ნეტა რას სტირი, ბებერო,
ვისზედ ჩაგიცვამს შავები?…
რას მოსთქვამ გულამოსკვნილი,
გაგიწეწია კავები?
_რას მეკითხები, ბატონო,
რას აქნევ ჩემსა დარდებსა?
შვილი მომიკვდა სიყმისა,
დავტირი ჩემსა შავბედსა!…
დავმარხე დედის ერთაი,
ოცდაერთი წლის ბიჭია…
რაღას ვარგივარ უმისოდ,
მოხრილი, როგორც ღიჭია?..
დავკარგე ჩემი სესია,
კარგი მეურმე, მომკალი!…
თუ გებრალები, ღვთიანო,
მოდი, ჩამქოლე, მომკალი!..
ვინღა მომხედავს ბედკრულსა,
ვინღა მომაწვდის მე ჯერსა,
ვინღა დამარჩენს უძლურსა,
გადაყრუებულ ბებერსა?..
ვეღარც ვმუშაობ, ვკანკალებ,_
ნეტა ვის შავებრალები?_
ვეღარც დავართავ ჯარასა,_
ცრემლმა ამომწვა თვალები!..
ნუ მეკითხები, ღვთიანო!
რას აქნევ ჩემსა დარდებსა?..
შვილი მომიკვდა სიყმისა,
დავტირი ჩემსა შავბედსა!..