სწორედ მაშინ მიაწყდებიან
მეხსიერების დაგმანულ ფანჯრებს,
როცა ცდილობენ გაიხსენონ
ჯერ არნანახი ფერმკრთალი სახის სილუეტი -
მომავლის ფრანი.
ვცხოვრობთ ზურგებით მიყდნობილნი -
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზურგშექცევით
ერთმანეთისგან,
საკუთარი თავისგან და
ღმერთისაგან-
რომელიც სხეულებს შორის
ღრიჭოდ დარჩენილ სივრცეში ეტევა და
ამოტომაც, გვიწევს ვისუნთქოთ მოკრძალებით
უმეტესად( ან უფრო მეტად ხანგამოშვებით).
ჩვენ ზუსტად ვიცით რას იტყვიან ჩვენზე,
როდესაც ვდგებით შუა წარმოდგენის დროს და
სცენის გავლით ვტოვებთ სუნთქვაშეკრულ დარბაზს,
თავიანთ არშიაშემოვლებულ განცდებთან ერთად.
ისინი ჩვენს ზურგებზე კითხულობენ
ჩვენივე ხელით დაკიდებულ ტრაფარეტებს და უხარიათ.
მაგრამ ეს ხომ არაფერია...
ისიც არ არის არაფერი,
ტროტუარზე ჩამომსხდარი წვიმის ძაღლებივით
რომ არ ვულოკავთ ერთმანეთს სახეებს და
ამის სანაცვლოდ ფართოდ გახელილ თვალებში ვიფურთხებით მელანს
(ეს ფურთხი რომ შემთხვევით მოხვდეროდა,
შემთხვევით გამვლელ ახალგაზრდა პოეტს,
ათრთოებული ტუჩებით იტყოდა, რომ ეს არის ბედისწერა).
იმ იშვიათ დროს ,
როცა ვიცლით პირისპირ დავსხდეთ,
აღარ ვსაუბრობთ,
უბრალოდ, ვხედავთ და გვჩვენება,
რომ თვალები არის ორი დიდი, ცისფერი ეკრანი,
სადაც ვუყურებთ საკუთარ თავებს ნაწყვეტივით
უხმო ფილმიდან, ყოველგვარი ტიტრის გარეშე.
ვხედავთ წელზე თოკებით გადაბმულ ადამიანებს,
როლებიც მიაბიჯებენ მთის ციცაბო კალთაზე
ვერდიქტგამოტანილი კატორღელებივით.
რაღა დროსია, მეგობრებო?! კარგა ხანია,
სულ მთლიანად გაიყიდა და შეისვა ის ბლანტი სითხე,
რომელსაც ერთად წააწერეს: ”შეიძინეთ უებარი სიკეთე”.
ეხლა კი მუცელს იტკიებენ
და სალოკ თითს ჩვენკენ იშვერენ.