარჩა ნავში. იმ ადგილებში თევზაობდა ახმედი მამასთან ერთად, მან პირველმა დაინახა ცარიელი ბარკასი, რომელიც ტალღებზე ქანაობდა. იქით გაცურა. ნავის ძირზე პატარა გოგოს უმოძრაო სხეული დახვდა. ნაპირზე ძლივს მოასულიერეს ის, ვინც თავის თავს ლილი დაუძახა.
ახმედი გოგოზე სამი-ოთხი წლით იყო უფროსი. მის პოვნამდე მან იცოდა მხოლოდ, რომ ჰყავდა მამა, ჰქონდა ქოხი და იყო ზღვა. ზღვას მაშინ ეძახდა კარგს, როცა ბევრი თევზის დაჭერა შეიძლებოდა. ადრე დავაჟკაცდა ის ფიზიკურად. თხუთმეტი წლისა ზღვაში ღრმად შესული ათენებდა ღამეს. მისთვის წყალი ისეთივე ნიადაგი იყო, როგორც მიწა, უფრო მეტიც: ის აძლევდა თევზს, რითაც ცხოვრობდა. ზღვა მისთვის არც ლამაზი იყო, არც უშნო. ზღვა იყო ის, ურომლისოდაც ცხოვრებაც ვერ წარმოედგინა ახმედს. მისი სწორები ზღვისპირა ჯაგებში თამაშობდნენ, ის კი, თუ თევზაობის დრო არ იყო, შეცურდებოდა ნავით შორს, დაწვებოდა ძირზე; მზე უწვავდა დაკუნთულ ბეჭებს, სიამოვნებისგან ინაბებოდა ბიჭი.
წინა შემოდგომის ბოლოს, სანამ ლილის იპოვნიდნენ, ზღვაში ღელვამ მათი ბადეები დაწყვიტა, დაუმსხვრია ნავიც. გრძელ ზამთრის ღამეებში იჯდა ცეცხლის პირას ახმედი და ახალ ბადეებსა ქსოვდა. მოიწყინა უზღვოდ, უნავოდ კი წყალი არ უყვარდა. საათობით დადიოდა ქსოვის შემდეგ ქვიშიან ნაპირზე მარტო, მოწყენილი. ზამთრის ბოლოს ზღვამ დამტვრეული ნავი გამორიყა. ახმედმა ის სეზონის დაწყებამდე გააკეთა, მერე მარტო შეცურა ზღვაში ბადეების დასაგებად. ამდენი ხნის დაშორების შემდეგ წყალში შეცურვას არ გამოუწვევია მის გულში დიდი სიხარული. ეს ამბავი მისმა სხეულმა მიიღო როგორც აუცილებელი, ურომლისოდაც წარმოუდგენელი იყო მისი არსებობა. პირველივე ბადეები თევზით სავსე ამოვიდა, სანაპიროზე კი თევზი იშვიათი საშოვნელი გახდა. კარგ ფასში გაყიდეს ნანადირევი. ახმედის გულში იმედი შეიპარა, რომ მეორე სეზონისათვის ახალ დიდ ნავს იყიდდა თავისი იალქნით. მას სჯეროდა ზღვის. ზღვა აძლევდა საჭმელს, ზღვამ მისცა ძველი ნავი, იქ დაიჭირა ყველაზე მეტი თევზი და ისევ აყიდინებდა ახალ, დიდ აფრებიან ნავს. ერთ დღეს, როდესაც ბადეები სავსე იყო თევზით, ზღვამ მოუტანა ახმედს ლილი. ის სუსტი იყო, სიცოცხლე ოდნავ ცხოვრობდა მის სხეულში და ახმედმა გააღვიძა იგი. თბილად დააწვინა თავის ქოხში, შენახული ფულით საჭმელი მოჰქონდა, ძირითადად თევზი, რადგან სწამდა, რომ ზღვის ყველაფერი კარგი და მარგებელი იქნებოდა; ლილიც ხომ ზღვამ მოუტანა ახმედს; გოგო მალე წამოდგა ფეხზე, ის პატარა იყო, თხელი, სულ თორმეტი წლის. დახეული კაბით და ხშირი, ჩამოყრილი კულულებით. დააბიჯებდა ახმედის გვერდით ზღვის ნაპირას. ბიჭის ფართე ნაფეხურები ღრმად აჩნდებოდა ქვიშას, გოგო კი თითქოს ფეხსაც არ აკარებდა მიწას, ისეთი მკრთალი იყო მისი ნატერფალი. ახმედთან ერთად დაიწყო ლილიმ თევზების ჭერა; დაჯდებოდა ნავში, შიშველ ფეხებს წყალში ჩაყრიდა და მღეროდა. სიმღერა სულ ბუნდოვნად ახსოვდა, სადღაც გაგონილი, ხმა ზღვის ჰაერისაგან ადრე გაუუხეშდა, მღეროდა უსწოროდ, უსმენოდ. ახმედი უსვამდა ნიჩბებს, ზორბა მკლავებზე კუნთები ბორცვებად აჯდებოდა და თვითონაც ჰყვებოდა სიმღერებს სახის მოძრაობით, მერე გოგო ბადის ამოღებაში ეშველებოდა, ნაპირზე გამოტანილი ნადავლი ბაზარზე მიჰქონდა გასაყიდად. ახმედი კი იჯდა ზღვის პირას და იმ ბარკასს აკეთებდა, რომელმაც გამორიყა ლილი. იჯდა მარტო, უყურებდა ზღვას, ის არც უყვარდა, არც ეჯავრებოდა; ზღვა იყო აუცილებელი მისი არსებისათვის, ის აძლევდა ყველაფერს, რაც უნდოდა, ზღვამ მისცა პატარა ამხანაგი ლილი, რომელიც თევზაობაში ეშველებოდა, მღეროდა და დაჭერილ სტავრიდკას ყიდდა ბაზარში.
გადიოდა დრო და ახმედი გრძნობდა, რომ ზღვამ უფრო მეტი მისცა მას, ვიდრე თევზაობაში მომხმარებელი. ამას სულ ბუნდოვნად გრძნობდა და არ იცოდა ამ საჩუქრისთვის რა სახელი დაერქმია.
ახლა კი ისხდნენ ორივენი წყლის პირას, ღელვა მატულობდა, ახმედი მალულად უყურებდა ლილის მუცელს, უკვირდა, რომ ასე უცბად მოხდა ყველაფერი. ეს უცებ მოხდა, ერთი წლის წინ, წინა სეზონში. ლილი მღეროდა, შიშველი ფეხები წყალში ჰქონდა ჩაშვებული, ახმედი ბადეს ეზიდებოდა, მერე ლილიც ეზიდებოდა მასთან ერთად, გოგოს მკერდი ხვდებოდა მის მკლავს ბადის ქაჩვისას და სასიამოვნო სითბო ეღვრებოდა სხეულში. ახმედი დიდხანს აჭიანურებდა ბადის ამოღებას, თევზი გარბოდა, მაგრამ ამას აღარ აქცევდა ყურადღებას, მას უნდოდა, რომ ბადე ძალიან, ძალიან გაგრძელებულიყო. ლილიც უფრო ახლოს იწევდა ნახევრადშიშველი ამობურცული მკერდით. თევზი კი გარბოდა. წინადაც ხდებოდა ასე, მაგრამ ახმედი ძლევდა თავს, ლილიც აშორებდა ხოლმე მკერდს მის მკლავს, ეზიდებოდნენ თევზით სავსე ბადეს და ქალიც რჩებოდა მხოლოდ მის დამხმარედ.
დამხმარეზე მეტი ლილი მხოლოდ ახმედის გულში იყო, მაგრამ არ იცოდა ვაჟმა, იმ მეტისთვის რა სახელი დაერქმია.
ახლა განსაკუთრებით ნელა ქაჩავდნენ ბადეს, მერე ახმედმა ხელი შეუშვა, ბადე წყებ-წყებად ჩაიშალა წყალში და თევზი გაიქცა. `ოჰ, თევზი~, დაიძახა ლილიმ და უკან გადაიწია, დაძონძილ კაბაში მზისგან დამწვარი კანჭები გამოჩნდა. ახმედმა ბარძაყში მოჰკიდა ხელი, მაღლა აიყვანა და მიიკრა. გოგო თმებში ჩაეჭიდა, მაგრად მოქაჩა, მერე ძალაგამოლეულმა ჩატოვა შიგ სუსტი თითები; ნავი ქანაობდა და ორივე შეიძლებოდა ასე ფეხზე მდგომელა წყალში გადაეყარა. ახმედმა ფრთხილად დააწვინა ლილი ნავის ძირზე. დიდხანს იწვნენ ასე, ზევიდან ღრუბლებში გაჩხერილი მზე აცხუნებდა, ნავი ირხეოდა ტალღებზე და ის რხევისაგან უფრო სასიამოვნო იყო. როცა ლილი სკამზე დაჯდა, თვალები ცრემლიანი, მაგრამ მხიარული ჰქონდა და ზურგზე ნავის ძირს დაგებული სწორი, დატიხრული ფიცრის ანაბეჭდები ეტყობოდა. ახმედი მძიმედ უსვამდა ნიჩბებს, ახლა მან იცოდა, რომ ზღვამ, თევზის ჭერაში დამხმარესთან ერთად, აჩუქა ცოლი, ისეთი, როგორიც ჰყავდა მამამისს მისი დედა, რომელიც კარგად ახსოვდა: დედა მას სცემდა ხოლმე ზოგჯერ, ზოგჯერ კალთაში ისვამდა და ტკბილეულს აჭმევდა.
ყველაფერი ეს მოხდა ერთი წლის წინ.
ახლა იჯდა ახმედი ლილის გვერდზე, ზღვის ღელვას უყურებდა, რომელიც სულ უფრო მატულობდა. უყურებდა დიდ დატეხილ ტალღებს, ჰორიზონტზე გაწოლილ შავ ღრუბლებს, ზოგ ადგილას სხივებისაგან დაწითლებულ წყალს და ძალიან უნდოდა ეთქვა რამე ლილისთვის: მას უყვარდა ზღვა, ზღვაზე უფრო მისი საჩუქარი, თავისი ცოლი, მაგრამ არ იცოდა როგორ გამოეხატა ეს გრძნობა. მან არც ის იცოდა, რა ერქვა იმას, როცა რაიმე სიამოვნებდა, თანაც ყველაზე ძალიან. ყრუ ტკივილი იგრძნო, რომ ვერ გააგებინა ცოლს თავისი ფიქრი, წამოდგა, მძლავრი ბიძგით შეაცურა ნავი წყალში, პირველივე ნიჩბის მოსმით გადაახტუნა ერთ ტალღას, მერე მეორეს. ლილი ნაპირზე იდგა და ხელს უქნევდა, ის ხმამაღლა კისკისებდა, ახმედმა მარცხენა მაღლა აწია, თეთრი, მსხვილი კბილები გამოაჩინა გაცინების მაგიერ. ის ბედნიერი იყო, ზღვაში შესული ახმედის ესმოდა ცოლს.
საღამოს ლილი მარტო იჯდა ქოხში. შუა ცეცხლზე წყალი დუღდა; თვითონ ახმედის წითელ ხალათს აკერებდა, რომლის ჩაცმის დროსაც მისი ქმარი ყოველთვის კმაყოფილ სახეს იღებდა და კუნთებს ბერავდა.
შებინდებისას ბადეების დაგებას მორჩნენ მამა-შვილი, ახლა დიდხანს ზღვაში ყოფნა აღარ სიამოვნებდა ახმედს, თუ ლილი თან არა ჰყავდა წაყვანილი, თევზაობის მერე გამალებული უსვამდა ნიჩბებს ნაპირისაკენ. ამ დროს თვალები ებერებოდა, შეკრული კრიჭები ხრჭიალებდნენ და დაბერილი ნესტოებიდან მძიმედ უშვებდა ჰაერს. ძალიან ეჩქარებოდა უკან დაბრუნება ყოველთვის, როცა ლილი მარტო იყო სახლში. შიში რა იყო, არ იცოდა მან, არც ის იცოდა, თუ რა იყო უშიშრობა, მაგრამ მისთვის გამოუცნობი ძალა ეუბნებოდა, რომ საჩუქარი, რომელიც ზღვამ მოუტანა, შეიძლებოდა ისევ უკან წაეღო რამეს.
მთელი ქანით შეაგდო ნავი ნაპირზე. ლილი ქოხის კარებში იდგა. ახმედმა თავი აწია, კბილები გამოაჩინა, მერე ზურგი შეუქცია და ნელა დაიწყო ნავის ნაპირზე გამოთრევა: ასაღელვებელი უკვე აღარ იყო არაფერი. ახმედის მამა ჯანბეგმა შიშველ ფეხებით გამოტოპა წყალში, მერე ქოხში შევიდა და ბადეები დაყარა.
_ ნახე, რა დიდია და ხორციანი, _ თქვა მან და ხელზე დადებული თევზი დაანახვა ლილის.
_ ეგ, ვიცი, რა თევზიც არის, ახანში მოხვდა, ალბათ, _ გაიცინა ქალმა.
_ არა, ახმედმა დაიჭირა ანკესით, აჰა, ბიჭო, ტყავი გააცალე. _ გადაუგდო მამამ თევზი. ახმედმა დაიჭირა, ქამარზე ჩამოკიდებული პატარა დანა დააძრო და მუცლიდან აფატრა.
_ შენ დაიჭირე, არა, ახმედ? _ მივიდა მასთან ლილი. ახმედმა თეთრი კბილები გამოაჩინა, ლილიმ თმებში ჩასჭიდა ხელი, თავისკენ მოწია.
_ გიყვარვარ, ახმედ?
_ უყვარხარ, მერე როგორ, – გაიშხლართა ჯანბეგი ტახტზე და კედლისკენ გადაბრუნდა. _ წინათ სულ მოღუშული იყო, ახლა დაავიწყდა კიდეც, რომ ლაპარაკი არ შეუძლია.
ახმედი იღიმებოდა. თევზის ქერცლები ცეცხლის პირას ცვიოდა, ზოგ ახლად დაცემულს ალი იტაცებდა, ატკაცუნებდა. მან ჯოხისაგან შამფური გამოთალა, ზედ წამოაცვა, მერე ლილის დაანახვა.
_ ჰო, შეწვი, _ თქვა ქალმა.
ის ჩაცუცქდა, ცეცხლი გაქექა და შამფური ნაკვერჩხალზე დადო, თან მხიარულად გაიქნია თავი.
_ ეგ, იცი, რა გემრიელია შემწვარი, უ, რამდენი მე ეგ მიჭამია წინათ! _ კედლისკენ თქვა ჯანბეგმა.
_ ეტყობა. ახმედსაც უყვარს. _ ლილიმ ისევ მოჰკიდა ქმარს თმებში ხელი.
_ უყვარს, მაშ, მაგ თევზით გავზარდე, იმიტომ არის ეგეთი ღონიერი.
_ ღონიერი ხარ, ახმედ? _ მოქაჩა ქალმა თმები.
_ ეგეთი ღონიერი, ტყუილია.
_ ღონიერია, მა რა, ხო, ახმედ. _ ისევ მოქაჩა თმები. 
ახმედმა შამფური გადააბრუნა.
_ ვერ ლაპარაკობს, არა? – თქვა ლილიმ, თითქოს პირველად გაიგო და თმებზე ხელი შეუშვა.
ჯანბეგს ხმა არ ამოუღია, ახმედმა იგრძნო, რომ ლილი შეიცვალა, დანაღვლიანდა, მორცხვი ღიმილით ახედა, ქალი დაიხარა და თავისი პატარა ცხვირი მოუსვა ლოყაზე.
_ უნდა გაიპარსო უკვე, _ თქვა მან.
_ ხვალ მივცემ ფულს და წავყვები, – წამოჯდა ჯანბეგი ტახტზე და მუგუზლებზე დამსკდარ თევზს დააშტერდა, მერე მზერა ლილის წამოსულ მუცელზე გადაიტანა. – თევზის ფულებიც ასაღები გვაქვს, თორე ჩქარა სტუმარი გვეყოლება, არა?
ახმედმა თავი ასწია, ლილი კიდობნისკენ წავიდა, პატარა წითელი პერანგი ამოიღო და ქმარს დაანახვა. ახმედს თვალები აუპრიალდა, ჯანბეგმა კმაყოფილად ჩაიბუზღუნა:
_ შენ შეკერე? ძალიან კარგია, ახლა შარვალი გააკეთე, ხო იცი, ბიჭი იქნება!
ლილიმ სკივრიდან მწვანე შარვალი ამოიღო.
_ აი, _ თქვა მან, _ ესეც... 
ახმედს სიამოვნებისგან ტუჩები აეხა, შეკრული კრიჭები მოუდუნდა და გაუბედავად დაადო ლილის მუცელზე თითი.
_ ჰო, ჰო, _ თავი დაუქნია ცოლმა.
ღამდებოდა და თენდებოდა.
კმაყოფილების რიტმით ივსებოდა ახმედის გული. ის გრძნობდა თავის ჭარბ ძალას კუნთებში, რომლითაც უსვამდა ნიჩბებს და რომლითაც ბავშვივით აყვანილი ეჭირა ლილი. ახლა მისი ასე ტარება ყველაზე ძალიან შეუყვარდა ახმედს. დადიოდა ქვიშიან ნაპირზე, მკლავებზე გადაწვენილ ცოლს არწევდა, თან მის წამოსულ მუცელს უყურებდა. ახალი ძალა იღვრებოდა მის გულში, ებერებოდა ბიცებსებიც. ის ფიქრობდა, რომ ის თევზი, რომელსაც აქამდე იჭერდა, აღარ იქნებოდა საკმარი, ის ქოხი, სადაც ის ცხოვრობდა, გაცილებით პატარა და უშნო იყო, ვიდრე იმათი ქოხები, სოფელში რომ იდგნენ; იმ ქოხებში ყველგან დარბოდნენ პატარა, ლილიმ რომ შეკერა და აჩვენა, ისეთ პერანგჩამოცმული ბავშვები. საღამოს მარტო მიდიოდა ბაზრისაკენ, ლილის სიარული აღარ შეეძლო, ის იწვა და ძალიან შეწუხებული სახე ჰქონდა. ვერ იტანდა ახმედის გული ცოლის ტანჯვის ყურებას. 
მიდიოდა ბაზრისკენ, რომელიც ამ დროისთვის უკვე დაკეტილი იყო; გზადაგზა გრძელხისფეხებზე შესკუპულ ქოხებს ათვალიერებდა, მიწას რომ ხის კიბით უერთდებოდნენ. ერთხელ, ასეთი სეირნობის დროს, დიდი ბარკასის უფროსმა მეთევზემ შეიპატიჟა, მაგიდასთან დასვა. აქ ღვინო დალია ახმედმა, სასმელი თბილ სითხედ ჩაიღვარა მის სხეულში, მგრძნობიარე და რბილი გახადა ის. შეუჩვეველი ჩქარა დაითრო, თვალები გაუფართოვდა, ხარბად უყურებდა კედელზე ჩამოკიდებულ დიდ, ჭრელ ფარდაგს _ მის შუაში გაკრული არშიებიანი თეთრი პირსახოცით, მერე მზერა კარადაზე გადაიტანა, საიდანაც საჭმელი გამოიღო დიასახლისმა. მასპინძელი იცინოდა, მხარზე ხელს ურტყამდა. რაღაცას უსურვებდა. ახმედმა იცოდა, რომ ის სურვილი ეკუთვნოდა ლილის კარგად ყოფნას, რომელიც ავადმყოფი იწვა მის ძველ ტახტზე და ბავშვს ელოდებოდა. უცებ დაეპატრონა ახმედის გონებას ცოლის სახე. ავადმყოფურად მოუნდა მისი ნახვა, წამოდგა და გამოუმშვიდობებლად დაეშვა კიბეებზე. მასპინძელი გარეთ გამოჰყვა.
_ წავიდა? – ხმამაღლა იკითხა მეორე ოთახიდან მასპინძლის ცოლმა, როცა კაცი უკან შებრუნდა.
_ წავიდა, ზღვასთან ყოფნა მოუნდა მუნჯს, – თქვა ღიმილით ქმარმა.
ახმედი მირბოდა ზღვის გასწვრივ, წვრილი ქვიშა იწეოდა გვერდებზე, ხრაშუნობდა; ზღვის შუაში მთვარის შუქი იყო ჩაღვრილი. გარშემო ტალღებზე ღრუბლის ჩრდილები დადიოდნენ, მერე მთვარე დაიმალა და შორს ზღვაში ნაპირისაკენ მომავალი გემის სინათლე გამოჩნდა. ახმედმა ზღვას გახედა და უფრო მოუმატა სირბილს. მის ქოხში სიბნელე იყო, შიგ შევარდნილ ახმედს ღრუბლებიდან გამოსული მთვარის სინათლე დაეცა ზურგზე. ლილის თავი უკან ჰქონდა გადავარდნილი, სხივები მის მოდუნებულ სახეს კიდევ უფრო აფერმკრთალებდნენ, ახმედი ჩამოჯდომას აპირებდა ტახტზე, მაგრამ ქალი უცებ გაიმართა, ხელი ჰკრა სუსტად და საბნის ნაგლეჯში გახვეული რაღაც მიიხუტა. ახმედი სიბნელეში იდგა. მთვარე ლილის გრძელ, ჩამოყრილ თმებს, გაშტერებულ, უცრემლო თვალებს და იმ ნაგლეჯში გახვეულ რაღაცას ანათებდა, რომლის მხოლოდ დამანჭული სახე მოჩანდა. დიდხანს იჯდა ასე ქალი. თვალები ამოუშრა მთვარის შუქისაგან, სხივები შედიოდნენ მის გუგებში, უფართოვებდნენ, ითრევდნენ თავის სამფლობელოში და დედაც გაშტერებული უყურებდა მრგვალ, წითელ დისკს. ახმედი მიყუჟული იდგა. მისი სხეული გრძნობდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა. ზღვა კი ხმაურობდა, შავი ღრუბლები დადიოდნენ აჭრილ წყლებზე, მერე ღრუბლებმა მთვარე დაფარეს და ახმედის ქოხში მთლიანად დაბნელდა. სიბნელეში ქვითინის ხმა გაისმა. ქვითინებდა ბავშვზე დამხობილი დედა, მერე საბანი გადააცალა, თავს უსვამდა მის სხეულს, თმებით ფარავდა ახლად გაჩენილის ერთიბეწო ტანს. ახმედმა თავისდაუნებურად დაანთო ცეცხლი. ჯერ ცოტათი მოეკიდა ხიწაწს, მერე ალმა იმატა, ნელა გაანათა ოთახი. დედის სხეულის ქვეშ იწვა უმოძრაო ბავშვი კისერზე დახვეული ჭიპით, რომელსაც ის დაბადებამდე დაეხრჩო.
გვიან შევიდა ქოხში მოხუცი ჯანბეგი, მდუმარედ მივიდა ცეცხლთან, რომლის ალიც ძლივსღა ბღუტავდა, უმოძრაოდ მჯდარ ახმედს დაადო მხარზე ხელი. მას მამის შემოსვლა არ გაუგია. ოდნავ შეაკრთო ხელის შეხებამ. მოხუციც მის გვერდზე ჩამოჯდა. ლილი აღარ ქვითინებდა, ის ბავშვზე დამხობილი უმოძრაოდ იწვა.
_ ჯერ ახალგაზრდები ხართ, _ ყრუდა თქვა ჯანბეგმა. ლილიმ ამოისლუკუნა, ახმედმა სიბნელეში გაარჩია, როგორ შეირხა მისი ცოლის მხრები და გული შეეკუმშა. მისი სხეული ჰაერში სიკვდილის, სიმარტოვის სუნსა გრძნობდა; პირველად თავის სიცოცხლეში მოუნდა ტირილი, მაგრამ არ შეეძლო, არც ლილისთან მისვლა შეეძლო, რომ მოფერებოდა.
_ ჯერ... – დაიწყო ისევ ჯანბეგმა, – რას იზამ, შვილო, ახალგაზრდები ხართ.
ქალი ნერვიულად იქნევდა თავს, დიდ კურცხლებად ჩამოსდიოდნენ ცრემლები.
_ ახმედ, ასეთი გაჩნდა, იცი? მკვდარი! – ქვითინებდა ის. ახლა, როგორც არასოდეს, უნდოდა, რომ ქმარი მისულიყო და მოალერსებოდა; ახმედი უმოძრაოდ იჯდა, ვერ აიძულა თავი მიახლოებოდა იმ ადგილს, სადაც იწვა სიკვდილი _ პატარა, მაგრამ საშიში და უცნობი.
მეორე დღეს დაასაფლავეს ბავშვი ქოხის გვერდზე, ახმედმა ყვავილები დაკრიფა, ლილიმ მიიტანა და დააწყო. 
გადიოდა დრო. 
აღარავინ არ იგონებდა იმ სიკვდილს, მაგრამ ის ჩანდა ყველაფერში. ჩუმი გახდა ლილი, ახმედი უფრო მეტ ხანს რჩებოდა ზღვაში და თავის ცოლს დამნაშავესავით მორიდებულად უყურებდა. მხოლოდ ჯანბეგის ლაპარაკს შეჰქონდა პატარა სიცოცხლე ოჯახში. იტანჯებოდა ახმედის გული, მაგრამ არაფრის თქმა არ შეეძლო, მხოლოდ კუნთები ჰქონდა ძველებურად ძლიერი, უსვამდა ნიჩბებს, ექაჩებოდა მარტო უზარმაზარ ბადეებს. ღამით იწვა ძველ ტახტზე, ზორბა მკლავებში მოქცეულ ლილის ჰკოცნიდა თვალებზე. აწყნარებდა. ახმედს უნდოდა, რომ ცოლთან ერთად გატარებული ყოველი ღამე უსასრულო გამხდარიყო. დილა კი აბოლოებდა ამ უსასრულობას, ტოვებდა მას უცოლოდ. მთელი დღე მის გონებაში იდგა ის დრო, როცა ლილი დაწვებოდა მასთან, წინათ არ იცოდა ახმედმა, ეს დრო თუ უსასრულო არ იყო, ახლა კი ხვდებოდა და ეშინოდა შეუცნობლად. ამ აღმოჩენამ უფრო ააფორიაქა ის, აქამდე ეგონა, რომ დარდის მიზეზი მარტო ბავშვის სიკვდილიდან იწყებოდა, ნაწილობრივ ეს სწორეც იყო, მისი სიკვდილის შემდეგ დაებადა შეუცნობელი შიშის გრძნობა, რომლითაც ხვდებოდა ყოველ დილას.
სწორედ დილით ებადებოდა ტახტიდან ადგომისას ეს აზრები, როდესაც მარტო რჩებოდა ლილი. ეს აზრები მიჰყვებოდნენ მთელი დღე თევზაობის თუ ბადეების ქსოვის დროს და კვდებოდნენ დაღამებასთან ერთად, როცა ცოლს თავის მძლავრ მკლავებში გრძნობდა.
მარტო ჯანბეგი იყო თავისთვის, შეუმჩნევლად, როცა ლილის ახმედთან ლაპარაკი უნდოდა, გაგებინებით ისინი აგებინებდნენ ერთმანეთს, მაგრამ, როცა ხმის გაცემა უნდოდა, მაშინ ელაპარაკებოდა მოხუცს, ისიც შეეჩვია ამ როლს. მათი საუბარი ნაწყვეტ-ნაწყვეტი იყო, ის გრძელდებოდა ვახშმისას, მის მერეც, როცა ლილი ახმედის გვერდზე იწვა, ჯანბეგი კი თვლემდა კუთხეში დაგებულ ტყავებზე. ამ დროს ახმედი თავს კარგადა გრძნობდა, მათ საუბარს თავის კუთვნილებად იღებდა. ლაპარაკი ქალს უქრობდა შიშს, რომელიც სიჩუმეში იბადებოდა მეთევზის ფარღალალა ქოხში, შიში მოდიოდა ზღვიდან და ხმელეთის იქით გადაჭიმულ შრიალა ტყეებიდან. ასეთი შიშის დროს ღამე ჭუჭრუტანებიდან შემოდიოდნენ ეშმაკები, ან ორთავა დევები ხარხარით, ცეცხლი ღვივდებოდა კერაში, ნაკვერცხლდებოდა. მოჩვენებები ცეკვავდნენ ცეცხლის ენების გარშემო და ყელზეჭიპშემოხვეული ბავშვის ხორცსა ჭამდნენ. შეშინებული ახელდა თვალებს ქალი, ახმედის მკლავები მაგრად უჭერდნენ მის ტანს, მაგრამ მოჩვენებები უფრო გათამამებული ახტებოდნენ ნიჩბებს, არღვევდნენ ზღვას, მოათრევდნენ ნავებს, ძვირფას განძეულს და იტაცებდნენ მას ახმედის მკლავებიდან; კანკალებდა ლილი.
_ ჯანბეგ, ჯანბეგ, თენდება არა?! – იძახდა ის.
_ ჩქარა, ჩქარა ამოვა, - ბოხი, ჩახლეწილი ხმით პასუხობდა ბებერი მეთევზე.
ადამიანის ხმების ეშინოდათ სულებს და გარბოდნენ. ცარიელდებოდა ოთახი, გარეთ ზღვა ხმაურობდა, ხმელეთიდან ისმოდა ხეების შრიალი, ძაღლების ყეფასთან ერთად, ალიონზე ყიოდა მამალი. ახმედის მკლავები, რომლებიც ისევ მაგრა შემოხვეოდნენ მის სხეულს, კვლავ საიმედო საფარველი ხდებოდა.
ავად გახდა ზამთარში ჯანბეგი. იწვა სიცხიანი და ბოდავდა. ბოდვის ხმები მთელი ღამე ებრძოდნენ სულებს, ბოლოს ხმები იმარჯვებდნენ, ცარიელდებოდა ოთახი მოჩვენებებისაგან. ისვენებდა ლილი.
მომდევნო ღამეებში ხმები მისუსტდა; ერთხელაც, როცა მთვარეს ღრუბელი აეფარა, სულ მისუსტდა ჯანბეგი.
სულებს აღარ შეეშინდათ მისი უაზრო ბგერების და მოჩვენებებით აივსო ოთახი. ლილის ძახილზე მოხუცი იწვა ჩუმად, მას აღარ აწუხებდა სიცხე, აღარ აწუხებდა შვილიშვილის მკვდრად დაბადება და მუნჯი შვილის მარტო დატოვება ამ ქვეყანაზე.
დილითაც იწვა ის, მერე მთელი დღე იწვა კიდევ. ცხედრის დასაფლავება მესამე დღეს გადაწყვიტეს, როცა ახმედი ძველი ნავის ფიცრებისგან კუბოს გააკეთებდა. ღამისთვის მორჩა დურგლობას, კუბო ქოხის კუთხეში ააყუდა. ლილი ტახტზე იჯდა პატარა სხეულად მოყუჟული, მერე ფეხაკრეფით ადგა, მივიდა შუაცეცხლთან, რომელიც ოდნავ ბჟუტავდა, გრძელი ალმოდებული ფიჩხი აიღო და ჭრაქს მოუკიდა; ჭრაქმა ჯერ პარპალი დაიწყო, მერე აინთო, ძველი ქოხის კედლები გამოაჩინა. ჭერში თოკზე ასხმული გამომხმარი თევზები ეკიდა მძიმე ბადეების გვერდზე, ისინი საცობებით იყო მოკაზმული წყალზე სატივტივოდ, კოჭებში ორი მთელი ნიჩაბი ჩანდა პირდაპირ გარჭობილი, რომელზედაც მეთევზის ფაცხები და დამტვრეული ნიჩბები ეყარა. პირდაპირ ეკიდა ახმედის დაკერებული ტანისამოსი, ახმედი კარებთან იჯდა ხის ურდულის ქვეშ, დროდადრო თავმომწვარ ფიჩხს უნთებდა ცეცხლს, ალი ცოტა ხნით ვარდებოდა ახალი შეშის მიმატებამდე.
ლილი გარეთ გავიდა. კარები ჭრიალით გაიღო, როცა შემოვიდა, კარებმა ისევ დაიჭრიალა. მან ქვაბით წყალი შემოიტანა, შუა ცეცხლის თავზე დაკიდებულ კავში ჩაკიდა, ახლა თვითონ მიუმარჯვა ფიჩხი. ალმა ქოხის ძველი, სუფთა კედლები გაანათა. ლილიმ ცოცხს მოჰკიდა ხელი, სინათლეზე გამოჩენილი აბლაბუდა ჩამოწმინდა, შემდეგ თევზი გამოშიგნა. დაღლილი მიუჯდა ახმედს გვერდით. ცეცხლმა იკლო. ახმედმა ხელი გადახვია, ქალი სუსტი მხრებით მიეკრა მის მკერდს. ის კანკალებდა, ეშინოდა ქოხის სიჩუმის და ცდილობდა ჭრაქის მხარეს არ ეყურებინა. იქ, ჭრაქის ქვეშ, ახმედის მკვდარი მამა იწვა საბანგადაფარებული. ერთხანს ასე ისხდნენ, შემდეგ ახმედი წამოდგა, ცულს დაავლო ხელი, თაროდან ლურსმნები ჩამოიღო. დილითვე დამზადებული ფიცრებისგან კუბოს თავსახურის ჭედება დაიწყო. კაკუნის ხმამ ლილი გაამხნევა. მოუნდა ვინმეს დალაპარაკებოდა, მაგრამ ჯანბეგი უკვე მკვდარი იყო, ნიშნებით კი არ შეეძლო ახმედისთვის ყველაფერი ეთქვა, თან ასეთი ლაპარაკი ღამით უფრო აშინებდა.
ახმედმა კუბოს თავი გააკეთა, ისევ მიუჯდა ლილის და ხელი გადახვია. კერაში ცეცხლი სულ მიქრა, ქვაბში ჩაყრილი თევზი მოიხარშა. აღარავის შეუკეთებია ფიჩხი, მარტო თაროზე მდგარი ჭრაქი ბჟუტავდა, რომლის ქვევითაც საბანგადაფარებული კაცის ცხედარი იდო. ქოხს მხოლოდ შიში და სიცარიელე პატრონობდა ლილისათვის. ახმედის მკლავები მას მანამდე იფარავდნენ, სანამ სინათლე ენთო. ჭრაქში კი საწვავი თავდებოდა. ახმედისთვის ამ წუთში არ იყო არც შიში, არც სიცარიელე. იყო მხოლოდ ლილი, რომლისთვისაც ხელი ჰქონდა გადახვეული და რომელიც თრთოდა მის მკლავებში.
მთელი ღამე მოდიოდნენ სულები. ახლა დევები უფრო დიდები იყვნენ, პატარა ეშმაკებმა დაიკავეს ყველა კავები ქოხში. ხითხითებდნენ, ენას ყოფდნენ, იმანჭებოდნენ. კუთხეში შავად მდგარი კუბოდან გამომძვრალი ვიღაც ასფეხა ცეცხლის ენებში ცეკვავდა, გრძელი ხელები იგრიხებოდნენ, თითქმის ხვდებოდნენ ქალის სახეს, მერე ჯოჯოებმა ზურგით შემოათრიეს კიდობანი, იქიდან შამფურზე წამოცმული ყელზეჭიპშემოხვეული ბავშვი ამოიღეს, შეწვეს, ხარბად დაიწყეს ჭამა; როცა მორჩნენ, სხვა, დიდი სხეული, ამოიღეს და შეწვა დაუწყეს, ხორცმა სუნი აუშვა, ის მოხუცის იყო, ჯანბეგის თავით, მაგრამ უსულო, საშიში.
_ ჯანბეგ, ჯანბეგ! – ყვიროდა ლილი.
ჯანბეგი დუმდა, დევები უსულოს ჭამას განაგრძნობდნენ. მარტო ქალის ხმის არ ეშინოდათ. უპასუხოდ დარჩენილი ძახილისგან უფრო გათამამებული დარბოდნენ ეშმაკები.
_ ჯანბეგ, ჯანბეგ! – ისევ ყვიროდა მთელი ხმით ის.
გაღვიძებული ახმედი კუნთებს ბერავდა, კბილებს ახრჭიალებდა. ახლა ისიც დევს ჰგავდა, ქალს გადახტომა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო, მკლავები არ უშვებდნენ.
_ მიშველეთ, მიშველეთ! – განწირულად დაიწივლა მან და უცებ გაქრნენ სულები. თვალებდაჭყეტილი ლილი საწოლზე იჯდა, ახმედს კეტისთვის დაევლო ხელი. ღია კარებში ცოცხალი კაცის სილუეტი ჩანდა, მის უკან კი ზღვა იყო წყნარი, თეთრი.
_ მე ვარ, ეს ახმედ. – თქვა სილუეტმა. ახმედმა იცნო ახალგაზრდა მეთევზე დიდი ბარკასიდან, _ აქეთ მოვდიოდი და შენი ყვირილი შემომესმა, ლილი. _ ახმედმა ზურგი შეაქცია და ტახტზე დაწვა. ის კაცი წავიდა, ადამიანის ხმისაგან დამფრთხალი სულები მთელი ღამე იმალებოდნენ.
დილა წყნარი იყო და მზიანი.
აფორიაქდა ახმედის გული. გათავდა ღამე. გათავდა ლილისთან ერთად წოლის კიდევ ერთი დღე. საღამომდე ვერ ნახავდა მას. უსვამდა ნიჩბებს ზღვის სიღრმისკენ. ის არ ფიქრობდა არც შიშზე, არც ლილიზე, მხოლოდ შეუცნობელი ცუდის რიტმი იყო მის გულში. გათავდა ღამე, რომელიც გაატარა ცოლთან ერთად და არ იცოდა მეორე ღამეს გაატარებდა თუ არა მასთან, რადგან გრძნობდა, რომ ისევე, როგორც ცვლიდა ღამეს განშორების დილა, შეიძლებოდა შეცვლილიყო ასეთი ცხოვრება ცოლთან ერთად სხვა ცხოვრებით. მამის დასაფლავების შემდეგ უფრო დაეპატრონა ეს განცდა. ის ნაწილი, რასაც ავსებდა ჯანბეგი თავისი ლაპარაკით ლილისთან, ცარიელი იყო. ამ სიცარიელისა ეშინოდა ახმედს, ეს სიცარიელე ხელს უშლიდა, რომ ძველებურად ყოფილიყო ცოლთან. პირველად ეს სიმყუდროვე დაარღვია სიკვდილმა – ის სიკვდილი ეკუთვნოდა ბავშვს, მეორედ სიმყუდროვე ისევ სიკვდილმა დაარღვია, ქოხის უკან დაასაფლავეს ჯანბეგი.
ამ ამბების მერე მოიწყინა ლილიმ, აღარ იყო მხიარული, აღარ ეალერსებოდა ახმედს, ღამე საშინელ სიზმრებს ხედავდა, თრთოდა, ყვიროდა. ამ სიკვდილების მერე მოხდა ის ამბავი, რომ თევზაობიდან დაბრუნებულ ახმედს სახლი ცარიელი დაუხვდა.
აღარ იყო იქ ლილი. იჯდა ახმედი მარტო ცივ, პატარა ქოხში და გრძნობდა, რომ ის, ვინც უკითხავად წავიდა, აღარასოდეს დაბრუნდებოდა, ზღვა დარჩა მხოლოდ მისი ერთგული. ღამე, დიდი ქარისა და ტალღების ხმაურის დროს, ეჩვენებოდა ქალის ყვირილი, დაფეთებული გარბოდა გარეთ, მერე ცურვით შედიოდა წყალში. თავისი სიცოცხლის საფრთხის ფასად გამოყავდა წყლით გაბერილი ადამიანი, წყალს წურავდა მისი სხეულიდან და სიცოცხლეს უბრუნებდა.
თევზაობის შემდეგ ხშირად ეგდო ნახევრად შიშველი ზღვის ნაპირას და ელოდა დამტვრეული ბარკასის პოვნას, რომლის ძირზეც იწვებოდა ზღვის საჩუქარი. ყოველ ღამე ტკივილით ევსებოდა გული. იწვა მარტო და იმედად მხოლოდ დილა ჰქონდა. დილას შეეძლო მოეტანა ნავი, დაებრუნებინა ლილი. მზის ამოსვლამდე ჯდებოდა ახმედი ნავში, რკინის კუნთებით უსვამდა ნიჩბებს, შორს გადიოდა ზღვაში. ერთადერთი, რაც დარჩა მას, იყო ძალა. ძალა უნაზღაურებდა ყველაფერს და უძალოდ ცხოვრება ვერ წარმოედგინა მის სხეულს.
გადიოდა დრო.
ახმედის ძალა ეხმარებოდა თევზით ღარიბებს, იკედლებდა ღამის გასათევად მგზავრებს, არჩენდა ზღვის ტალღებიდან სხვის სიცოცხლეს. მისთვის სიცოცხლის გადასარჩენად არ არსებობდა წინააღმდეგობა, მან, მარტო დარჩენილმა, ყველაზე კარგად იცოდა, რა იყო სიკვდილი. მას ხომ სიკვდილმა წაართვა ლილიც – ასე თვლიდა ის.
კიდე გადიოდა დრო.
და დაბერდა ახმედი. ზღვის წყალმა მხედველობის ნაწილი დაუკარგა. ახლა კარგის და ცუდის შეგრძნება აღარ იღვიძებდა ისე ძლიერად მის გულში. ის მოდუნდა. მან დაივიწყა წინანდელი დარდი, დაივიწყა ის სიხარული, რასაც იწვევდა სხვისი შველა;
კიდე გადიოდა დრო და ახმედმა დაკარგა ძალა, თავისი ერთადერთი იმედი. მაშინ შეიკედლა მოხუცი სედა _ ნახევრად გიჟი მოხუცი ქალი ბაზრიდან და ძაღლის გადაგდებული ლეკვი.
ღამე ძაღლის ლეკვი კარებთან წკმუტუნებდა, მერე, გულზე მოსული, უყეფდა ლანდებს სიბნელეში. ახმედი იჯდა წელში მოხრილი ცეცხლის პირას, ფიჩხს ქექავდა, უბერავდა ნაღვერდალს. დასუსტებულ ძვლებზე დამჭკნარ ხორცად დაკიდებული, ერთ დროს ძლიერი ბიცებსები ჟანგისფრად მოჩანდა ალზე. ბრუ ეხვეოდა, მაგრამ მიუძლურებულს რატომღაც არ სწყინდა თავისი უმწეობა, ვეღარცა გრძნობდა.
გარეთ ლეკვი ყეფდა, მერე შევარდა ქოხში კუდის ქიცინით და ისევ გაიქცა. ახმედმა იცოდა, რომ ახლა ბებერი სედა შევიდოდა. ბებერმა სედამ წყლიანი თუნგი დაუდგა გვერდზე ბებერ მეთევზეს; იქვე დაჯდა თვითონაც ცეცხლთან. მიმჭკნარ ბარძაყებს უნათებდა ალი. ის იჯდა თავდახრილი, ყვინთავდა; მერე თბილ მიწაზე იწვა და ეძინა. ახმედმა ისევ გაქექა ცეცხლი. სედას დამჭკნარი ბარძაყები დახეული კაბიდან წითლად და თეთრად გამოჩნდა. ახმედის ფეხთან ლეკვი წკმუტუნებდა, ცხელი ენით ულოკავდა ხელის გულს, სულ ბუნდოვნად იღვიძებდა ვიღაც ქალისგან განცდილი გრძნობა მიბერებული მეთევზის გულში. იმ ქალის ამბავი იცოდა ახმედმა, მაგრამ ის ისე შორს იყო, რომ გახსენება აღარ შეეძლო მის გონებას; გრძნობა დიდი ხანია ჩაუქრა მას, მხოლოდ დარჩა ის ინსტინქტი, რომელსაც ოდესღაც იწვევდა ლილის შიშველი ხორცის დანახვა. ეს ახლა თითქმის გაუფერულებული განცდა შეინარჩუნა მისმა გულმა ძველი ამბებიდან, სიყვარულის, იმედის გაცრუების და სიკვდილის სიძულვილის ყრუ ტკივილთან ერთად.
სადღაც გაიქექა მისი შეგრძნება, მის შემდეგ აღარ ენახა ასე ქალის სხეული, ახლა უყურებდა და ოდესღაც განცდილი მკრთალად უფორიაქებდა მიბერებულ სხეულს, ძაღლი კი ულოკავდა მლაშე ხელისგულს, სასიამოვნოდ უთბობდა. ნელა წამოდგა, ჩოჩვით გადაჯდა მიწაზე მოხუცი ქალის გვერდზე, ისევ გაქექა ცეცხლი, დიდხანს უყურა სიშიშვლეს, მერე რაღაცამ უკარნახა, რომ უფრო კარგად შეგრძნებისთვის ხელი უნდა მოეკიდა. დამჭკნარი თითი დაადო ქალის ბარძაყს, მოუჭირა. სადღაც გაქრა გაღვიძებული შეგრძნება, ბარძაყი ცივი, უგრძნობელი იყო. გარეთ გავარდნილი ლეკვი ისევ უღრენდა ლანდებს. წელათრევით გადმოჯდა თავის ადგილას ახმედი; ახლა სიშიშვლეს ვეღარა ხედავდა; მხოლოდ გრძნობდა, რომ სწყუროდა წყალი. თუნგი მოიყუდა. სვამდა დიდი, მძიმე ყლუპებით და უფორმო სიცოცხლე იპყრობდა მის სხეულს. ცივი წყალი გადადიოდა ყელში, ეღვრებოდა გულზე. სხეული გრძნობდა, რომ ის ცოცხალი იყო. ეს სიცოცხლე იჯდა დანგრეულ ქოხში, ნახევრადმიმქრალ ცეცხლთან, რომლის პირასაც იწვა ბებერი ქალი, ეს სიცოცხლე გრძნობდა, რომ ლეკვი, რომელიც გარეთ ყეფდა, შემოვიდოდა და ხელისგულს აულოკავდა, ცეცხლი, რომელიც ქრებოდა ფიჩხის შეკეთებისას, ისევ დაიწყებდა თამაშს, ისევ გაანათებდა შიშველ ბარძაყებს ლეკვის ენას და კედელზე ჩამოკიდებულ ბადეებს.