სამოთხის ვაშლის ფერებით,
წკრიალ-წკრიალა ბგერებით,
ჭრელკაბიანი პეპლებით
სავსეა ფიქრის ეტლები.
მოჭიქულ-მოხატულია
ჩემი ოცნების ცა-კიდე,
ზევით ვარსკვლავებს რომ ხედავ,
სულ ჩემი ხელით დავკიდე.
ზღვაზე გაბადულ ჰამაკში
ნებივრობს მზე-მოგონება.
ცის ზემოთ სიმაღლეებში
რა სევდა, რის დაღონება...
აბრეშუმსა და ატლასში
გამოწყობილან ფრთოსნები,
შემოჯარულან ტოტებზე
მერცხლები, ვით ჩოხოსნები.
ირთვება თვით გაზაფხული
მზეთუნახავი ნატვრებით,
ამ უცისფერეს შარაზე
მე შენსკენ მოვემგზავრები.