Litclub.ge

მატარებელი სტეპში
_ იცი მერე, რა იქნება კუპეში? ჭურჭლების მტვრევა, გუშინ გამცილებელმა ოთხივე ჩამტვრეული სარკე გამოცვალა, _ თქვა გიორგიმ და ზევიდან კეთილი ღიმილით გადახედა ნანას. ნანამ ცხვირზე დაადო თითი, მერე გადაიხარა მისკენ, უკანა ჯიბეში ჩაუყო ხელი და ცხვირსახოცი ამოიღო; ნასიამოვნები, ოდნავ უხერხული, კმაყოფილი სახით მოისვა ცხვირზე.
_ გიორგი რეაქციაზე მუშაობს, _ თქვა, – სულ ცოტა ხანში მისგან ბრწყინვალე ბოქსიორი გამოვა, ისე იცილებს ჭურჭელს.
_ მე ავიტან, ოღონდ შენი გამოსახულება მეცოდება სარკეში უთოს მოხვედრის დროს, _ გადახვია მან ხელი, ნანა ნაზად მიეყრდნო მკერდზე.
_ ჯერჯერობით ისე არ მაბრაზებს, როცა გამაჯავრებს, მაშინ ვნახოთ, ალბათ, მართლა ვიხმარ უთოს, _ ისევ გადაიწია, უკანა ჯიბეში ჩაუდო დამრგვალებული ცხვირსახოცი.
_ ერთი ცუდი თვისება აქვს ჩემს ცოლს, არაყსა სვამს და პაპიროსს ეწევა, ვერაფრით ვერ მოვაშლევინე, ბიჭი რომ იყოს, კიდევ ჰო, თუმცა მაშინ ჩემი მეუღლე აღარ იქნებოდა, _ გიორგიმ ალმაცერად დახედა თავის წინ მდგარ არყის ჭიქას.
_ რაღაც სხვანაირად ლაპარაკობ, გახსოვს რა პირობა მომეცი, _ გაუწყრასავით ნანა.
_ აი, ასეთია, არაფრის უფლებას არ მაძლევს, არც მალევინებს, არც მაწევინებს.
_ მე არ გიშლი, _ ოდნავ წამოწითლდა ნანა.
_ დალიე რამდენიც გინდა, გიო, _ ნანამ პირდაპირ სკამზე მჯდარ ბიჭს შეხედა. _ გინდა გაჩვენო რა მახინჯი იყო გიორგი ბავშვობაში, არც ახლა მყავს მზეთუნახავი, _ მან ჩანთიდან ორი სურათი ამოიღო და გაუწოდა.
ერთზე პატარა ბიჭი იწვა ბალახზე, ზევიდან გოგო ედგა და იცინოდა; მეორეზე იგივე ბიჭი იჯდა, გოგო თმებს ქაჩავდა – ორივე სურათის ფონზე მოჩანდა უნაგირა მთა, ძირთან გაწოლილი წყლის ზოლით, და დაუმთავრებელი კაშხალი.
_ ხედავ, სად დაიწყო ჩვენი რომანი, ჩვიდმეტი წლის წინათ მშენებლობაზე, სადაც ჩვენები მუშაობდნენ, – გაიღიმა გიორგიმ.
_ ეს მე ვარ, ეს გიორგი, რას გავს, არა? _ სიყვარულით თქვა ნანამ.
_ მაშინაც ასე მჩაგრავდა, ხომ ხედავ, ვტირი.
_ შენ სულ ტიროდი.
_ ალბათ, ვგრძნობდი, რომ ჩემი ცოლი იქნებოდი და იმიტომ. _ ნანა წამოწითლდა, მერე ერთმანეთს შეხედეს, გაიცინეს. გიორგიმ ლოყაზე უჩქმიტა.
_ აბაა! _ თქვა, შემდეგ ისევ მოხვია ხელი და მიიზიდა.
მატარებელი რიტმულად ირხეოდა; გარეთ მოჩანდა ალაგ_ალაგ დათოვლილი შიშველი სტეპი, დიდფრთიანი ქარის წისქვილით. ფანჯარაში ჰაერის წუილი ისმოდა და შორს წამოხვეტილი თხელი თოვლი ეყრებოდა წისქვილს.
_ საოცარია სტეპი, – დაიწყო გიომ, რომელიც გარეთ იხედებოდა, – დიდი, უბოლოო, გადაბუგული, შემიძლია მთელი დღე ვუყურო, ჩვენი მთები კი გულზე მაწვებიან.
_ რას ამბობ, მთებს რა შეედრება, ეს ერთფეროვნება მაინც არ არის.
_ იმდენი მთები, რა, ერთფეროვნება არ არის? თან სული გეხუთება, ერთადერთი დარიალი მიყვარს, ხრიოკი და ქვიანია.
_ მე ვერც შევადარებ ენგურს, არც შეიძლება, იმდენი მწვანეა იქ.
_ არ მიყვარს მწვანე.
_ მეც არ მესმის, რა არის სტეპში ან ხრიოკში კარგი, _ თქვა ნანამ.
_ რას ამბობთ... _ დაიწყო გიომ.
გიორგი და ნანა ერთმანეთს უყურებდნენ ოდნავ კმაყოფილი ღიმილით, მათ არც მთა უნდოდათ, არც სტეპი, გიომ სხვა თემაზე სცადა საუბრის გადატანა.
_ ჯერ თაფლის თვე გაქვთ, – თქვა, მისი ხმა ყრუდ და სრულიად ზედმეტად გაისმა, – წახვალთ, ჩახვალთ უკან და ეგ თვეც გავა, სად აპირებთ ცხოვრებას?
ნანას ჯერ უკმაყოფილება გამოეხატა სახეზე, შემდეგ გამოცოცხლდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ღიმილით დაიწყო მოყოლა, რომ სახლი უკვე მზად ჰქონდათ ჰესის მშენებლობაზე, პატარა, სამოთახიანი, მყუდრო, მოხერხებული, გიორგისათვის ცალკე სამუშაო ოთახით, რომლის ფანჯრებიც უზარმაზარი ჩანჩქერის პირას გადის, მუშაობა კი ისეთი საინტერესოა იქ, პირველი ტურბინის ჩადგმა უკვე დამთავრდა, ახლაც იქ უნდა იყვნენ, მაგრამ …
_ მაგრამ ხომ იცი ოჯახი, ქალი ზოგჯერ უნდა გაატარო ტრადიციულ საქორწინო მოგზაურობაში მაინც, თან წარმოგიდგენია, ისე, რომ არც დალიო, არც მოსწიო, ძნელი ყოფილა, ძმაო, ცოლი.
ნანამ წყრომით შეხედა.
_ მე არ გიშლი, შენ თვითონ თუ გინდა, ხომ ხედავ, რა გამხდარი ხარ.
_ გეხუმრები, მართლა აღარ მინდა, იცი, გიო, დალევა, არც მოწევა, აი, ახლაც ერთს მოვწევ და მორჩა, – გიორგიმ გააბოლა ისე, რომ ცოლისთვის არ შეუხედავს.
_ ერთი შეიძლება, – ხელებზე დააყრდნო ნიკაპი ნანამ.
_ ჰო, ჰო, რა მომხვდება ამისთვის, ამ ერთი პაპიროსისთვის, კუპეში, მაგრამ რას იზამ. Любовь требует жертв.
ნანამ ისევ ამოიღო ცხვირსახოცი გიორგის ჯიბიდან, ოღონდ ახლა უფრო დიდხანს ჰქონდა მის ჯიბეში ხელი, მკერდით ეყრდნობოდა ქმარს; მატარებელი კი ირხეოდა, რახრახებდა, მიდიოდა. სტეპში ქარის წისქვილი გაქრა. ახლა რუსული თეთრი ქოხები გამოჩნდნენ ზედ გზის პირას, ერთ მწკრივში ჩაწყობილი, პატარა ოთხკუთხა ფანჯრებით და ღია ცისფერი დარაბებით.
_ როგორ გვანან გაკვირვებულ თვალებს, _ ისევ უხერხულად და ზედმეტად მოისმა გიოს ხმა, მან არაყი დალია უხერხულობის გასაფანტად.
_ ჩვენ წავალთ, დავისვენებთ, – თქვა ნანამ.
ნეტავ რა ეჩქარებათ, რა უნდათ იქ მარტო მთელი დღე, ღამე, კიდე დღე, არ მოსწყინდათ? – გაიფიქრა გიომ და სთხოვა:
_ ცოტაც მოიცადეთ.
გიორგი წამოიწია და ისევ დაჯდა.
_ დალიე, გიორგი, ერთი ჭიქა.
_ არა, ხომ ხედავ არ მიშვებს.
_ დალიე, მე არ გიშლი.
_ ნანა, იცი როგორ მიკვირს, შენი ქმრისთანა ლოთი როგორ შეცვალე, ყოჩაღ.
_ მე არ შემიცვლია, თვითონ აღარ უნდა, არა?
_ ჰო.
გიორგის აშკარად სიამოვნებდა, რომ ცოლი ასე ზრუნავდა მასზე და დალევას არ უშვებდა.
_ ჩემი ქმარი ლოთი იყო? _ იკითხა ნანამ …
_ არ იცოდი? სულ ერთად ვსვამდით, _ გაიღიმა გიომ და ისევ უცხო მოეჩვენა თავისი ხმა; დალია; ნელა შეეპარა სასმელი, დაითრო. _ დალიე, ბიჭო, ამაზე კარგი რა არის, ისე გავა დრო, ვერც გაიგებ, ხვალ კი ჩავალთ, იქ ნუღარ დალევ მერე.
გიორგიმ მოიზიდა ცოლი.
`არ სწყინდებათ ასე ჯდომა~, გაიფიქრა გიომ და ისევ დალია.
_ არც არის სმა კარგი, კაცს იმდენი ფანტაზია უნდა ჰქონდეს, საკუთარი, შინაგანი, რომ უალკოჰოლოდაც გაერთოს, მერე შთამომავლობაზეც მოქმედებს.
გიო ამღვრეული თვალებით უყურებდა, ხმა სადღაც უცხო ადგილიდან ისმოდა, გიორგი სერიოზულად იჯდა.
_ მართალს ვამბობ, შენც დაანებე, ჯობია, _ გიო უფრო თვრებოდა, ახლა მისთვის სულ ერთი იყო, არაყმა გემო დაკარგა და ზედიზედ სვამდა, თვალები დაუწითლდა.
_ წავიდეთ, გიორგი, _ წამოიწია ნანა.
გიორგი წამოდგა.
_ მიდიხარ? – შეეკითხა გიო.
_ არ მტოვებს, რას იზამ.
_ დარჩი, თუ გინდა, _ წამოწითლდა ნანა.
გიორგიმ ზევიდან გადახვია ხელი, თმაზე დაადო ცხვირი, აშკარად სიამოვნებდა, რომ ცოლი არ ტოვებდა.
_ ძნელია ოჯახში თავს რომ შეყოფ, _ აკოცა ნანას.
_ კარგად იყავი, გიო, _ დაემშვიდობა ნანა. ფანჯრიდან რუსული თეთრი ქოხები გაქრნენ. სტეპი გაგრძელდა, გაბაცდა და ბინდი ჩაწვა. ქარმა ნისლში ამოსვრილი თოვლი შეაყარა ვაგონრესტორნის ფანჯარას, გიომ იდაყვი გაუსვა შუშას და დუნედ გაიცინა, მიკრული თოვლი გარეთ ყურებას უშლიდა. მატარებელი კი მიდიოდა, რახრახებდა და უკან ტოვებდა ტელეგრაფის ბოძებს.