Litclub.ge

იანვარი
თუმც ჯერაც ადრეა, უკვე გვიან არის,
როდის ჩათავდება ცივი იანვარი.
როდის დადგებიან დარები უქარო,
აღარ გაისმოდეს ავქარი-მუქარა.
დიუნის მიჯნებთან, ოჩო ხიმინჯებთან,
დასაბამს ბარდება დრო ამჟამინდელი.
სად მკვდარ ია-ვარდში, მრუმე იანვარში
ბუნება ისჯება მკაცრი ამინდებით.
მთაგრეხილს მიჰყვება ქშენით ელმავალი,
რის ვაი-ვაგლახით თოვლში მიმავალი
და სველ მინანქარზე ჩუმი იავნანით
მოთქვამს ნიავქარი და თვლემს იანვარი.