Litclub.ge

თოვლი
მე მოვალ ღამით, საათის სამზე
და ჩავსაფრდები სუყველა სახლთან.
თოვლს მაშინ უფრო მეტი აქვს ფასი,
თუ დილით უკვე მოსული დაგხვდა.
ნელ-ნელა ავალ მაღლა და მაღლა
და მე ვიქნები ზედმეტად ფრთხილი,
რომ დედამიწამ არ იგრძნოს დაღლა,
რომ არ დავუფრთხო შენს ქალაქს ძილი.
რომ არ დავუფრთხო შენს ქალაქს ძილი,
რომ დედამიწამ არ იგრძნოს დაღლა,
ჩემი სისუსტით და არა ძალით
მე ქალაქს ხელში ავიყვან ახლა.
გეგეღვიძება ძალიან გვიან
და გამოაღებ ფანჯარას თრთოლით
და შენს ეზოში მოსული თოვლი
შენ გეგონება უბრალო თოვლი.
შენ გიყვარს თოვლის უმანკო ფერი,
შენ თოვლში ბავშვურ ნახატებს ეძებ,
მხედავ და შენი დაღლილი მზერა
ნაფეხურებად მაჩნდება მკერდზე.
არ შემეკითხო, რა ვარ და ვინ ვარ,
მოვალ და მნახავ ქალაქში დილით,
ირგვლივ იქნება სასტიკი ყინვა,
მე კი ვიქნები საოცრად თბილი.