Litclub.ge

წითელთმიანი ემილიე

 

-…“Don’t Stop Mr. Dj”-იხვეწებოდა დინამიკებიდან ვიღაც გოგოს ვნებიანი ხმა ელექტრონული მუსიკის თანხლებით. ბინაში არეულობა სუფევდა. ლუდი, ვისკი, არაყი, სიგარეტი, მოსაწევი, გოგოები და ბიჭები ყველგან ეყარნენ, თვალების აცრემლებამდე ბუღი იდგა ოთახში, ბუღი და ხმაური.
ემილიეს თვალები მიელულა, “კენტის” ღერი გრძელ და ნატიფ თითებში ნელა იწვოდა, იმ თითებში, რომლებსაც ოდესღაც “მისი” ხელები ეკავათ და ოცნებობდნენ, რომ ეს ცხოვრების ბოლომდე გაგრძელებულიყო. “ყველას აქვს ჟამი და ბოლო” – ამოტივტივდა ემილიეს ლუდით გაჟღენთილ ტვინში რომელიღაცა ქართველი მწერლის ფრაზა. “ჟამი და ბოლო” ემის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. “ნუ შეხედავ ცხოვრებას სერიოზულად, ის ხომ დროებითი მოვლენაა” – ესეც კარგად იცოდა ემილიემ და ამიტომაც აღარ ნერვიულობდა.

 

 

“სიკვდილისათვის ეს დღეც ისეთივე მშვენიერია, როგორც სხვა დანარჩენი” – გაიფიქრა ნაწყვეტი ფანჯიკიძის “რექვიემიდან”. ბოლო დროს ხშირად ფიქრობდა სიკვდილზე, არადა ჯერ 20 წლის იყო, მაგრამ უკვე მოესწრო ერთი პარტია ავადმყოფობის მკურნალობა, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად იცოდა, რომ ავადმყოფობის თავიდან შემობრუნების შემთხვევაში, (რასაც უკვე გრძნობდა), ვეღარაფერი გადაარჩენდა და როგორც ექიმმა უთხრა: “ჩაგსვამთ გემში, იმ გემს ზღვაში ღრმად შევუშვებთ და ჩავძირავთო” მაინც ეკიდა, სხვა ალბათ ისტერიკაში ჩავარდებოდა ემილიეს ადგილას, ემი კი მოკვდა სიცილით, დატოვა საავადმყოფოს ტერიტორია და პირველივე მოსახვევში სიგარეტს მოუკიდა, ერჩივნა ეცხოვრე 20 წელი და ეცხოვრა ისე, როგორც გაუხარდებოდა, ვიდრე 60 წლამდე ედარდა და ენანა თუნდაც ის, რომ ახლა სადაც იყო, იქ არ წავიდა.
-აუ შენ კიდევ ეწევი?-ეცა ხელებში დაქალი-შენ რა, მართლა გინდა სიკვდილი?
-აბა შენ რა, გგონია ვხუმრობ?-შეჰღიმილა ემილიემ.
-აუ კაი რაა... აი ასეთი რომ ხარ, მაგიტომაც დაგშორდა!
-დამასკდეს აგერ!-ზანტად წამოიწია ემი პუფიდან-ნუ მიბიძგებთ ეშმაკობისაკენ და ანგელოზი ვიქნები!-აღმართა საჩვენებელი თითი და წარმოსთქვა პათოსით-ახლა კი მე მაპატიეთ, ლუდმა შემაწუხა და მეფსია!
ტუალეტი მოსაწევის სუნად ყარდა. ემიმ კარი ჩაკეტა და ხველებით ჩაიკეცა. საშინელმა ტკივილმა წამით გასჭვალა მკერდში. რატომღაც დაორთქლილი სარკე ხელით გადაწმინდა და ორეულს გაუღიმა. “გაიღიმეთ, თქვენ კვდებით!”-გაახსენდა სათაური თავისი ნაწერისა, ხო, წერდა და არც თუ ისე ურიგოდ, ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებაც არ იყო მისთვის უცხო და არც დაბოლვის ჟამს ღამისეულ მთაწმინდაზე ლექსების კითხვა...

 

 

“ის ვერასოდეს გაიგებს ამას იზი!”-გაეპასუხა გულში დაქალის წეღანდელ წამოძახილს დაშორებაზე-“ვერასოდეს ირბენს ქუჩაში, წვიმაში ფეხშიშველი და ვერ გაგიჟდება, ვერ იცხოვრებს დღევანდელი დღით და სიკვდილს ვერ გაუღიმებს, გაიგეე?” არადა იცოდა, რომ ვერც დაქალი გაიგებდა, ემიმ ორეულის თვალებში აკიაფებული ცრემლები შენიშნა და თვალი ტელეფონისაკენ გააპარა, “ჰმ, რომ დავურეკავ რა? ვიტირებ, ვიყვირებ, ისტერიკაში ჩავვარდები და მორჩა, არაა, მეყო!”
-ნაკლები უნდა იფიქრო სიკვდილზე, თორემ მოიწყენ!-გააფრთხილა სარკე და უნიტაზზე მოკალათდა. “ნეტავ როგორ მოვკვდები? ალბათ ჯერ სუნთქვა გამიჭირდება, დავსუსტდები, ლოგინად ჩავვარდები და იმის ტრაკის არ მექნება რომ ჩემით გავტოპო ტუალეტში, მერე ლაპარაკის ძალაც აღარ მექნება, მეგობრებს მობეზრდებათ ყოველდღე ჩემი გამოშტერებული სიფათის ყურება და უფრო მოუკლებენ ჩემთან სიარულს, მერე საერთოდ აღარ მოვლენ, მუდამ თვალებში შემეჩხირება მშობლების აღელვებული და ცრემლიანი მზერა და პატარა დის გაურკვეველი გაოცება, ჰმ, რა ბედნიერი იქნება რომ ვერ მიხვდება, თუ რა ხდება...”
ემიმ იგრძნო, რომ ცოტაც და ისე იტირებდა, როგორც არასოდეს, გადაწყვიტა ისე დამთვრალიყო, სანამ უნიტაზთან ჩახუტებულს არ ჩაეძინებოდა, იქნებ აღარ გაღვიძებოდა კიდეც, გაიღვიძებს და კიდევ ერთხელ ეწყინება, როგორც მაშინ, 20 აბი წნევის დამგდები რომ გადაყლაპა ძილის წინ და დაწვა იმ იმედით, რომ აღარ ადგებოდა, მაგრამ შეცდა, სანაცვლოდ კი ორდღიანი საწოლში გდება და სასტიკი თავბრუსხვევა მიიღო. დაასკნა რომ 20 კი არა, 30 აბი უნდა დაელია და ყოველი შემთხვევისათვის 30 აბი საგულდაგულოდ გადამალა, მაგრამ რაც მთავარია, წამით არ უნანია, არც აფექტში იყო როცა სვამდა აბებს და არც ისტერიკაში, უბრალოდ გადაწყვიტა და მორჩა! “როგორცკი ვიგრძნობ, რომ სერიოზულად ცუდად ვარ, იმ დარჩენილ 30 აბს თავის ადგილს მოვუნახავ, არანაირი სურვილი არ მაქვს სივდილის სარეცელს მიჯაჭვულმა შეცოდებით სავსე სახეებს ვუყურო... არადა მაგარი რა არის იცი ემ?”- ემიმ შარვლის ღილები შეიკრა და ისევ სარკეს მიუბრუნდა –“ყველას ისევ საკუთარი თავი შეეცოდება, თორემ მე რა? მოვკვდები და ყვეეელაფერი იმაზე მაგრად მეკიდება ფეხებზე, ვიდრე ახლა მკიდია!”
ელექტრონული მუსიკის მწვანე სხივებით იყო სავსე სახლი, თავისი საყვარელი ტრეკის გაგონებაზე ემილიე ლუდის ბოთლითა და სიგარეტით დამშვენებული მაგიდაზე ახტა და ხმამაღლა დაიყვირა:
-აეე, ბანდაა! ეს ჩემი ცხოვრების ერთერთი უკანასკნელი ღამეა, ტაკ ჩტო, ვერთობით ბოლომდე, ვსვამთ ჩაფსმამდე და ყველანი ვცეკვავთ სტრიპტიზს!
სასტავმა იხუვლა. ემიმ ლუდის ბოთლი აანჯღრია და ზუსტად ორ წამში როგორც იზი იტყოდა “ლუდით წუწაობა დაიდო”. ემიმ კიდევ ერთხელ იგრძნო, როგორ გასჭვალა სასტიკმა ტკივილმა მკერდში და მერე ყველაფერი ერთმანეთში აიზილა, ლუდი, მუსიკა, სასტავი, ცეკვა...


* * *

“-ზამთარში... ზამთარში არ ვიცი როგორი ხარ… და გაზაფხულზე, არ ვიცი, როგორი ხარ სიკვდილისას და დაბადებისას, მე მხოლოდ შენი სიცოცხლე და აგონია ვიცი, შენი ზაფხული და შემოდგომა...
-ხო, მართალი ხარ...

 

 

და მგონი ვერ გაიგებ, როგორი ვარ სიკვდილისას და დაბადებისას...
-რატომ?
-იმიტომ, რომ ერთმანეთისათვის არ ვართ შექმნილნი...
ის მართალი იყო... იმიტომ რომ, ერთმანეთისათვის არავინ იქმნება, ყველა იქმნება მხოლოდ საკუთარი თავისათვის და მეტი არაფერი... უბრალოდ უნდა შეძლო და გახდე, შექმნა, შეიქმნა იმისათვის, რომ იყო ისეთი, ცოტათი მაინც ისეთი, როგორიც ეს სხვას, მეორეს, იმას, ვინც ფიქრობს, რომ ერთმანეთისათვის არ ხართ შექმნილები - უნდა...”


* * *

ისევ შემოდგომის ერთ ჩვეულებივ, ცივ, ნესტიან წვიმიან და ემილიესავით სევდიან საღამოს შეეგება. უბრალოდ წითელი თმა ჰქონდა და სიგიჟემდე უყვარდა, მერე რა, რომ მისი არავის ესმოდა ოდითგანვე და მარტოობით კვდებოდა... კვდებოდა ყოველდღე, დღეში ათასჯერ, მაგრამ რაღაც ძალა აიძულებდა, რომ გათენებისას ისევ წამომდგარიყო და შერეოდა შავ-თეთრ მასას, რომელიც კარის ზღურბლს მიღმა მდორედ მიედინებოდა, იმ მდინარესავით, ჰადესისაკენ რომ მიჰყავს გარდაცვლილთა სულები...

 

 

ვისთვის კი სად იყო ჰადესი არავინ უწყის, სამაგიეროდ თვითონ იცოდა ზუსტად, თვითონ იყო ჰადესი საკუთარი თავისათვის.
ღამე უყვარდა... იმიტომ, რომ ყველას და ყველაფერს ეძინა.

 

 

თვითონ კი მშვიდად რთავდა საყვარელ ემილიეს და ცოტა ხნით გარბოდა რეალობიდან, თვითონაც ემილიე ერქვა, თავისი საყვარელი შემსრულებლის სახელი, უყვარდა რძიანი ყავა, წითელი ფორთოხლის წვენი, ზღვა და წერა.
“წვიმს ისევ, შოკას უნდა დავურეკო…”
მოკიდა ხელი ტელეფონს და ნომერი აკრიბა.
-შოოკ, წვიმს...-ემილიემ დაორთქლილ ფანჯრის მინაზე თითების ხაზები დატოვა და სევდიანად გაიღიმა-აჰა... კაი... ერთ საათში...
ერთ საათში წითელ და სველთმიანი ემი და შოკა თავიანთ საყვარელ ადგილას ისხდნენ, სციოდათ და ლუდს სვამდნენ.
-არადა მე უბრალოდ მინდოდა ვყვარებდი ასეთი, როგორიც ვარ...-დაარღვია დუმილი ემილიემ. შოკამ არაფერი უპასუხა, ლუდი მოსვა და ემის მხარზე ჩამოადო თავი.
-ახლა დავსველდებით და დილისკენ გაყინულებს გვიპოვნიან...-ჩაეცინა მას.
-სიკვდილი ასე მარტივი რომ იყოს...
-გახსოვს?
-მახსოვს...
მაშინ გაზაფხული იყო, ასე წვიმდა იმ ღამესაც, ემი და შოკა გათენებამდე ქალაქის ქუჩებში დაბოდიალობდნენ ლუდთან ერთად, ლუდთან და სიგარეტთან, ბოლოს გაყინულები შოკოლადის სახლში შეცვივდნენ, ცხელი შოკოლადით დატკბნენ და წვიმის წვეთები დატოვეს სამახსოვროდ მაგიდაზე თმებიდან ჩამოწუწული...
-მაშინ უფრო ბედნიერები ვიყავით ვიდრე ახლა?-ცას ჰკითხა შოკამ. ემილიემ პასუხად მხრები აიჩეჩა და ღრმად ჩაისუნთქა, ისევ იგრძნო გაჭვალვა და გაეღიმა.
-შოკ, რომ მოვკვდები, რას იზამ?
-შემშურდება...
-რისი?
-იმის, რომ სუულ ფეხებზე გეკიდება ყველა და ყველაფერი, მეც, ცხოვრებაც, დალევაც, მოწევაც, წვიმაც და ღამეც...
ორივეს გაეცინათ...


* * *

ტბასთან ვარდისფერი ფლამინგოები თვლემდნენ. პატარა ემილიე წყლიდან გამოცუნცულდა და მზეს ახედა. მალე მზე ტბაში ჩავიდოდა და ნახევრადღმერთს გააცოცხლებდა.

 

 

პატარა ემილიეს უყვარდა მზის ჩასვლის ყურება, ამ დროს როგორც წესი ტომის მამაკაცები ტამტამებზე უკრავდნენ, ქალები ცეცხლის გარშემო ცეკვავდნენ და ლოცულობდნენ მზისათვის, რომ მას არ დავიწყნოდა მეორე დღეს ტბიდან ამოსვლა და დედამიწის გათბობა. ემიმ კი იცოდა, რომ მზე აუცილებლად ამოვიდოდა აფრიკის ყველაზე ლამაზი ტბიდან, იმიტომ, რომ ემი იღვიძებდა, ემიმ იცოდა, რომ როცა აღარასოდეს გაიღვიძებდა და მის ცივ სხეულს ტბის ფსკერზე ჩაძირავდნენ, მზე მაშინ აღარ ამოვიდოდა და სამუდამოდ პატარა ემილიესთან ერთად დარჩებოდა წყალში.
ამასობაში მზემ უკვე ჩატოპა ტბა კივუში. ემიმ ქვიშიდან ამოთხრილ კუს კვერცხებს მოუყარა თავი, უზარმაზარ ფოთოლში გაახვია და თვალით თავისი ქოხი მოძებნა, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ემილიემ იცოდა, რომ როცა ერთ დღეს სახეზე და ტანზე ლამაზ ნახატებს დაახატავდა ტომის ბელადი და დედა წითელ თმაზე ძალიან ბევრ ნაწნავს გაუკეთებდა, მოვიდოდა გრძელთმიანი ბიჭი, მოკიდებდა ხელს და თავის ქოხში წაიყვანდა და მერე თვითონ ეყოლებოდა პატარა ბავშვი, ალბათ ისიც წითელთმიანი... მთელს ტომში მარტო ემის ჰქონდა წითელი თმა და უხაროდა...




* * *

დღიური გადაფურცლა... დღიურების წერასაც სიყვარულის გამო დაანება თავი, უნდოდა რომ თითოეული ემოცია მისთვის გაეზიარებინა და არა რვეულის ფურცლებისათვის, თუმცა ამაოდ. უკანასკნელ ჩანაწერს თვალი გადაავლო და ცრემლები წასკდა...

 

 

“რატომ სრულდება ყველაფერი? რატომ? რატომ ხდება რომ ერთ დღეს ბედნიერებისაგან ტირი და მეორე დღეს ტკივილისაგან? რატომ?” ჰკითხა რაღაცას თუ ვიღაცას ემიმ, მერე საწერი კალამი მოიმარჯვა, სიგარეტს მოუკიდა და თავის საყვარელ ადგილას მოიკალათა, ოთახის ყველაზე შორეულ კუთხეში, იატაკზე ყავის ფინჯანთან ერთად.
“შემოდგომის ერთი ჩვეულებრივი, ცივი, ნესტიანი და ემილიესავით სევდიანი ღამეა, ვიყურები ფანჯრიდან და ქალაქის გასაოცრად ლურჯი სიცარიელე თვალებს მტკენს, სმენას ოცნების ლაბორატორიის ნაზი მელოდია იკავებს, წინ ყავაა და კიდევ ერთი თეთრად გასათენებელი ღამე...
გახსოვს ემი?
შენ ადრეც გიყვარდა მარტო ჯდომა, სადმე, კუთხეში, უცხო თვალთათვის შეუმჩნევლად, ყავის სმა და სიგარეტის მოწევა... სიგარეტი წავიდა და პირში სისხლის გემო დატოვა, სისხლის გემო და სიკვდილზე ხელახლა აკვიატებული ფიქრი...
გახსოვს ემი?
“ლოყებზე კი კვლავ მოგორავენ ცრემლები... ემი, ცრემლები ცივია, ცივი და უგემური, ცრემლებმაც დაკარგეს ემოციები, ყველაფერი იმ შენობის ვიწრო, იატაკაყრილ და კედლებჩამონგრეულ შენობაში დატოვე, სადაც სიკვდილმისჯილებს სიცოცხლეს სჩუქნიან... სადაც შენ შენი წილი სიცოცხლე იჩუქე ცოტა ხნით მაინც...”
გახსოვს ეს როდის დაწერე? მე მახსოვს, ეს იანვრის ცივი ღამე იყო... ახლა კი შემოდგომისაა და გრძნობ, რომ ის ცოტა ხანი, რომელიც სიცოცხლისათვის იჩუქე, წამზომის ციფერბლატზე ბოლო წრეს გადის და სულს გიხუთავს... მაგრამ აღარ გეშინია, მერე რა? ვინ არ მომკვდარა და ვინ არ მოკვდება? იბრძოლო? რისთვის?
სარკეში იყურები... რა ხანია არ გისაუბრიათ...

 

 

როგორ შეცვლილხარ... აპათიას გაუმეფებია თვალებში და ავადმყოფურ სითეთრეს სახეზე... სახეს ეშველება, შევღებავთ, მაგრამ თვალებს რა ვუყოთ ემი? რითი ჩავამსხვრიოთ ის შუშები, რომლებიც თვალებზეა გადაბინდული? სად გაქრა პატარა ემილიე, რომელიც უმწიკვლო და ხელშეუხებელ სიყვარულზე ოცნებობდა ხოლმე? მოკვდა? არა! დრომ მოკლა!!!
ქალაქი იმ დღესაც ლურჯად იყო ცარიელი, ვიყურებოდი სივრცეში და აბსოლიტური მარტოობა მუხლებზე მაჩოქებდა, ცრემლები კვლავ გასაოცარი ტკივილით უსხლტებოდნენ თვალებს და აუტანლად ცხელ ზოლებს ტოვებდნენ ლოყებზე...
გარშემო ძალიან ბევრნი ისხდნენ...
სვამდნენ, ეწეოდნენ, იცინოდნენ... ტუალეტში მოსაწევის სურნელი დატოვეს მანამდე ვიღაცეებმა, არაყი ძირს ესხა, სიგარეტის ფერფლთან, მწვანე სხივები ტვინის ხვეულებს ადნობდა, ღმერთო, ალბათ ყველა რა ბედნიერი იყო...
მე ოთახის კუთხეში იჯექი დიდ სარკესთან და ემის ცრემლიან თვალებს ვუყურებდი... მივხვდი, რომ ტკივილსაც ჰქონია თავისი ფერი, მწვანე ყოფილა... ნარწყევისფერი მწვანე...
გაიქეცი... გაიქეცი...

 

 

გაიქეცი...
გ ა ი ქ ე ც ი!...
აპათიაში ვარ და არაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ეს ასე აღარ იყოს... ძალა არ მაქვს, სურვილი არ მაქვს, ცხოვრება არ მაქვს, სუნთქვა აღარ მყავს...
მოდი, გთხოვ, მოდი, მოდი, მოდი, მოდი, მოდი გეხვეწები, მ ო დ ი!!!!
მუდარა უფანჯრებო ყუთის კედლებს აწყდება და ისევ ჩემთან ბრუნდება.
რა გაცინებთ??? გაჩუმდით!!! მეზიზღები ემი, გესმის? მ ძ უ ლ ხ ა რ!!! სარკე უამრავ ნაწილად იმსხვრევა რატომღაც...

 

 

შეხედე ემ, შენ სულაც არ ყოფილხარ მარტო, ნახე რამდენნი ხართ! ზუსტად იმდენნი, რამდენი ნატეხიცაა...”


* * *

-სარკევ, ჩემო სარკევ, აბა მითხარი ვინ არის ჩემზე ლამაზი და მშვენიერი ამ ქვეყანაზე?-მიაპყრო მზერა ბოროტმა დედოფალმა ლამაზად მოჩუქურთმებულ სარკეს.
-ძალიან ბევრი მთისა და ზღვის გადაღმა, ტბა კივუსთან ცხოვრობს ერთი პატარა გოგონა, წითელთმიანი ემილიე, აი ის არის შენზე ლამაზი, ჭკვიანი და მშვენიერი!-მშვიდად უპასუხა სარკემ და დაანახა პატარა ემი, რომელიც უკვე წამოზრდილიყო, ულამაზეს გრძელთმიან ბიჭთან ერთად აგროვებდა კუს კვერცხებს კივუს ნაპირთან და მხიარულად იცინოდა.
ბოროტი დედოფლის განრისხებას საზღვარი არ ჰქონდა, მყისვე მოიხმო საუკეთესო ჯარისკაცები და ემილიეს მოკვლა დაავალა.
-და ნიშნად იმისა, რომ ის მართლა მოკალით, მისი წითელი თმა მომართვით!-იყო ბოლო ფრაზა დედოფლისა. ჯარისკაცებმა უხმოდ მოიდრიკეს მუხლი მის წინაშე და დავალების შესასრულებლად მდუმარედ დატოვეს მრისხანე დედოფლის საბრძანებელი.
ემილიე უკვე გაზრდილიყო. მაშინ, როცა მარცხენა ფეხის კოჭთან მარადიული სიყვარულის სამაჯური ეხატა და თმას უამრავი ნაწნავი უმშვენებდა ტომებს შორის ომი დაიწყო. ტომის ყველა მამაკაცმა უკანასკნელი კოცონი აანთო თავის ქოხთან და ლოცვა აღავლინა. ტომის ყველა ქალი მტკიცე მზერით აცილებდა თავისი ოჯახის უფროსს, კოცონი მხოლოდ მაშინ ჩაქრებოდა ქოხის წინ, როდესაც მამაკაცი სახლს დაუბრუნდებოდა “ფარით ან ფარზე”.

 

 

ემილიემ უკანასკნელად გაუხახუნა ცხვირი ცხვირზე თავის გრძელთმიანს და მერე დიდხანს გაჰყურებდა ჰორიზონტს. მზე უკვე დიდი ხნის ჩასული იყო კივუში როდესაც ქოხში შებრუნდა და ფიჩხი გამოიტანა, კარგად ახსოვდა, რომ კოცონი არ უნდა ჩამქრალიყო.


* * *

კლუბის შესასვლელთან უზარმაზარი რიგი იდგა როდესაც მანქანა გაჩერდა. ემილიე, ქეეტ და იზი გადმოლაგდნენ მანქანიდან და რიგის დანახვაზე ამოიოხრეს.
-აუ, რა შევა ახლა აქ...
-მოიც შეჩემა რას სევდიანობ!-შეუტია ემიმ, მობილური ამოაცოცა ჯიბიდან და სადღაც გადარეკა. ორ წამში კლუბის მენეჯერი გამოვიდა და გოგოებს ანიშნა, შემოდითო, ემიმ ქეეტს ამაყად გადახედა და სიცილი აუტყდა.
-მე მაპატიეთ ქალბატონო ემილიე, ვერ ვაფასებ თქვენს შესაძლებლობებს ჯეროვნად!-წაკბინა ქეეტმა. შესვლისთანავე ეგრევე ტუალეტში შეცვივდნენ, იზი და ქეეტ კაბინკაში შეიკეტნენ და მოსაწევის შეკეთება დაიწყეს, ემილიემ თმა დაივარცხნა და დაქალებს შეუერთდა. ცოტა ხანში სამივე ბედნიერად გაღიმებულები ლუდის ბოთლებით ხელში დენსფლორზე ირწეოდნენ და მწვანე სხივებიან მუსიკაში იძირებოდნენ.
-ჰეი, ძეტკა, როგორ ხარ?-წელზე ხელის შემოხვევა იგრძნო ემილიემ. მოიხედა და თავის ერთი ყოფილი შერჩა ხელთ.
-მმმაგრად, შენ?-გადაკოცნა ემიმ.
-დალევ?
-შენ როგორ ფიქრობ?-გაუცინა ემიმ და ბარისკენ გაემართა-საყვარელო, ორი ვოდკა-რედბული.-გაუღიმა ბარმენს.
-სად დაიკარგე?-ჰკითხა ბიჭმა მას შემდეგ, რაც შეკვთა აიღეს და უახლოეს მაგიდას მიუსხდნენ-შენი შეყვარებული რას შვრება?
-შეყვარებული აღარ მყავს!-მოწრუპა ემილიემ სასმელი-ია სვაბოდნააა...-დააღიღინა ბოლოც და გაიცინა.
-ხოო? ვაა, მე კი ვფიქრობდი, რომ ყველაფერი გაცილებით სერიოზულად იყო, ისე იყავი შეყვარებული...
-ჰმ...

 

მე ახლაც ვარ სერიოზულად შეყვარებული... უბრალოდ... შენ ამას ვერ გაიგებ... მოკლედ, არ გვინდა ახლა ამაზე, წამოდი, ვიცეკვოთ!..-წამოდგა ემი და კავალერიც თან გაიყოლა. “უნდა ჩავკლა ყველაფერი ადამიანური რაც იყო ჩემში, რაც ამ სიყვარულმა გააჩინა და დააბრუნა, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით უნდა გავანადგურო... ისედაც ცოტა დრო მაქვს, მალე მოვკვდები და არ მინდა სიკვდილის წინ სიყვარულზე ტირილი... არა!” გაიფიქრა ბოლოც და მწვანე სხივებს და ბიჭის მკლავებს მინებდა.

 

გრძნობდა როგორი ხმაურით მოძრაობდა ალკოჰოლიანი და მოსაწევიანი სისხლი ძარღვებში და ყურებს სტკენდა. “მოკალი!”-სისინებდა მთელი გრძნობა და გონება –“დამარხე! გააქრე!”
-წავიდეთ შენთან!-ჩასჩურჩულა ბიჭს. მეორედ გამეორება არ დასჭირვებია, სწრაფად დაემშვიდობა დაქალებს, რომ მათ სახეებზე გამოხატული შოკისმომგვრელ შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის თავი აერიდებინა. ორ წუთში მანქანა გასაოცარი სისწრაფით მიჰქროდა ღამის მიერ დაცარიელებულ ქუჩებში, ემის გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა, გრძნობდა, რომ ცოტაც, და მოკვდებოდა, ოღონდ ემილიე არ მოკვდებოდა, მოკვდებოდა ის ადამიანი, რომელიც სიყვარულმა დაბადა და გაზარდა მასში და რომელიც საოცრად სტკენდა. “გააჩერე ემი მანქანა!”-უყვიროდა სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი-“გააჩერე, გადადი, გაიქეცი, მომეცი უფლება ვიცოცხლო, არ მომკლა, ხომ იცი, რომ იმასაც უყვარხარ, ხომ იცი, რომ ის შენშია, ხომ იცი... გეხვეწები!”
-გააჩერე!-ეცა საჭეს ემი.
-რა მოხდა?-დაამუხრუჭა მანქანა ბიჭმა და გაოცებით შეხედა ემილიეს. ემიმ სასწრაფოდ გამოაღო კარები, მანქანიდან გადახტა და ტკივილმა და ხველებამ იქვე ჩაკეცა, სისხლის გემო იგრძნო პირში და მწარედ გაეღიმა.
-წადი!-კი არ სთხოვა, უბრძანა ბიჭს.
-რა??? როგორ? Aრა...

 

 

აქ ხომ არ დაგტოვებ?
-წადი-მეთქი! მალე!!!!-ლამის იკივლა ემილიემ, ქუსლიანი ფეხსაცმელები გაიხადა და გაიქცა.
გარბოდა დიდხანს, სანამ არ იგრძნო, რომ ვეღარ სუნთქავდა, გაჩერდა და ჩაიკეცა, ხველებამ სუნთქვა შეუკრა. პირდაღმა დაწვა მიწაზე და ატირდა. არ
იცოდა სად იყო, არ იცოდა, რომელი საათი იყო, გრძნობდა მხოლოდ ალაგ-ალაგ ბალახიან, სველ და ცივ მიწას და კიდევ უფრო სველ და ცივ ცრემლებს. “ასეთ ცივ მიწას დამაყრიან და ასეთი ცივი ცრემლებით მიტირებენ!” გაუელვა თავში და უცებ სიცილი აუტყდა. იცინოდა დიდხანს, შიზოიდივით. გულაღმა გადაბრუნდა და ახლა მოღრუბლულ ცას შესცინა. “არა, ღმერთო, შენ აშკარად არ გწამს ჩემი არსებობის!”-გაიფიქრა ბოლოც და თვალები დახუჭა.


* * *

ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, თუმცა არა ემილიესათვის.

 

 

ისინი ემის საყვარელ კუს ტბასთან სეირნობდნენ. ემი პატარა ბავშვივით იყო აღტაცებული და ბატი-ბუტს აკნატუნებდა. ყოველი მეორე ნაბიჯის მერე ჩერდებოდა და ეხუტებოდა, ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან და ბედნიერებას გონებიდან.
-ზამთარში არ ვიცი როგორი ხარ… და გაზაფხულზე, არ ვიცი, როგორი ხარ სიკვდილისას და დაბადებისას, მე მხოლოდ შენი სიცოცხლე და აგონია ვიცი, შენი ზაფხული და შემოდგომა...
-ხო, მართალი ხარ... და მგონი ვერ გაიგებ, როგორი ვარ სიკვდილისას და დაბადებისას...
-რატომ?
-იმიტომ, რომ ერთმანეთისათვის არ ვართ შექმნილნი... და ახლა რა გიხარია?
-მიხარია რომ აქ ხარ, მიხარია იმიტომ, რომ დღევანდელით ვცხოვრობ, დღეს შენ აქ ხარ და ეს მავსებს, გუშინ არ იყავი და შეიძლება არც ხვალ აღარ იყო, მე კი დღევანდელ დღეს გავიხსენებ და გავიღიმებ ხოლმე!-აჟიტირებული ემი ათასმეერთედ გაჩერდა, ცხვირი მის კისერში ჩარგო და პატარა ლეკვივით დაყნოსა-მმმიყვარხარ!!!
-მეც!


* * *


ჯარისკაცებმა ბევრი მთა და ბევრი ზღვა გადაიარეს, უამრავი წყვილი რკინის ქალამანი გაცვითეს და ბოლოს როგორც იქნა მიადგნენ მარადიული მზის სამეფოს.
-ეს კოცონი რატომ ანთია ყველა სახლთან?-ჰკითხეს პირველივე შემხვედრს.
-ჩვენი კაცები საომრად არიან წასულნი.

 

 

აგერ უკვე ორას ორმოცდამეათე მზის ამოსვლაა და ჯერ არც ერთი მათგანი არ დაბრუნებულა, დიადი მზე იყოს მათი მფარველი!-უპასუხა გამვლელმა, მზეს ახედა და მუხლებზე დაიჩოქა.
ჯარისკაცებმა ერთმანეთს გადახედეს.
-იცით? ჩვენ ერთ გოგონას ვეძებთ, წითელთმიან ემილიეს...
-ემილიე როგორ არ ვიცი, ემი ყველამ იცის, იმიტომ, რომ წითელი თმა აქვს და მის ქოხთან ყოველთვის ყველაზე დიდი კოცონი ანთია, ამით მიაგნებთ!-უთხრა ბოლოც და სასწრაფოდ განშორდა ჯარისკაცებს.
ჯარისკაცებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ ემის მოსაძებნად. ემი ისევ თავის საყვარელ ადგილას იჯდა ტბასთან და კუს კვერცხებს ათამაშებდა ხელში, მის წითელ თმაში ჩამავალი მზის სხივები ანცობდნენ და თმაც ცეცხლივით ელავდა, მისმა სილამაზემ ჯარისკაცები მოაჯადოვა და ზედმეტი ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ შეძლეს.
-ჩვენ ამას ვერ მოვკლავთ, ძალა არ შეგვწევს!-დაასკვნეს ერთხმად, მაგრამ ამავდროულად დედოფლის რისხვისაც ეშინოდათ, იცოდნენ, რომ გილიოტინა არ ასცდებოდათ არც ერთს და ეს აფიქრებდათ, ბოლოს ერთი გამოეყო დანარჩენებს, გაუბედავად მიუახლოვდა ემილიეს და ყველაფერი მოუყვა.

 

 

ემიმ მშვიდად გაუღიმა, უსიტყვოდ ამოიღო უხეში ტილოსაგან შეკერილი კაბის ჯიბიდან დანის მსგავსი საგანი, ერთი ნაწნავი მოიჭრა და ჯარისკაცს მიაწოდა:
-იცოდე ჯარისკაცო, ეს მიიტანე და უთხარი, რომ მომკალით, მე კი თმას შავად შევიღებავ და აღარ ვიქნები ყველაზე ლამაზი, არ მინდა სიკვდილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის, ვინც ახლა ომშია, ჩემით ცოცხლობს...
ჯარისკაცებს წინასწარ ძალიან დაენანათ ემილიეს შავად შესაღები წითელი თმა, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდათ...
მთელი სოფელი მწარე ცრემლით ტიროდა ემილიეს წითელ თმას, რომელიც მეორე დღეს შავი იყო უკვე... ამასობაში გავიდა ზუსტად ცხრა თვე და ჯარისკაცებიც დაუბრუნდნენ ტომს, ზოგი ცოცხალი, ზოგი მკვდარი... ემილიეს გრძელთმიანი ამაყად შევიდა სოფელში და ემის დანახვაზე თავზარი დაეცა! აღარ იყო წითელთმიანი ემილიე...


* * *

ემილიემ თვალები გაახილა და მიმოიხედა. ცხოვრებაში პირველად იგრძნო ისეთი სასტიკი უმწეობა, რომ საკუთარი თავი შეეცოდა. “რატომ არ ვკვდები მაშინ, როცა ეს ძალიან მჭირდება? და რატომ მოდის სიკვდილი მაშინ, როდესაც ეს ყველაზე ძალიან არ უნდათ ადამიანებს?”
წვიმის პირველი წვეთი შუბლზე დაეცა. ცის საკონტროლო გასროლა მიზანს არ ასცდა. მეორე წვეთი კი გულზე დაკრეფილ ხელებზე.

 

 

წითელი თმა მარაოსავით იყო გაშლილი მიწაზე და ნელ-ნელა სველდებოდა. ემილიე გვერდზე გადაბრუნდა და ორივე მუხლი გულთან მიიხუტა. “გამარჯობა!”-მიესალმა დედამიწას-“როგორ ხარ? გამძიმებ ხომ? არაუშავს, მალე სამუდამოდ ჩამიხუტებ გულში, და მერე მე გავიხრწნები და ნელ-ნელა მსუბუქი გავხდები, მერე ჩემს საფლავზე ბევრი წითელი ტიტა ამოვა და ტიტებს დაჰკრეფენ უცხო ადამიანები და ძვირად გაყიდიან, იმიტომ, რომ ჩემს საფლავზე სულ იქნება ტიტები, არასეზონურ დროსაც იქნებიან ტიტები და ძვირად შეფასდებიან, იმიტომ, რომ საოცარი ტიტები იქნებიან, მარად უჭკნობები და წითლები ჩემი თმის მსგავსად!”
ემილიე ადგა, ფეხზე ჩაიცვა, ტაქსი გააჩერა და კუს ტბაზე ავიდა. სასტიკად წვიმდა და კიდევ უფრო სასტიკად ციოდა, მაგრამ ემილიეს ეკიდა, ფეხზე გაიხადა და წყალში შეტოპა. “წყალი ვარ და წყლად ვიქცევი!”-გაიფიქრა ბოლოც და ბოლო ხმაზე ატირდა...


* * *

ბოროტი დედოფალი მაინც არ ისვენებდა, რაღაც იდუმალი ხმა ჩასჩურჩულებდა, რომ ემილიე ცოცხალი იყო და ჯარისკაცებმა მოატყუეს. და აი, ერთ მშვენიერ დღეს ისევ მიადგა თავის სარკეს და ჰკითხა:
-სარკევ, ჩემო სარკევ, მითხარი ვინ არის ჩემზე ლამაზი და მშვენიერი?
რაზეც სარკემ მიუგო:
-ძალიან ბევრი მთისა და ზღვის გადაღმა ცხოვრობს ერთი გოგონა, შავთმიანი ემილიე, აი ის არის შენზე ლამაზი, ჭკვიანი და მშვენიერი!-და ანახა ემილიე, რომელიც თვალცრემლიანი იჯდა კივუს ნაპირთან, გვერდით თავისი გრძელთმიანი ეჯდა, რომელიც აშკარად რაღაცაზე ეჩხუბებოდა. დედოფალს სიბრაზისაგან მწვანე ფერმა გადაჰკრა, მან გადაწყვიტა აღარ მიენდო ეს საქმე ჯარისკაცებისათვის და თვითონ მიეხედა, მყისვე გადაიქცა ქერათმიან და ცისფერთვალება გოგონად და გზას დაადგა.
დიდხანს იარა თუ ცოტა ხანს, ბევრი ზღვა გადასცურა თუ ბევრი მთა გადაიარა, ერთი მშვენიერ და თბილ საღამოს კივუს ნაპირს მიადგა, სადაც გრძელთმიანი რაღაცაზე ჩაფიქრებული იჯდა.
-სიყვარულმა გული გატკინა?-მიმართა ალერსიანი ხმით ცისფერთვალებამ, გრძელთმიანს ესიამოვნა ესოდენი ნაზი ყურადღება და გული გადაუშალა.
-წითელთმიანი ემილიე აღარ არის, იდუმალმა ბოროტმა ძალებმა მისი ფერი შეცვალეს...
მერე დიდხანს სეირნობდნენ ცისფერთვალება და გრძელთმიანი კივუს ნაპირთან.

 

 

შავთმიანი ემილიე ხედავდა ამას და გრძნობდა, თუ როგორ უახლოვდებოდა სიკვდილი...


* * *

ემილიე უნივერსიტეტიდან გამოვიდა და დაადგა გზას იქითკენ, სადაც იცოდა, რომ აუცილებლად ნახავდა მას, მაგრამ რას იზამდა, საერთო მეგობრებს ვერ დახოცავდა...
უცნაური იყო იმ დღეს ემილიე, მიდიოდა და ძველებურ ყურადღებას აღარავინ აქცევდა. ემიმ სიგარეტს მოუკიდა და ისე განაგრძო გზა. როდესაც კარი შეაღო და შევიდა იქ, სადაც მიდიოდა. ყველამ უცხოსავით შეხედა, მხოლოდ დიდმა დათვმა დააღო გაოცებისაგან პირი.
-ე-ემი? რა უქენი თმას ემი?
ემილიეს თმა შავად შეეღება.
ისიც იქ იყო. ემილიეს მღელვარებისაგან სუნთქვა ეკვროდა და მთელი ძალით ცდილობდა უდარდელობის ნიღაბი არ ჩამოვარდნოდა სახიდან. ყავა გაიმზადა და ნაატთან ერთად დერეფანში გავიდა საჭორაოდ.
-ნაატ, იცი? მე ვკვდები...
ნაატს რაღა თქმა უნდა გაეცინა. ეგრეა, ის, რაც ძნელად დასაჯერებელია, სასაცილოა ხოლმე როგორც ყოველთვის...
თაამ დაურეკა.

 

 

დაპირდა გნახავო. “ღმერთო, რამდენი ვინმე მყავს სანახავი, რამდენს მინდა ჩავეხუტო და ვუთხრა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან მიყვარან, რამდენს მინდა ბოდიში მოვუხადო, რამდენი ჩავკოცნო, რამდენი... დრო კი ცოტაღა მაქვს... ვგრძნობ როგორ მიახლოვდება...”
ამჯერად სამნი ისხდნენ თავიანთ საყვარელ ადგილას, თაა, შოკა და ემილიე, სამივე წრუპავდნენ ლუდს და ეწეოდნენ სიგარეტს.
-დღეს ჩემი ბოლო დღეა...-ჩაილაპარაკა ემილიემ-დადგება ღამის 12 საათი და ჩემი ცხოვრებაც ჯადოსნური ეტლიდან გოგრად გადაიქცევა...
გოგოებმა არაფერი უპასუხეს, მათდაგასაოცრად, არც დარდობდნენ, არც ნერვიულობდნენ, ორივეს შესანიშნავად ესმოდათ ემილიესი და პირიქით შურდათ კიდეც, იმიტომ, რომ ემი სიყვარულით კვდებოდა და რაც მთავარია, ამაზე აღარ იდარდებდა.
-თუ ოდესმე სადმე ნახავთ იმას...-განაგრძო ემილიემ-ჩემგან გულთბილად მოიკითხეთ და ჩამიკოცნეთ, გადაეცით, რომ მე მუდამ მასთან ვიქნები, ყოველთვის, თუკი მართლაც არსებობს სადღაც სამოთხე ან ჯოჯოხეთი, იცოდეს, რომ მე სადღაც ვარ და მასთან ვარ, რომ ის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილია...

 

 

მოვიდეს საფლავზე და კოცნით გამაცოცხლოს!-სიცილით დაამატა ბოლოც და წითელი ფორთოხლის წვენი მოსვა პირდაპირ წვენის ყუთიდან. მდუმარედ დაუგდო ყური საკუთარ სუნთქვას, ფილტვებში ჰაერი ისე ხმაურობდა, თითქოს ათასი ჩანჩქერი ერთად ჩაედინებაო მდინარეში. მერე ადგა და უხმოდ დატოვა გოგოები, თაას და შოკას არც მოუხედავთ, იცოდნენ, რომ ყველაფერი დასრულდა...
ემილიე მშვიადად მიაბიჯებდა ქალაქის ხალხით სავსე ქუჩებში.

 

 

არადა რა მტკიცედ სწამდა ოდესღაც, რომ ძველ შეცდომებზე ისწავლიდა და უსიყვარულო ცივსისხლიან ცხოველად მოევლინებოდა მისი რეიკარნაცია ამ ქვეყანას. მას შემდეგ რაც ცისფერთვალება განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა და მისი სისხლით ხელახლა შეიღება თმა წითლად, დატოვა ის ადგილი, სადაც ოდესღაც ყველაზე დიდი კოცონი მისი ქოხის წინ ენთო, განრისხებულმა მზემ ნახევრადღმერთი გამოაღვიძა და მრისხანედ მოავლინა მიძინებული ვულკანი შურის საძიებლად. სოფელი ერთ ღამეში იქცა ფერფლად. სისხლით თმაშეღებილმა ემილიემ კი თავის ჯადოსნურ ტყეს მიაშურა, სწორედ იმას, სადაც ახლა მიიჩქაროდა და...
ემილიე აუჩქარებლად შევიდა თავის ოთახში, კარადა გამოაღო და შეძვრა. იქ ეგულებოდა თავისი სამყარო. აუჩარებლად გაიარა თოვლში და მიადგა იმ ხეს, რომლის ძირშიც ბავშვობიდანვე უყვარდა ჯდომა და ოცნება. მიეყუდა, ნელ-ნელა ძირს ჩასრიალდა და თოვლით დაფარულ ხეებს ააყოლა მზერა.

 

 

გრძნობდა, როგორ ითოშებოდა და როგორ კვდებოდა მასში ყველაფერი... ულურჯდებოდა ტუჩები იმ ღამესავით, ფანჯრიდან რომ უყურებდა ხოლმე, ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები ლოლუებად ეკიდებოდა ნიკაპზე, “მე ახლა ისევ გავცივდები, მაგრამ ვეღარაფერი გამათბობს ჩემი გრძელთმიანის გარდა...” ემილიე სინანულით დააცქერდა მარცხენა კოჭთან ამოსვირინგებულ ლამაზ სამაჯურს, სამუდამო ბორკილს სიყვარულისას და გვერდით ჩამომჯდარ ყინულის დედოფალს მაგრად ჩაეხუტა...


* * *

შვიდივენი ერთი მეორის მოყოლებით მოდიოდნენ და პატარა ნაფეხურებს ტოვებდნენ თოვლში, უცებ წინ მიმავალი შედგა და გაოცებით მიაჩერდა რაღაცას, დანარჩენებმა თვალი მიადევნეს მის მზერას და გაოცებისაგან პირები დააღეს. ხის ძირში წითელთმიანი არსება იწვა და არ სუნთქავდა.
-საწყალი, გაიყინა ალბათ!-სინანულით გააქნიეს თავები, სახელდახელო საკაცე გააკეთეს ნაძვების ტოტებისაგან, წითელთმიანი ემილიე დააწვინეს, მაღალ გორაკზე აიტანეს და ბროლის კუბოში ჩააწვინეს.
-ნათქვამია, რომ ვინც ამ კუბოში ჩაწვა, ყველამ იპოვნა თავისი ერთადერთი სიყვარული, რომელმაც კოცნით გაალღვო სიცივე და სიწითლე დაუბრუნა განაცრისფრებულ სილამაზეს!-თქვა ყველაზე უფროსმა ჯუჯამ-და დაე, ეს წითელთმიანი არსებაც აქ იწვეს...