Litclub.ge

ილუმინატორი
ისე მოხდა, 
რომ უნებურად გამექცა თვალი
საათისკენ საიდანაც მოჩანდა დრო-
ნახევრადსველი, შიშველი ჰორიზონტი.
ვერტიკალზე გაჭიმული ისრები კი,
იზმორებოდნენ უძილობისგან და
უჩვენებდნენ გამთენიის ექვსს.
მე შემეშინდა გახსნილი ფანჯრის,
რომელიც ოთახში გარედან უშვებდა
მონაცრისფრო, მიმქრალ შუქს.
და ჩამოდგა დილა სხვენში.
მე ისევ მეშინოდა. ვცახცახებდი და
ვეკროდი პარალელოგრამის ფორმის კედელს,
რომელზეც დიდი ხნის წინათ
წყლის საღებავით მიხატული სარკმელი ვიღაცას
წრიულად გაეჭრა და ხის ჩარჩოებით შეემოსა იგი.
ვიფიქრე,
რომ ეს იყო- შტორმში მოყოლილი იახტის ამბავი,
წინა ღამით ექვს კრონად დაქირავებული 
იაფფასიანი სიზმარი ტიტიკაკას ტბის ნაპირებზე,
სადაც მორიგებოთ ვისროდით ბადეს
იმ იმედით, რომ მე დავიჭერდი მზეს,
შენ - მზის ღმერთს.
და მივხვდი,რომ ყველა ამბავი ჰგავს ერთმანეთს ,
რადგან მათ ისიზმრებენ ერთნაირი ადამიანები,
ერთნაირად ეშინიათ აჩრდილების და
მერე, ერთნაირად ჰყვებიან მათ.
მე ახლა გაღვიძებ და გეუბნები:
”უნდა დავიძინოთ, 
პოლარულმა ღამეებმა აუშვეს ღუზა.”