ღვთისგან გაჩენილს ყოველს სულიერს,
ორფეხს თუ ოთხფეხს, სუსტსა თუ ძლიერს,
მცურავს თუ ფრინველს, მღილსა მიწიერს,
ფუმფულას თუ მწერს, მძრომსა ბიწიერს,
მის_მისდა გვარად ებოძა სმენა,
ებოძა ღვთისგან მათ მათი ენა.
რომელი როგორ ხმარობს ენასა,
როგორ გვამხილებს თვისსა ლხენასა,
ან მწუხარებას, ჭირს და წყენასა,
ვაებას, ჩივილს, გულის ტკენასა,_
გამგებელია ამისი ზენა.
ვინც გვიწყალობა ჩვენ დედაენა…
ეს ვიცით მხოლოდ, რომ ღვთის ნებასა
ვინც კი გადავა,_შეჰხვდეს ვნებასა…
ვერც ვუღალატებთYჩვენ ბუნებასა,
მისსა კანონსა, განჩინებასა…
მაშ რას გვარგია იმისი წყენა,
რომელმაც მოგვცა ჩვენ დედაენა?..
მტრედი ვერ შესძლებს კატის ჩხავილსა,
ბულბული_ყროყინს, თევზი_კნავილსა,
კრავი უმანკო_მელის ხავილსა,
გვრიტი_ჭიხვინსა, ბუზი_ბღავილსა!…
ამ წესსა ვხედავთ ღვთიურსა ჩვენა,
აქ სჩანს ბუნება და დედაენა!..
მიყვარს მე ენა ჩემის მშობლისა,
რომლითაც ,,ნანას” მეტყოდა ისა,
ალერსს მაგონებს დედისას ტკბილსა,
ჩემის ტოლების მღერა_ჟღივილსა!…
ენით ვხცოცხლვარ, მით მიყვარს ლხენა,
მიყვარს სამშობლოს მე დედაენა!