ჩვენ აღარ ვდარობთ,
ან უბრალოდ არ გვედარდება
როცა ვიხსენებთ დავიწყებულს.
მაშინაც როცა თითები და ჩვენი მაჯები,
ფერდაკარგული ლურჯი ძარღვებით
ჯიბის ფსკერზე სკაუტობის ჟამს ეხებიან,
ან ჰაერში ეკიდებიან , ირწევიან ,
აქანებენ ერთიმეორეს.
ქვემოთ კი გდია პირღია და მაშვრალი მიწა ,
რომ წვეთი ოფლი სიყვარულის
ჩამოვარდეს ჩახვეულ თითებს.
ციკლიდან :" ნაადრევად გახსნილი წერილები"
ეხლა ის დროა ანუ, დროა
ავდგე და გავხსნა მე საკუთარი თავი
როგორც ძველი წერილი,
P.S.- წარწერა შინაარსით ქვედა კუთხეში:
”იქნას წაკითხულ იგრიკას თვის
პირველ სამშაბათს”, მაგრამ
რომ ხდება ნებისყოფა გვღალატობს როცა…
და როცა, როცა...
და როდესაც ხდება ბევრი რამ.
ხდება ისე, რომ ხშირად გვიწევს
გამოვიყენოთ საუბრისას
ვითარების გარემოება, სწორედ,
იმავე ვითარების ასახსნელად,
რომელსაც ვნანობთ ან... ან, უბრალოდ,
ვყვებით და ვამბობთ:
როგორ გამოგვაქვს მოძრავი კიბე სავსემზეობას,
ვიდებთ როგორღაც უიარო ხელისგულებზე
და რომ ავდივართ, ხელში სავსე წყლიანი ჭიქით,
ზემოდან ქვემოთ ან, პირიქით, ანდა, პირიქით.
მი-მო-მაქვს შუბლთან გაშლილი ხელი ჰორიზონტალზე,
ვიჩრდილავ სახეს და ხელს ვუქნევ მე თვითმფრინავებს
ფრთებში გაჩრილ თეთრი ფანქრებით,
რომლებიც ცაზე ახატავენ იმავე ფერად
(თეთრ) გროვა ღრუბლებს.
გვიშენენ მერე წვიმის ნაცვლად ნაწვიმარ ტყვიებს.
ჩვენ კი, არ ვკვდებით, ვსველდებით და
კვლავ და კვლავ, ასე
მი-მო-ვდივართ ქოლგებით ხელში.
ჰოდა, წერილი ნაადრევად წაკითხული
ინაცვლებს ადგილს მინის კონვერტში:
წერილი ბოთლით ან, მარტივად,
წერილი ბოთლში.
ცისფერ ეკრანზე
მზე ისე შავია...
ბუშტები კი ისე ჭრელი, ისე ფერადი და
ისე მაღლა...
ჩვენ სახეებზე, გამჭვირვალე ორი წყვილი,
ოთხი ეკრანი-
ვერ აკონტრასტებს ფერებს ძაძით შემოსილ ცასთან.
და-ჰ-არქივებული ლექსი
აეროსტატით - მიწიდან მაღლა,
ორნი, უბრალო მგზავრი და მძღოლი.
დამიშნულების ადგილიც არ გვაქვს,
მე ოცისა ვარ, ის - ოცდაორის.
ახლა ეს ყოფა მაფორიაქებს
(გული მაჯებზე გარედან ფეთქავს),
რომ ვეღარ ვიყოფთ ცის პირზე ჰაერს
როგორც, წყალს დამშრალ მდინარის დელტა.
საწოლის კიდე
ახლახანს მივხვდი, თურმე ვბერდები.
ჰოდა, რაც უფრო...
მით უფრო მეტად ვეტანები:
ჩაის ძილის წინ,
მატყლის წინდებს,
კალამს და ფურცელს.
შენც წაგეტანე ერთი-ორჯერ,
ფიქრში გადმოგწვდი...
და ამ მოცლის ჟამს ვაღიარებ,
მართალი იყო ბებიაჩემი თავის დროზე,
როცა ამბობდა...
აი, იმას, რასაც ამბობდა...