შუა აზიის უდაბნო ზედ ტფილისის კარებამდის მოდის.
მიყვარს, განუსაზღვრელად მიყვარს ყარაიას სტეპებზე ნადირობა. ვინ იცის, ეგებ მიტომაც, რომ ამ სანახებში მარტოკა ყიალი ძლიერ სახიფათოა. ჩემს თანამონადირეებს საქმიან დღეებში ვერ მოუცლიათ. მიშლიდნენ მეგობრები: ან გზას დაჰკარგავ, ან რომელიმე ნაყაჩაღარი თათარი ჩაგისაფრდება შაშხანით ხელში და თოფის მისატაცებლად მოგკლავსო.
გასულ ხუთშაბათს ჩემი ზურგის ტოპრაკა მოვსძებნე, რამდენიმე ჟაკანის ტყვია გავურიე ვაზნებში _ გარდაბანს გავემგზავრე (ამ სახელს ხშირად ახსენებენ ქართლის ცხოვრებაში, ალბათ ამიტომაც მიყვარს ამ სანახებში ყიალი).
უთენია დავიწყე ლაშქრობა. სტეპი, ჯაგნარი, სტეპი, მდუმარება. მყარზე და ცაზე, მარჯვნითა და მარცხნით სილაღეა და თვალშეუდგამი და უსრულო სისრულე.
მიდიხარ მოტვლეპილ ტრამალზე.
არსაიდან ჩქამი. შემოგეფეთება ბურუხუნა გველი, შემოგხედავს უდაბნოს თვალებით. გზას აგიქცევს ზლაზვნით და ტაატით მიაშურებს ულეველ სივრცეს.
ბუნების პირისპირ დარჩენილს საოცარი გარინდება შემიპყრობს ხოლმე. ვფიქრობ, ვოცნებობ, ჩემს თავს ვებაასები. ადამიანი პატარავდება განუსაზღვრელობის პირისპირ. უჩინარდება სულის წუხილი, სასაცილოდ გეჩვენება წარმავალი თავმოთნეობა და გულზვიადობა. ცასა და მიწაზე განრთხმულა უჟამო ლულვა, არე-მიდამოს შეცნობა გეკარგება და ტრამალზე მოხეტიალე გზას ჰკარგავ ხშირად .
დილიდანვე მოღუშულიყო როგორც ეს უნაპირო ტრამალი, ისე შორეული სერების მკრთალი მონახაზები. თვალმილულა მთების კონუსები რუხი წამლით ნაღები მოსჩანან თვალსაწიერზე.
ეს ფერი გახლავთ აღმოსავლეთ საქართველოს ლანდშაფტის მაცნე.
რუხი კი არა, მუქი ფოლადისფერი.
ასე უქმად ვიარე სამხრობამდის, ძაღლი თან არ მყავდა.
ბუნებაში განმარტოებულს დღის სიცხადე ზმანებად მექცა. მეგონა, ჩემი სული ჩემს სხეულს განერიდა და რბილ ქვიშნარზე მოარულს სივრცის შეგნება წამერთო სრულიად.
ცხადია, ასეთ ყოფაში გულისყური იფანტება. ამიხტებოდა ჯაგებში კურდღელი და ვიდრე მხრიდან თოფს ჩამოვიღებდი, იგი უკვე მოუსავლეთში იყო.
იმ დღეს სამჯერ გამიცუდდა ნასროლი. გულწრფელობა ყველაზე მეტად ნადირობის საქმეშია საშიში.
მაინც ვაღიარებ, ერთ დაკოდილ შავ მელას შვიდიოდე კილომეტრი ვსდიე.
მე ვამტკიცებ: ყოველივე, რაც ამ გაიძვერა ცხოველის მიმართ ხალხს უმღერია და უთქვამს, ზედმიწევნით სწორია უცილოდ.
ხრამის პირად თავს წავადექი ბექობის კალთაზე წაწოლილს. სჩანდა, მზის აბაზანებს იღებდა ის ვერანა. სამწყრე საფანტი ვესროლე. ერთი გადაკოტრიალდა და კოტრიალით ჩაგორდა უფსკრულის პირამდის. მეორე ლულაში ჟაკანი მქონდა (თობის მოყვარული ავაზაკობისათვის გამოზოგილი). იმ მელიის ტყავიდან ფიტული მინდოდა გამეკეთებინა. ამიტომაც დავზოგე.
(ეს ასეა: ნადირს ან მტერს რომ დაზოგავ, სამაგიეროდ იგი არ დაგზოგავს).
ვიდრე ახალ ვაზნებს ლულებში ჩავაწყობდი, მელა გამოვარდა და მოჰკურცხლა.
ხელმოცარულს ბრაზი წამეკიდა, გამოვუდექი, ჯერ ღელე-ღელე გარბოდა. ასიოდე ნაბიჯზე წამოვეწიე, იგი ჯაგებში დამემალა. როცა ხრამიდან ამოვედი, მელა უკვე სტეპზე გარბოდა. კაცმა რომ სთქვას, ჩორთვით მიცუნცულებდა.
სეისვენა, დაცუცქდა, მომხედა.
წამოვეწიე. ისევ მოჰკურცხლა.
ისევ წამოვეწიე. კორდზე წამოსკუპდა, უსირცხვილოდ მიცქერის. თითქოს მეუბნება: გრცხვენოდეს, მონადირევ, დაკოდილსაც რომ ვერ დამეწიეო.
ასე ვირბინეთ შეღაბემადის.
ჩირგვნარი დაიწყო და ლაქაშმოდებული ჭაობის სანახი.
აქ კი საბოლოოდ დავჰკარგე იმედი: ქაცვიან კორდზე შევისვენე.
წამოდგომია მიწას მტუტისფერი ზეცის გუმბათი. ველისპირი გაშავდა, ზღაპრული ქიმერებსავით მოსჩანან ტრამალზე გაფანტული, შტოებშემხმარი, დასიცხული სტეპის საცოდავი ხეები.
ფეხმორთხმით მოვიკეცე ქვიშიან მიწაზე.
რა ცოტა სჭირია ჩვენს სულს, რომ ჩამობნელდეს უტეხი მამაკაცობის თვალღია შუადღე.
ვზივარ მდუმარე ველზე. Uუდაბნო შემომაწვა გულზე. Uდაბნო შემომცქერის აღმოსავლეთიდან გადმოხვეწილი, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან შემომყურებს ხახადაფჩენილი, პირქუში უდაბნო.
უჟამო და დაუსაბამო ხუფი ზეცისა თავზე დამემხო და ვგრძნობ, დავპატარავდი, დავილიე, მოდუნდნენ ჩემი მგლური მუხლები, მომეთენთა ზამბარასავიტ მოქნილი კუნთები, დაიშრიტა ჩემი ხანძარივით მოლაპლაპე სული.
დავკარგე იმედი, რომ სინათლე ანთია სადღაც, რომ ოდესმე გატენდება ამ ქვეყანაზე და ისევ ავიღებ თოფს ხელში და ვინადირებ ყარაიას თვალუწვდენ სტეპზე.
აღარ ვიცი, აღარ მაინტერესებს: სადა ვარ, ან რამდენი კილომეტრია გარდაბანამდის ან ტფილისამდის, რადგან უეცარი გლოვა დამატყდა თავს. უდაბნო წამომეწია, აღმოსავლეთიდან გადმოხვეწილი, უდაბნომ შემიპყრო ჩემი დათალხული სული, როგორც ბობღია ბორამ საცოდავი ქედანის ხუნდი.
არ ვწუხვარ, არ ვდარდობ, არ ვღელავ, არ ვკრთი, რადგან არსად არავის უწყის, რომ მე აქ, ქაცვიან კორდზე შემომაღამდა. რავინ იცის, რომ მე ამ სტეპზე წამაქცია უმიზეზო დარდმა, არსად არავინ აანთებს სინათლეს ჩემს მოლოდინში.
სიხარული დაილა ჩემს სულში და ხვალინდელი დღის გათენება ამაო იქნება ჩემთვის.
უდაბნომ ჩამიხუტა თავის ბნელ უბეში, უდაბნო დაეუფლა ჩემს უკვდავ სულს.
მოვიდეს თუნდაც ნაყაჩაღარი თათარი: აჰა, ჩემი დამასკის ლულიანი ზაუერისა და ზულის სისტემის თოფი, აჰა, ჩემი სული, სიკვდილის ქურაში მრავალგზის ნაწრთობი.
მას არც დასჭირდება ჩასაფრება, არც ერთი ტყვია არ დაეხარჯება. მე ჩემი თოფი შუბლზე მაქვს მიყრდნობილი, გაცხელებულ შუბლს ვიგრილებ მხოლოდ.
მოვიდეს თოფის მოყვარული თათარი ყაჩაღი, გინდაც სატანა სულეთიდან გადმოვარდნილი და წაიღოს ჩემი გაორებული სული და ჩემი ორლულიანი თოფი.
მერმე ფიქრების ნასკვი გამიწყდა, პირქვე დავემხე აგრილებულ ქვიშაზე.
მოვედ, სიკვდილო.
ტკბილო სიკვდილო.
ნელი, ნელი ხმით ღიღინებდა ვიღაც ჩემს სულში.
არ მახსოვს, ძილვფხიზლობდი თუ მეძინა. ორჯერ ზედიზედ მომესმა თოფის გრიალი ჩამოღამებულ სტეპზე. ნაზდეულად წამოვავლე თოფს ხელი, ზეწამოვიჭერი და სროლითვე გავეცი პასუხი, არც კი ვიცოდი, ვის.
კიდევ მესროლა ვიღაცამ. და ხმა მომესმა შორიახლოდან.
ქიმსეს ორდა?
გურჯი, ქართველი ვარ მეთქი, ვუპასუხე მოუსაზრებლად, თანაც გავიფიქრე: ნახმობი სიკვდილი მოსულა-მეთქი. ჩემი ბნელი სისხლი გახელდა ამ სიბნელეში, ისევ სიცოცხლე და თავდაცვა მომწყურდა, ჟაკანის ტყვიები ჩავაწყვე თოფში.
ჰეი, ვინ ხარ მანდ?
შემომესმა ქართულად.
მე ვარ, კონსტანტინე გამსახურდია.
არ მესროლო ჭო…ო…ვ, თამაზ ვარდანიძე ვარ.
მომესმა პასუხი და აჩქარებული ფეხის ხმა.
მაღალი ბოხოხიანი კაცის ლანდი სიბნელეს გამოეყო, თოფი მხარზე შეედო და ჩემსკენ მოდიოდა გაბედული ნაბიჯით.
გადავეხვიე სიბნელეში ათიოდე წლის უნახავ სიყრმის მეგობარს.
მრუმე ღამე დასწოლოდა თვალშეუვლებ ტრამალს. მოვათავეთ ჩირგვნარი, ღელე რამ მცირე გადავიარეთ, გადმოვდექით მოტვლეპილ გორმახზე. შორიდან მოსცანდა მიმობნეულ ცეცხლების კიანთი.
სოფელია თუ სადგური? მეკითხება თამაზი.
მჭიდრო ცეცხლებია… სადგური არ უნდა იყოს.
არა, სადგური ბევ-კასია, მარწმუნებს თამაზი.
შორიდან ტურების კივილი მოისმის, ცეცხლებს გავუპირდაპირეთ.
რაც უფრო ვწინაურდებით, მით უფრო გვშორდებიან ცეცხლები. ილაჯი გვიწყდება, მუხლი გვეკეცება, გზა მაინც არ ილევა. დავკარგეთ ცეცხლები თვალიდან.
რომელირაც ამომშრალი მდინარის არხში მოვექეცით, ფომფლე, ჭაობიან ნიადაგზე კოჭებამდის გვეფლება ფეხი. გვწყურია, წყალი არსად სჩანს. არც ერთ ჩვენთაგანს სანადირო მათარაში წყალი არ აღმოაჩნდა.
ეს სერი გადავიაროთ, იქ ოაზისისმაგვარი რამ არის, ვგონებ, მარწმუნებს თამაზი.
ვფრთხილობთ, მივღოღავთ, ალაგ-ალაგ ღრანტეებში მივხოხავთ. მთვარე ამოჩოჩდა სერებს გადაღმა.
საოცარი ყმუილი მოგვესმა თხემიდან.
იყუჩე, მეუბნება თამაზი.
რა არის, ნეტავი?
სულგანაბული ყურს ვუგდებთ.
ხედავ იმ კალმუხის ქუდისმაგვარ გორაკს?
ვხედავ.
მგელი ზის იმ გორაკზე.
მეუბნება თამაზ ვარდანიძე.
ყმუოდა მგელი.
არა, წკავწკავებდა, სტიროდა.
ღმერთო, როგორი დიდი მწუხარება იხატებოდა ამ მარტოხელა ტყიურის გოდებაში.
ორივენი სმენად ვიქეცით.
ისე ნაღვლიანად, ისე გულამომჯდარად, ისე საბრალოდ მოსთქვამდა მგელი თავის მარტოობას და მიუსაფრობას, რომ მე, კონსტანტინე გამსახურდია, – ფრიად გულცივი მონადირე, მხარიდან თოფს არ ჩამოვიღებდი, სათნოებით აღვსილი მივუახლოვდებოდი, თავზე ხელს გადავუსვამდი და ვეტყოდი:
რათა სტირი, შე საცოდავო, ვინ დაგიკარგავს, ვის ეძახი ამ ბნელ უდაბნოში? ძვირფასო ძმაო, მგელო?
ხომ ხედავ, _ მეუბნება თამაზ ვარდანიძე, _ მგელი რომ მგელია, იმასაც სიყვარული სწყურია. იცი, ვის ეძახის იგი? თავის საყვარელს, შორეთს გადახვეწილს ან გზაში მოკლულს, მე არ შემიძლია მაგის მოსმენა.
ჩაიბუტბუტა მოთმინებიდან გამოსულმა თამაზ ვარდანიძემ და თოფი შესწკიპა.
არ ესროლო, თუ ძმა ხარ.
არ შემიძლია, გული ისე უნდა გამოწაფო, რომ სიბრალული არ შეგეპაროს. ვისაც ქვეყანა ებრალება, ქვეყანა მას არასოდეს შეიბრალებს.
ესე თქვა, თოფმა იგრიალა, მგელმა ხმა გაჰკმინდა.
ვიარეთ ბნელ სტეპზე, ვიარეთ, ვიარეთ, როგორც იქნა აულს მივადექით.
ორღობიდან პირდაღრენილი ქოფაკები გადმოცვივდნენ.
თათარი თოფიანებს სახლში არ სეგვიშვებს.
მაშ, რა ვქნათ?
ჩაიჩი უნდა მოვსძებნოთ როგორმე.
ძაღლებს იერიში იერიშზე მოაქვთ.
არ ესროლო, თორემ თათრები ცოცხალს არ გაგიშვებენ.
მაფრთხილებს თამაზი.
ბარე ცხრა ძაღლი შემოგვესია. რამდენიმე მათგანი დაწინაურდა, ჩოჩვით ლამობენ მოპარვას.
ჩავჯექით, ვუყივით, ვემუქრებით, ვეფერებით, აქეთ-იქით ვიქნევთ თოფებს. ნიფხავ-პერანგის ამარა გადმოცვენილი თათრები მოგვეშველნენ, ძაღლები დააშოშმინეს.
მე ვეღარ ვარჩევ, თუ რას ეუბნება ამ თათრებს თამაზ ვარდანიძე.
ეს არის _ ჩაიჩი_ წარამარა მესმის.
ვიარეთ სოფელ-სოფელ. ჩამობნელებული მიწურები, მონღოლების ჟამის წვეტიან სარებით შემოვლებული, სიბინძურე და ავი ძაღლების ხროვა.
ბანებზე გადმომდგარი თათრები ჩემთვის გაუგებარ ენაზე ყვირიან, ზნეობას უქადაგებენ ძაღლებს (თუ, ვინ იცის, ეგებ კიდევაც ასწავლიან, გამვლელებს მედგრად შეუტიეთო).
სოფელს გავსცდით.
როგორ გგონია, თამაზ, სად უნდა იყოს ჩაიჩი ამ უდაბნოში?
ჩაიჩის კარებთან ვართ მიმდგარი, მაგრამ ვაი რომ ბაღლინჯოები შეგვჭამენ ამაღამ.
თამაზ ვარდანიძემ ხელი მომკიდა და მიწურის ბნელ კიბეზე ჩამიყვანა. ვრცელ მიწურში ერთადერთი ჭრაქი ბჟუტავდა.
კუთხეში ხის დაზგა იყო სამკუთხედი. დაზგაზე გოლიათური სამოვარი შიშინებდა. სამოვრის ფერხთით პერანგისამარა, ქოჩრიან თათარს ეძინა, საკუთარ მკლავებზე დამხობილს.
ჯანუმ, ჩაი ვარ! შესძახა შესვლის უმალ თამაზმა. საკინძეშეხსნილი, მკერდგადაღეღილი თათარი წამოიზლაზნა, ცალი ხელით დაზგას დაეყრდნო, ცალითაც ბანჯგვლიან მკერდზე იჩიჩქნება.
გაუგებარ სიტწვებს ბუზღუნებს.
მიწურში შესვლის უმალ ავხედ-დავხედეთ ერთიმეორეს მეგობრებმა. თამაზ ვარდანიძეს საფეთქლები შევერცხლია. თვალის უპეებთან ტყის ქათმის ნაკვალევისოდენა ნაოჭები დასევია.
გახუნებული ფრენჩი აცვია. მრავალგზის დაკერებული კავალერისტის ბრიტჩის შარვალი. მაღალ, ჯიშიან ფეხზე უწესრიგოდ მოუხვევია მდელოსფერი სახვევი გამაში. ჩაიჩის ბინძურ სადგომში რამდენიმე ნარი იყო გამართული, ნარებზე დაქანცული მონადირეები გათხლაშულიყვნენ. ზოგს თავქვეშ დაედო თოფი, ზოგსაც საყვარელივით მკერდში ჩაეხუტებინა, რომელიღაც წითური, რუმბივით გაბერილი კაცი ისე საშინლად ხვრინავდა, თითქოს ათასი ეშმაკი გვამში ჩასახლებიაო.
საოცარი გრძნობა დამეუფლება ხოლმე მიწურში ჩასვლისას.
შეხვალ ამგვარ ბნელ სოროში და ასე გგონია, წინაისტორიულ ეპოქაში გადავსახლდიო. თანამედროვე ცივილიზაცია და მისი ტექნიკა ცარიელ, ფუღურო სიტყვებად გეჩვენება და სულიერად გადადიხარ იმ ბნელ დროში, როცა ადამიანი ხუროთმოძღვრების გაკვეთილებს თხუნელისაგან ღებულობდა.
მთელი ღამე ვბორგავდი გაზინთულ, ბინძურ ნარზე, რომელიც სწორედ იმ კედელზე იყო მიკრული, რომელზედაც ფრჩხილებით უსრესიათ სტუმრებსა და მასპინძლებს აბეზარი კედლის ტილები. შორიდან ეს სურათი ლურსმულ წარწერებს მოგაგონებდათ.
თამაზ ვარდანიძემ დაწოლაზე უარი სთქვა, მწერებისაგან დაშინებულმა. ფეხმორთხმული წამოჯდა ნარზე, ჭიქა ჩაის შეექცევა, დროის მოსაკლავად მიამბობდა თამაზი თავის ცხოვრებისათვის, მეკიტხებოდა ჩემი ცხოვრების ამბებსაც.
ჯანუმ, ჩაი! დაიღრიალა თამაზმა. ძილგამკრთალი თათარი ისევ წამოდგება და ბუზღუნით მიართმევს ჩაის.
ყველაფერი კარგი, მაგრამ იმ სერზე როგორ გაჰბედე იმ სიბნელეში დაძინება, შე, ოჯახქორო, ლამის ერთმანეთი არ დავხოცეთ!
ეჰ, ჩემო თამაზ, ხომ არის ისეთი წუთიც ამ ცხოვრებაში, როცა ადამიანი მეფე სილენსავით თავათ დაეძებ სიკვდილს.
ქაჯან, მე ათი წელია სიკვდილს დავეძებ, მაგრამ ის ტიალი სწორედ მაშინ აგიქცევს პირს, როცა მის საძებრად გახვალ, _ მომითხრობს თამაზი, _ მომცდარი, ძაღლივით დავყიალობდი ამ ქვეყანაზე. სამი წელი ოსმალეთის ფრონტზე ვიბრძოლე, ერთიც გერმანიისაზე. ლემბერგის საშინელი ბრძოლები განვიცადე. პერემიშლის აღებისას ორჯერ დავიჭერი, მერმე საფრანგეთში გასაგზავნ რუსულ კორპუსში თავი მიკრეს, ვიბრძოლე მაკედონიაში, დარდანელთან.
მარსელში გაბოლშევიკებული რუსის კორპუსი აჯანყდა. ფრანგებმა, სამაგიეროდ, მაროკოში გვიკრეს თავი. მიგვაყენეს და ორ წელიწადს ქვა გვაკოდინეს ტროპიულ პაპანებაში. ჩვენს ფერხთით ჭიანჭველებივით დაღოღავდნენ მორიელები.
რამდენჯერ მიფიქრია: ვერც თათრის ტყვიამ მომკლა, ვერც გერმანიის შხამიანმა გაზებმა. ეგებ ღმერთმა ინებოს, მორიელი მომეპაროს ძილში და დამგესლოს-მეთქი, მაგრამ საქმე არა გაქვს.
საფრანგეთიდან მენშევიკებმა ჩამომიყვანეს. დენიკინის წინაარმდეგ მაბრძოლეს სოჭში. აქ დენიკინელებმა შემიპყრეს. ისევ ტყვეობა, დამცირება, წამება. დენიკინს გავექეცი, კიევში ბოლშევიკების ჯარში შევედი, ვარსავასთან პოლონელებს ვებრძოლე. ასე დამაქროლებდა ბედი, მაგრამ სიკვდილი სათოფეზე არ გამკარებია.
მე ახლა შოფერი ვარ. შარშანწინ მანგლისის გზაზე მაშინა ხაბოძე გადამივარდა, ხუთი მგზავრი დაიღუპა. მე ცოცხალი გადავრჩი.
შარშან მთლად ცხვირწინ მედგა იგი.
გამოივლის ტურა, გაეთამაშება ლუკმას და ანკესზე წამოეგება. მოვა მონადირე, ხელში სახრე უჭირავს, ცემით ამოათრევს სულს და ჩამოხსნის ნადირს.
მეც ვისწავლე ეს ხერხი, ჩამოვიდოდი ტფილისიდან, ჩინებულად ვნადირობდი, ტურების ტყავებს მთავრობას მივყიდიდი და ამ გზით ვშოულობდი დღიურ ლუკმას.
კიდევ გავარდა. სროლითვე მეპასუხნა? მაგრამ რომ არ ვიცი, ვინ მესვრის ან საიდან?! ან ასეთ შემთხვევაში ორლულიანი სანადირო თოფი რა მოსახმარია? უკანასკნელმა ტყვიამ საფეთქელთან მიწივლა.
განზრახ წავიქეცი. პირქვე დავემხე, თოფი მკერდზე მივიხუტე. ასე გატრუნული ვწევარ. გავიხედე: შორს, ლაქაშებიდან გამოძვრა თოფიანის ლანდი.
თოფი მხარზე გაუდევს. არხეინად მოიზლაზნება. უშველებელი კუდბუთქა ნაგაზი მოუძღვება. ორმოციოდე ნაბიჯზე გავარჩიე: ახმახი, როკინა კაცი, ღაწვმარალი, თავმოპარსული, თემურლენგის ჯარების ნაშიერი, ყარაიას სტეპებზე გაზრდილი. გამარჯვებული, მოზეიმე სახე ჰქონდა. ხმამარლა უქაქანებდა ქოფაკს.
მე სუნთქვა მოვიპარე. ეს კი გავიგონე, ძაღლს უბრძანა: `გეთირ.
ძაღლი მომვარდა, დამყნოსა, კუდს აქიცინებს, წკმუტუნებს.
ამ წუთში შიშმა ამიტანა: პირუტყვა ენა არ აიდგას და ჩემი საიდუმლო არ გასთქვას-მეთქი. ყაჩაღმა თოფის ჩამოღება მოასწრო. ამასობაში ელვის უსწრაფესად გავმართე თოფი და ვესროლე.
წაიქცა მუხასავით ვაჟკაცი. მეორეც მივაყოლე დაეჭვებულმა. ძაღლი მომვარდა გამგელებული. უნდა გენახა, როგორ მებრძოდა ძაღლი. თავზე წავადექი ცხედარს.
შიგ ცხვირ-პირში მოხვედროდა ჟაკანის ტყვია. საშინლად დაესახიჩრებინა იგი.
სისხლიო?
ვისაც სისხლის ეშინია, იგი ვერასოდეს ვერაფერს შეჰქმნის. არც მე მეკრზალება სისხლისა.
უნდა გითხრათ, ეს თქვენ პოეტებმა, გარყვენით ქვეყანა თქვენი პაციფისტური ბოდვით.
თქვენა ზრდით რბილკანიან თაობებს, თქვენ აბრუებთ მათ მთვარისა და მოყვასის სიყვარულით.
არ იქნა, არ მომეშვა ძაღლი.
კეთილშობილი, ჭკვიანი და ერთგული ცხოველია ძაღლი. მე მას ყველა ცსოველზე მარლა ვაყენებ. და უნდა გითხრა, მეც რაც უფრო ახლოს ვეცნობი ადამიანს, მით უფრო იზრდება ძაღლისადმი საყვარული ჩემში.
ასე მიყვარს ძაღლი, მიტომაც დავზოგე ის საცოდავი მურია.
დაღამდა. წასვლას ვაპირებ, მაგრამ ცხედარი არ მიშვებს. მარტოკა დავრჩით ამ უდაბნოში მე და ეს მკვდარი. ისევ მომაგონდა, რომ ადამიანი ვარ, რაღაც შინაგანი ძახილი მარწმუნებს, რომ ნება არ მქონდა, თუნდაც მოსისხარის, მაგრამ მაინც თანამოძმის ცხედარი ძერებისა და ფოცხვერების სათრევად დამეგდო.
მწყრის საფანტი ვესროლე ძაღლს, მსუბუქად დავკოდე, უკანა ფეხებში დაიჭრა ბედშავი.
ცხედარს არავიტარი საბუთი არ აღმოაჩნდა, მისი ვინაობის გამოსარკვევი, საშხანის რამდენიმე ტყვია ამოვართვი ჯიბიდან.
ერთადერთი მისი საბუთი ძაღლი იყო.
ამ ძაღლის საშუალებით უნდა გამომერკვია ამ კაცის სადაურობა.
წინ გავიგდე დაკოჭლებული პირუტყვი, ვიარეთ ხევ-ხევ, ველდაველ, მთა-მთა, ძაღლი, თუმცა დაჭრილი იყო, მაგრამ მაინც ვერ მივსდიე ფეხდაფეხ.
თუ მწყემსია იგი, უთუოდ ველზე ექნებოდა სადმე ქოხი.
ამ სიბნელეში სავსებიტ დამეკარგა მიმართულების შეცნობის უნარი.
ერთ სერზე შევსდექი. გავანათე. საათს დავხედე. უკვე ნაშუაღამევის პირველი საათი გამხდარა.
არსაიდან არ ისმის არც ადამიანის, არც ცხოველის, არც მწერის ჟრიამული.
საშინელმა ძრწოლამ შემიპყრო. თოფი აწკიპული მიჭირავს, მიუხედავად ამისა, შიშის ელდამ შემიპყრო და ამ უხმო, უგზო სტეპზე მიმავალს შემეშინდა ისე, როგორც არასდროს დავაჟკაცების დღიდან.
ერთბაშად რაღაც ღრიალით მომვარდა ფეხებში. სატევარს მივყავი ხელი და მკერდგანგმირული ძაღლი დაეცა ჩემს ფერხთით და საბრალოდ ახრიალდა.
ასანტს მოვუკიდე, იგი თურმე სტეპში გაკეთებულ მიწურის შესავალთან ჩამსაფრებოდა.
ამ ხმაურობაზე მიწურის კარი გაიღო და ასანთის შუქზე მაღალი ქალის ლანდი შევნიშნე გამოღებული კარის ჩარჩოებში მდგარი.
ქიმსეს ორდა? შემომძახა შემკრთალი ხმით.
მე არ ვუცადე შეპატიჟებას, ქალის დანახვამ მხნეობა შემმატა. მიწუში შევედი ჯიქურად.
მხრჩოლავი ჭრაქის შუქზე გარკვევით ავხედ-დავხედეთ ერთმანეთს, მდუმარედ.
რამდენადაც საზიზღარია დაშინებული მამაკაცი, იმდენად მშვენიერია შემკრთალი ქალი.
მას ისედაც ფერმკრთალი სახე ჰქონდა. ჩადრნატარები მუსლიმანი ქალების სინაზე გადაჰკვროდა სახეზე.
პირველი ჩემი კითხვა ასეთი იყო:
თქვენია ეს ძარლი?
დიახ ჩემია!
რატომ მომიკალით ძაღლი?~ მეუბნება მრისხანედ, ბრაზისაგან ხმა გაბზაროდა, თვალებში ელვა ჩასჭროდა.
უხეში ჯვალოს ტანისამოსიც ვეღარ ჰფარავდა მისი ტანის კენარობას და დიდებულებას, თავშალის უბეებიდან გრუზი გიშრის ზილფები გადმოსკდომოდა სწორედ აყვანილ, გამართულ მხრებზე უდაბნოს გველებივით წამოსეული.
ნეტავ, რა არის ეს ქალი იმ ბედკრული კაცისა, რომლს ცსედარს, ვინ იცის , ეგებ ამ წამში ფოცხვერები თვალებს უჯიჯგნიან? _ გამიელვა თავში და ქვეშეცნეულად თავათვე დავრწმუნდი, რომ იგი მისი ცოლი უნდა ყოფილიყო.
მეც მორიდებულად, დამნაშავესავით, თავმოდრეკილად ვიდექი ამ ქალის წინაშე. ღონე მოვიკრიფე და ეს სიტყვები შევაპარე ანაზდეულად:
ქალო, სად არის შენი ქმარი ამდენ ხანს?..
ჩემი ქმარი ?.. ამბობდა იგი ათრთოლებული ხმით (თითქოს უკვე იცოდა, რომ ის უკვე აღარ იყო ამქვეყნად), _ ჩემი ქმარი იმ ძაღლთან ერთად იყო დილიდანვე წასული და… ქალს სიტყვა პირზე შეახმა.
მდუმარედ ვადექი თავზე. ვხედავდი, თუ როგორ უტოკავდა მხრები.
და ამ წუთში ვიგრძენი, რომ მე ხელებზე სისხლი მეცხო, ადამიანის სისხლი. უაღრესმა სინანულმა შეპიყრო, მზად ვიყავი, ფერხთით დავვარდნოდი ამ ქალს, მეღიარებინა ჩემი უნებლიე დანაშაული და უსიტყვოდ დავმორჩილებოდი უდიდეს სასჯელს. ვიდექი, ვყოყმანობდი, პირი მაგრა მქონდა მოკუმული. ასე მეგონა, ყოველ წუთში შეეძლოთ ამ ქოხში შევესწარით თათრებს და სისხლი აეღოთ.
ისე ველად გავსულიყავი, გაშლილ მიდამოზე? უფრო ძნელი იქნებოდა თავდაცვა.
მივვარდი კარს, მძიმე ურდულით ჩავკეტე. ცავკეტე კარი და ამ საქციელმა გარდატეხა გამოიწვია ჩემს სულიერ განწყობილებაში. ახლა გადავწყვიტე, თუ მეზობლები თავს დამესმოდნენ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდის მებრძოლა. ეს მიწური შეუვალ ციხედ მექცია.
მივბრუნდი ისევ იმ ქალთან სრულიად დარწმუნებული, რომ ამიერიდან მე ვიყავი მისი ბატონი და ქმარი.
და ამ ჩემს აფორიაქებულ შეგნებაში ყველა ზრახვაზე უფრო საცნაური დახდა: ნდომა ამ ქალისადმი.
ისევ თავს წამოვადექი მდუმარედ მჯდარს.
თითქოს ჩემი გულისნადები უსიტყვოდ შეიცნოვო, გახელებული წამოვარდა ქალი, გახევებული წინ დამიდგა. მკერდზე ხელი მკრა და შემატორტმანა.
რა გინდა ჩემგან, გიაურო? მესროლა გაცოფებული სიტყვები.
ამასობაში თავშალი გადაძვრა, თავი ამაყად გამართა, ძლიერ მრისხანედ, მაგრამ კოკეტურად შეარხია სხეული და კარისაკენ გაემართა.
დახარბებული შევცქეროდი მის ამაყ სვლას, მაგრამ ურდულს წაეპოტინა, ერთის ნახტომით წამოვეწიე, რბილსა და ნაკვთიან მკლავებზე ხელი წავავლე უკანიდან. ტანზე ელექტრონის დენივით შემომედო მისი სხეულის სიტფო და სილბო.
შემოვაბრუნე, ძლიერ მჭიდროდ მივიკარი მკერდზე გათქვირული გულ-მკერდი და შემომენთო მისი გომიჯივით მკვრივი ძუძუ-მკერდის ცხუნვარება. თავი განზე გადააგდო, თავშალი ძირს დაუვარდა. თავშალი ავიღე და მივართვი ისე, როგორც გალანტურ კავალრებს ის სჩვევიათ. შეინძრა, გაიბრძოლა, ხელიდან გასხლტომა სცადა, მაგრამ რა დრწმუნდა, რომ ვერარ წამივიდოდა, მთელი სხეული მოეთენთა. კოკეტურად თვალმინაბულს და კისერმოღერებულს სასოწარკვეთილი სიმკრტალის იერი გადაჰკვროდა სახეზე. თვალები დახუჭული ჰქონდა და თვით ჭრაქის სინათლეზე მე ვამჩნევდი ნაზსა და ცისფერ ძარღვებს თვალების გუგებზე.
და ამ ცისფერი ძარღვების დანახვა ქალის სახეზე მე გონებას მაკარგვინებს.
და ვთქვი იმ წუთში:
ეს ქალი თუ ჩემი არ იქნა, ამაღამ უთუოდ მოვკვდები-მეთქი და გადავწყვიტე ყოველგვარი ხერხი მეხმარა ჩემი უშრეტი წყურვილის მოსაკლავად.
ხვლიკისფერი, დიდრონი, მშვლის თვალები გაახილა, შემომხედა. როგორც ორი რამის პეპელა, ფარფალებდნენ მისი გრძელწამწამებიანი თვალები. სწორედ ასეთ თვალებზე უთქვამს ბრძენს, `მშვილდოსნობა აბხაზთაგან უსწავლიათო.
მკლავებზე ხელი შევუშვი, ცალი მკლავი წელზე მოვხვიე, ცალიც შეხსნილ საკინძეში ჩავუყავი და ძუძუზე შევავლე. ისე მილულა დიაცმა თვალები, თითქოს ნეტარების ელდამ შეიპყროვო და მომენდო.
კიდევ შევავლე თვალი ცისფერ ძარღვებს თვალის გუგისას, აუწერელი ბედნიერების თრთოლვამ ამიტანა, სწორედ ამ დროს კალმახივით გამისხლტა ხელიდან და მიწურის ბნელ კუთხეში გაუჩინარდა.
გამოვუდექი ჩემს ნაალაფარს. ვიდრე მე კუთხემდე მივიდოდი, იგი დაზვინულ შინაურ ხიბაკს გადაახტა და უკვე მეოაააარე კუთხესი იყო. მივაღწიე იმ კუთხემდის, იგი შუაცეცხლთან გაჩნდა და ჭრაქი ჩააქრო.
დავრჩით მთლად დაბნელებულ მიწურში.
ფეხის ხმაზე, ტანისამოსის შრიალზე ვიკვლევდი გზას, მიწურში უამრავი ჭურჭელი და სკივრები ეწყო, იგი გარეულ კატასავით დარბიოდა, მე ძლივს დავბობღავდი.
დავიჭერ, მგონია, ხელში მყავს, მოვეალერსები, მომენდობა, ვკოცნი, ვეალერსები, ისევ იდროვებს, ისევ გამექცევა, ისევ მივარდება დაგმანულ კარებს. ის-ის იყო ურდულის გამოძრობას აპირებდა, მივუსწარი, ბავშვივით ავიტაცე ხელში და ნარზე დავაწვინე. ერთბაშად კუთხიდან ბავშვის ტირილი შემოგვესმა.
ხელი გამიშვი, ხომ ხედავ, პატარა სტირის, – მეუბნება თათრულად, – გეფიცები ალაჰს, მე ისევ მოვალ. ეს მითხრა და ყვრიმალში ვაკოცე. კოცნითვე მიპასუხა.
მივიდა კუთხეში. ძუძუ ჩაუდვა მტირალს ბალღს პირში, დააშოშმინა.
ამ სამარისებურ სიჩუმეში ვიწექი. ვფიქრობდი: თუ რა საოცარ ამბავს გადავეკიდე, ჩემივე გულის სიღრმეში ჩავიხედე. ვხედავდი მე არარ მქონდა არავითარი ძალა, რომ ამ ქალს მოვშორებოდი, ვიდრე იგი ჩემი არ გახდებოდა.
და ახლა წასვა, მას შემდეგ, რაც ბრძოლა ჩემს სასარგებლოდ გათავდა, მას შემდეგ, რაც ნებსითი კოცნა მივიღე ამ საოცარი, ჯიუტი ქალის ბაგიდან და ახლა სამარცხვინო გაქცევა?!
ამ ფიქრებში გართულს კარებიდან ხმაურობა მომესმა. შევკრთი, წამოვარდი. იგი ისევ ურდულს ებღაუჭებოდა. ისევ ავიტატე.
დიდხანს ვიბრძოლეთ კიდევ. საკომურიდან შემოსულმა სინათლემ მიწური გაანათა.
მთლად შემოგლეჯოდა ტანისამოსი. მკლავები დალურჯებული ჰქონდა, ხელების წანავლები.
იწვა ჩემს მკლავზე, დიდრონ, შავწანწამებიან, ხვლიკისფერ თვალებით მათვალიერებდა, იგი უკვე აღარ მწყევლიდა, ძუძუ-მკერდზე ხელს რომ შევავლებდი,ნაზად ნაბავდა თვალებს და მე ვხედავდი ისევ საყვარელ ცისფერ ძარღვებს ქალის თვალების გუგებზე.
გახელებული ვკოცნიდი ლოყაზე, თვალებში, ძუძუ-მკერდზე, მაგრამ ტუჩები არ მაკოცნინა. რამდენჯერაც ვაკოცე, სახელოთი მოიწმინდა. ბავშვსავიტ მოვუხიჩინე იღლიაში და მაშინ გაიცინა. გაიცინა და არნახულმა ელვარებამ შემომანათა მისი სადაფივით თეთრი, მწყობრი კბილების რიალში.
ცა გამეხსნა სიხარულისაგან. მან თავზე გადამისვა ხელი და მკერდზე მიმიხუტა ცალ ხელით, ცალითაც ათასგზის დაფხრეწილი ხალათიდან ძუძუ ამოიღო, თვალის დახამხამებაზე პირში ჩამიდო და მე ვიგრძენი, პირის უბა ამევსო… ქალის რძით…
ხელი შევუშვი ამ მაცდურ სატანას, ნაიდან წამოვვარდი, იქვე მდგარ კოკას მივსწვდი, პირი გამოვირეცხე. არც კი მომიხედავს ქალისათვის, ისე წავავლე ჩემს თოფს ხელი და გავსწიე ჩქარის ნაბიჯით მოტვლეპილ ველზე.
ვხედავ კავკასიონის ამეთვისტოს გვირგვინს, მიტკალის ჩადრით ოდნავ შებურვილს, მახლობელი მთების მწვერვალებს, იასპისფრად მოსევადებულს, ჯანდარის ტბიდან ყიავ-ყიავით დგება გარეული ბატების ქარავანი და დაკლაკნილ მრავალწერტილებით ხაზავენ კალასფერ ცარგვალს.
მივდივარ, მივიჩქარი, არ ვიცი საითკენ. ჩემს თავში ირევა წინაღამინდელი თავგადასავალი, შუბლგანგმირული კაცის გასისხლიანებული სახე, კოშმარული ღამის სიცხადე და ზმანება, მაგრამ ყველაფერზე უფრო გულისამრევი იუო ჩემს შეგნებაში: ჩადროსანთა შორის ულამაზესი ქალის რძე!..