წუხელის მთვარემ, ზეცის წარმართმა,
ვარსკვლავნი კრწანისს ჩამოათოვა,
შავმა დრომ წმინდა დროშა წაგვართვა,
ყველამ გაგვწირა და მიგვატოვა.
ისმის გუთნური, ისმის მწყემსური,
მაინც ვცოცხლობთ და ვფიქრობთ სხვა ომზე,
შუბლდალეწილი მოვდეგ ხევსური,
არაგველების სასაფლაოზე.
ეს დღე სხვა დღეებს სრულებით არ გავს,
ქარნი ყაყაჩოს ფურცლებს აცლიან,
კრწანისი წითელ ნაჭრელას ქარგავს
და სისხლისფერი ჩოხა აცვია.
მთის არწივს ყანწით მოაქვს არაყი,
შესანდობარი უნდა დავლიოთ,
ფეხზე წამოდგა მთელი ქალაქი
და ცრემლიანი ხვდება ალიონს.
ნამიან ველებს კვლავ ადგას ნისლი,
ზეცა ტირის და მიწაა სველი,
მტკივა კრწანისზე შემხმარი სისხლი,
ვით სააკაძეს მარაბდის ველი.
... და მაინც, მაინც ისმის მწყემსური,
ისმის ჩაკრულო გულგახელებით,
შუბლდალეწილი მოველ ხევსური,
რომ დავიტირო არაგველები.